„თუ რუსეთი გაიმარჯვებს, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს“ - უკრაინის პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ BBC-თან

„თუ რუსეთი გაიმარჯვებს, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს“ - უკრაინის პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ BBC-თან

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დამარცხებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს. მან ასევე მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, სწრაფად მიიღოს კანონპროექტი კიევის დასახმარებლად, რომელიც დაბლოკილია გასული წლის ბოლოდან.

„სიტუაცია ფრონტზე რთულია და ჩვენ გვჭირდება ჩვენი უდიდესი მოკავშირის, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა“, - აღნიშნა ინტერვიუს დროს შმიგალმა.

„თუ უკრაინა დაეცემა, მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა განადგურდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომის დაწყება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა მსოფლიოს აფრთხილებს. გასულ წელს პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რუსეთი მოიგებს, შეიძლება პოლონეთში შეიჭრას, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. მსგავს ვარაუდებს აკეთებენ ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც.

კრემლი ამ განცხადებებს სასაცილოდ მიიჩნევს. მარტში, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეკულაცია უწოდა იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ერთ მშვენიერ დღეს აღმოსავლეთ ევროპას შეუტიოს.

უკრაინის სამი პრიორიტეტი

უკრაინა ამ ეტაპზე დამოკიდებულია შეერთებული შტატებიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან იარაღის მიწოდებაზე, მათ გარეშე, მისთვის რთულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება.

„გულწრფელად გეუბნებით, ამ დახმარების გარეშე ჩვენ არ გვექნება გამარჯვების შანსი“, - თქვა ზელენსკიმ.

იგივე გაიმეორა ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა. მან უკრაინის სამი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა დასავლელი მოკავშირეების დახმარების კუთხით.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ გვჭირდება მეტი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის ქალაქების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად, რათა რუსებმა არ გაანადგურონ ჩვენი ეკონომიკა“, - თქვა მან.

„მეორე პრიორიტეტი საარტილერიო ჭურვებია. ჩვენ ამას ველოდებით ფრონტზე, ჩვენი ჯარისკაცები ამას მუდმივად გვეკითხებიან. ისინი ამბობენ: თუ საკმარისი ჭურვები გვექნება, რუსეთთან პარიტეტი გვექნება და ჩვენ გავიმარჯვებთ“.

და მესამე, მნიშვნელოვანი არის - F-16. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, რადგან ახლა რუსეთს აქვს უპირატესობა ცაში“, - თქვა შმიგალმა.

რთული მდგომარეობა ფრონტზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტზე ვითარება კვლავ მძიმეა.

”ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი გვიტევს და მათ საბრძოლო მასალისაც მეტი აქვთ და ჩვენზე მეტი მებრძოლი ჰყავთ“, - თქვა მან.

„დიახ, დავიღალეთ და ეს გასაგებიცაა. ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ველოდებით იარაღს, საბრძოლო მასალას, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა. „ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ამ ომს წავაგებთ“, - აღნიშნა შმიგალმა.

 

ლევკოთეა უკრაინა და უკრაინელები მართლა ძალიან გაიმეტეს ყველამ საკუთარი ფინანსური, თუ გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის.
პოლონეთს რაც შეეხება. პოლონეთს უფრო უნდა უკრაინაში შესვლა და ტერიტორიების დაბრუნება, ვიდრე რუსეთს პოლონეთზე თავდასხმა.
8 თვის უკან
ლაზი თუ დამარცხდება, ბოდიშს მოიხდის და იტყვის, ბიძიებო მეტს აღარ ვიზამ, ოღონდ ეს ერთი მაპატიეთო და გაისუსება არა?
თუ გაუჭიდა, ომი მერე ნახეთ, ამბის მთქმელი აღარ დარჩება.
მოიგებს ვაი, წააგებს უი.
სხვა გზა უნდა მოინახოს, მაგ ომს არც გამარჯვებული უნდა ჰყავდეს და არც აშკარა დამარცხებული. ისეთი ზავია საჭირო, რომ რუსეთმაც სახე შეინარჩუნოს და დასავლეთმაც. უკრაინისა კი რა გითხრათ.
8 თვის უკან