რამდენიმე დღის წინ ემინემმა სიფხიზლის მე-16 წელი აღნიშნა. რეპერი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას დიდი ხანი ებრძოდა და უკვე 16 წელი გავიდა, რაც ფხიზელია. ეს ამბავი მომღერალმა ფანებს ინსტაგრამის მეშვეობით შეატყობინა და მონეტის ფოტო გააზიარა, რომელიც ამ მიღწევის აღსანიშნად გადასცეს.
2007 წელს ემინემი ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა. როგორც მომღერალი იხსენებს, სწორედ ეს მომენტი იყო მისთვის გამოღვიძების ზარი, რომლის შემდეგაც დამოკიდებულებასთან ბრძოლა აქტიურად დაიწყო.
"მახსოვს ის შეგრძნება, რომელიც გამოფხიზლებისას პირველად დამეუფლა. მახსოვს, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და ყველაფერი ჩემთვის ისევ ახალი იყო", — განაცხადა ემინემმა 2022 წლის ინტერვიუში.
მომღერლის თქმით, შვილების დამსახურებაა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ფხიზელია. მომღერალმა ისიც დასძინა, რომ ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლაში ინტენსიურად ვარჯიშიც დაეხმარა.
"როცა რეაბილიტაციის პერიოდი დასრულდა, წონაში დაკლება მჭირდებოდა. თუმცა იმის გარკვევაც მჭირდებოდა, როგორ უნდა მეცხოვრა ფხიზელს. ახლა უკვე ადვილი გასაგებია, თუ როგორ ანაცვლებენ ადამიანები დამოკიდებულებებს ვარჯიშით. ერთი დამოკიდებულება მეორით იცვლება, მაგრამ ეს ადამიანებისთვის მართლაც კარგია", — დასძინა მომღერალმა.
ემინემს ფანებმა 16-წლიანი სიფხიზლე მიულოცეს და ინსტაგრამის ფოტოს კომენტარებში აღნიშნეს, რომ ეს მართლაც საამაყო ამბავია.