მალე მაყურებელი Oldboy-ის ინგლისურენოვან სატელევიზიო ადაპტაციას იხილავს. ფილმის რეჟისორი პარკ ჩან ვუკი Lionsgate-თან ერთად ახალ სერიალზე იწყებს მუშაობას. პარკ ჩან ვუკის Oldboy ამავე სახელწოდების იაპონურ მანგას ეფუძნება. რაც შეეხება Oldboy-ის სერიალს, რამდენად განსხვავებული იქნება ის ფილმისგან, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
"Lionsgate იზიარებს ჩემს შემოქმედებით ხედვას Oldboy-ის სატელევიზიო სამყაროში შემოყვანის შესახებ. მოუთმენლად ველოდები იმ სტუდიასთან მუშაობის დაწყებას, რომელიც თამამი, ორიგინალური და რისკიანი ისტორიების მოყოლით არის ცნობილი", — განაცხადა პარკ ჩან ვუკმა.
2003 წელს გამოსული ფილმი Oldboy კაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც გაიტაცეს და 15 წლის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ. მთავარი პერსონაჟი, შინიჰიჩი გოტო, მოულოდნელად თავისუფლდება და იმის გარკვევას ცდილობს, თუ რატომ ჰყავდათ დაპატიმრებული. Oldboy-მ გამოსვლისთანავე მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და დღემდე 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად განიხილება.
"პარკი ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთხრობელია და მოხარულები ვართ, რომ მისი კინემატოგრაფიული შედევრის სატელევიზიო ეკრანზე გადმოტანის საქმეში ვითანამშრომლებთ", — განაცხადა Lionsgate Television-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სკოტ ჰერბსტმა. მისივე თქმით, Oldboy-ის ადაპტაციაში საკულტო საბრძოლო სცენებსაც ვიხილავთ, რამაც ფილმი ასეთი პოპულარული გახადა.
Oldboy-ის სერიალის სავარაუდო გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.