პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა, ახალი ალბომის გამოსვლა წლევანდელ გრემის დაჯილდოებაზე დააანონსა. სვიფტის მე-11 სტუდიური ალბომი The Tortured Poets Department 19 აპრილს გამოვიდა.
მოგვიანებით ისიც გავიგეთ, რომ ალბომი 16 სიმღერისგან და 3 ბონუს ტრეკისგან შედგება. ტეილორი ამჯერად კოლაბორაციებით გაგვანებივრებს. სიმღერა Fortnight-ს სვიფტთან ერთად Post Malone შეასრულებს, ხოლო Florida!!!-ს Florence + the Machine.
ალბომი საქართველოს დროით პარასკევს დილას გამოვა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა ინსტაგრამზე დადებული ვიდეოთი ისიც გაამხილა, რომ იმავე დღეს მუსიკალურ ვიდეოსაც გამოუშვებს. კალენდარზე მხოლოდ პარასკევი დღის გეგმები ჩანს, თუმცა გულშემატკივრებს ეჭვი აქვთ, რომ ტეილორი შესაძლოა, მათ სხვა სიურპრიზებსაც უმზადებდეთ.
სვიფტმა ალბომზე მის ჩვეულ პროდიუსერებთან, ჯეკ ანტონოვთან და აარონ დესნერთან ერთად იმუშავა.
მუსიკოსის გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ის გრემის მიღებისას ალბომს დააანონსებდა, რადგან მომღერალმა დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელებში მთავარი ფოტო შავ-თეთრად აქცია, მისმა ოფიციალურმა საიტმა კი მუშაობა შეწყვიტა.
ფანების მოლოდინი გამართლდა, რადგან, როდესაც სვიფტმა საუკეთესო პოპ ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა და მე-13 გრემი მიიღო, მან საზოგადოებას ახალი ალბომის სახელი გაუმხილა. ასევე, ტეილორმა წლის ალბომის ჯილდოც მიიღო, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა და ერთადერთი არტისტი გახდა, რომელმაც ამ კატეგორიაში 4-ჯერ გაიმარჯვა.