მცირე ბიზნესი და სახელმწიფო

მცირე ბიზნესი და სახელმწიფო

„საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება მოქმედი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - აცხადებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობა ამ მიზნით უახლოეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს და კოოპერატივების სააგენტოს შემდეგ მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შეექმნას აპირებს.

ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად შექმნილი სპეციალური სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში 150 მილიონ ლარს დახარჯავს.

სამთავრობო პროგრამის ამოქმედებამდე მცირე მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს. „ბიზნესი სტარტისთვის“,- ასე ერქვა სათემო განვითარების ცენტრის, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრისა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა ათობით ოჯახმა წამოიწყო.

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში მცხოვრები თამარ ყალაბეგაშვილი ერთ-ერთია იმ მცირე მეწარმეთაგან, ვინც საქმიანობა 3000-ლარიანი გრანტით წამოიწყო.

მან საკუთარი სახლის ეზოში „ეთნოგრაფიული ეზო - ქიზიყი“ ზაფხულზე მოაწყო, მას შემდეგ სტუმრებს ალაზნის ველის გამორჩეული ხედის ფონზე ქართულ ტრადიციებს აცნობს და ადგილობრივი პროდუქტით - კახური ღვინით, პურით, მწვადითა და არაყით უმასპინძლდება.

„პირველი სტუმარი მაისში გვყავდა - ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჯერ კიდევ არ გვქონდა ეზოს მოწყობა დასრულებული. დღემდე ვმეგობრობთ და მადლობის ნიშნად საჩუქრებს გვიგზავნიან. სტუმრებს ერთგვარ „სოფლის ფესტივალებს“ ვუწყობთ და კმაყოფილები მიდიან ჩვენგან. ტურისტულ სააგენტოსთან ვთანამშრომლობ. უცხოელის გარდა ადგილობრივი ორგანიზაციებიც დაგვიკავშირდნენ და სამინისრტროებიც გვიკვეთავენ სადილებს. ყველაფერი გვაქვს ჩვენი, ადგილობრივი წარმოების. სამომავლოდ მეურნეობის გაფართოებას ვაპირებთ“, - გვიყვება თამარ ყალაბეგაშვილი.

ნუკრიანელი მცირე მეწარმე for.ge-სთან ყვება, რომ გრანტის სახით აღებული 3 ათასი ლარით ეზოს კეთილმოსაწყობად სამშენებლო მასალა შეიძინა. მოგვიანებით კი დაწყებული საქმის განსავითარებლად ბანკიდან სესხის აღებაც შეძლო. რამდენიმე თვეში უკვე ჰქონდა ორი სერიოზული შეკვეთა - „სპუტნიკი 2-ის“ 50 წლის იუბილისთვის პერმიდან ჩამოსული სტუმრებისთვის 50-კაციანი სუფრა გამართეს, შემდეგ კი გერმანიიდან ჩამოსული სიმფონიური ორკესტრი 70-კაციანი შემადგენლობით ეწვია.

„გაზაფხულზე დიდი ბიზნესკრედიტის აღებას და საოჯახო სასტუმროს აშენებას ვგეგმავ. ტურისტები ხშირად სურვილს გამოთქვამენ, ღამეც აქ გაათიონ და აღარ წავიდნენ სხვაგან. მომავალი ზაფხულისთვის უკვე გვაქვს უცხოეთიდან სამი შეკვეთა“, - ამბობს ყალაბეგაშვილი.

საგრანტო პროექტის ფარგლებში 3000 ლარით დაიწყო საქმიანობა ნუკრიანის მცხოვრებმა თამარ მირიანაშვილმაც. მან საკუთარი სახლის ეზოში მცირე მაღაზია გახსნა - 2000 ლარით პროდუქტი, 1000 ლარით კი მაცივარი იყიდა.

„2007 წლამდე ადგილობრივ საკრებულოში ვმუშაობდი. შემდეგ სამსახურიდან გამათავისუფლეს და არანაირი შემოსავალი არ მქონდა. დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა. ეზოში ავაშენე მაღაზია. მაგრამ თანხა აღარ მქონდა, საქონელი რომ შემეძინა. ამიტომ სულზე მომისწრო პროექტმა. ტრენინგები გავიარე, ბიზნესგეგმის წერა ვისწავლე. შემდეგ ამ გეგმის მიხედვით კონკურენტები და მოთხოვნა შევისწავლე. გრანტის თანხა რომ ჩამერიცხა ანგარიშზე, ბანკთან ურთიერთობაც გამიადვილდა და სალარო აპარატი საბანკო სესხით გამოვიტანე“, - ყვება თამარ მირიანაშვილი.

სოფლის მცირე მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ დღეისთვის 7 ათას ლარიანი სავაჭრო ბრუნვა აქვს და თვეში, საშუალოდ, მოგების სახით 200-250 ლარი რჩება.

მირიანაშვილის თქმით, მაღაზიის გახსნის შემდეგ შემოსავლის გარდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაც მოახერხა და ერთ-ერთმა ბანკმა სოფლის კონსულის თანამდებობაზე თანამშრომლობაც შესთავაზა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიკრომეწარმეების დახმარების საკითხზე განხორციელებული პროექტის საფუძველზე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გეგმავენ და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შეთავაზებას აპირებენ.