ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - ეგვიპტიდან ანაკლიამდე

ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - ეგვიპტიდან ანაკლიამდე

გასულ კვირას გაირკვა, რომ 2011 წლის სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კალათბურთის ნაკრები, რუსეთის გუნდს შეხვდება. ეს რომ არამხოლოდ სპორტული შინაარსის ინფორმაციაა, ყველა დამეთანხმებით, თუმცა, ქართულ ინტერნეტფორუმებზე მხოლოდ სპორტულ განყოფილებებში თუ გაახსენდათ ეს ამბავი. სხვაგან კი, კვლავ სამი საკითხი იყო მნიშვნელოვანი: ბურების ჩამოსახლება, მასონები და მომავალში რუსეთის დანგრევა.

 

აქედან, ყველაზე “მნიშვნელოვანი“, რა თქმა უნდა, მასონების თემაა, რომლებიც წლებია მოდიან, მოდიან და ვერაფრით მოაღწიეს. არადა, მოვიდნენ, ვნახავდით მაინც, ვინ არიან და რას გვერჩიან. უფრო სწორად კი, ჩვენს რას ვერჩით...

 

საკანონმდებლო ორგანოს ორად გაყოფა რას ემსახურება? ვითომ ესაა ძალაუფლების გადანაწილება ორ დედაქალაქს შორის?!

 

Omerta: “სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე ადრეც ბევრი მიფიქრია. არ მომწონს ამ ორ დედაქალაქში პარლამენტის გადანაწილება. თან ჩვენი პრეზიდენტი ამ ბოლო დროს უფრო მეტად დაინტერესდა დასავლეთ საქართველოთი. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელია საქართველო ორ ნაწილად გაიყოს? ერთი, აღმოსავლეთ საქართველო -რუსეთის გავლენის სფეროდ, ხოლო დასავლეთ საქართველო - ამერიკის გავლენის სფეროდ.

 

შეიძლება, ნაკლებსავარაუდოა მსგავსი სცენარი დღეს, მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს ხვალ?“.

 

საქართველოს კიდევ თუ გაყოფა უნდა... ისე კი, მაგას “გათიშე და იბატონეს“ პრინციპი უდევს საფუძველში. ორად გაყოფილი პარლამენტის კონტროლი ხომ გაცილებით ადვილია...

 

საგადასახადოს ახალი ჯადო. იჯარის გადასახადი დამქირავებელს.

 

B_A_L_U: “როგორც ყველამ ვიცით, თუ ადამიანს გაქირავებული აქვს ფართი, იგი იხდის მიღებული ქირიდან გადასახადს –  თუ არ მეშლება 12%-ის ოდენობით. დღეიდან გაირკვა, რომ დამქირავებელიც ვალდებულია გადაიხადოს ქირის 20%.

 

გეცოდინებათ ანეკდოტი ლომზე, მგელზე და კურდღელზე - “იმას კი მიშვრები“, მარა ამ ბუღალტერიას რაღას მტენიო.  მოკლედ, თუ ვინმეს გაქვთ რამე ქირით ან იჯარით აღებული, მოამზადეთ ყოველი თვის ბოლოს გადასახდელი ქირის 20%“.

 

ირლანდია რომ ირლანდიაა, იმანაც 6 მილიარდი დოლარით შეამცირა ბიუჯეტი. რით არ გაძღა ამათი მუცლები!

 

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები...

 

ხარება და გოგია: “აფხაზეთში ვინც იომა, ისინი მართლა გმირები იყვნენ და გმირულად იომეს. იქ არ იყო ასი ათასი კაცი, რომ ერთმანეთი არ სცნობოდათ. 99% იცნობს ერთმანეთს ან გაუგიათ (არაყურმოკრული), რომლებიც დღეს ფეხზე კიდია ყველას, ვინაიდან ისტორია 2003 წლიდან დაიწყო და დანარჩენი ვის დაკარგვია.

 

არადა, ომის კადრებთ მართლა რეალურად და ლამაზადაა მოყოლილი ყველაფერი იცოდეს ყველამ. ამაზე თაობები უნდა გაიზარდოს. არა მტრის ზიზღით, არამედ გმირობის მაგალითით. იგივე მხედრიონელი იყო თიო გაბუნია, ორივე ფეხში რომ დაჭრეს, ტყვედ აყვანა რომ უნდოდათ და მის გარშემო ისე ისროდნენ, რომ არავინ მიკარებოდა გამოსაყვანად. ამას ხედავდნენ ბიჭები და თიოს უყვიროდნენ, ასევე უყვიროდნენ აფხაზები დაგვნებდიო... არ ჩაბარდა... თუ არ ვცდები, 2 ხელყუმბარით აიფეთქა თავი და მომხდური აფხაზები გაიყოლა.

 

იგივე მოუხდათ უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებსაც ტყვია-წამალი გაუთავდათ. არც მაშველი მოსულა და არც ავიაცია თუ არტილერია დაეხმარა ისე ამოწყდნენ. ორმოცდაათმა ბიჭმა ორასამდე მტერი მოკლა! ამას თვითონ აფხაზები წერდნენ, რომ ბიჭებმა ბოლოს შავლეგო იმღერეს და ისე დაიხოცნენ უკლებლივ ყველა!“.

 

თემა პოლიტიკურია - ჯანდაცვის სამინისტროს საყურადღებოდ!

 

Apache: “დღეს დეიდაჩემი გახდა მოულოდნელად ავად. პედაგოგია, სკოლაში მუშაობს და ქუთაისში ერთ–ერთმა კლინიკამ, რომელიც “ალდაგს“ ეკუთვნის, არ მიიღო. მიზეზი იყო: სანამ დაზღვევის პოლისს არ მოიტან მანამდე პაციენტს არ მივიღებთო. ეს ძვირიანი საავადმყოფოაო და გარანტია გვინდაო... მოკლედ, დიდი დავიდარაბის მერე მიიღეს.

 

რატომ ხდება ასე? რატომ უნდა ეხვეწოს პაციენტი  – მით უმეტეს პედაგოგი, რომელთაც სოციალური საკითხები წესით მოგვარებული აქვს, საავადმყოფოებს ფორსმაჟორულ სიტუაციაში რომ მიიღონ და უმკურნალონ?...“

 

გუშინ ვნახე მრავალშვილიანების ოჯახი. 7 შვილი ჰყავთ. ემსახურებათ სპეციალური პოლიკლინიკა მერიის დახმარების ხაზით. ჰოდა, სამარცხვინო ფაქტი მოყვა ბავშვების დედამ: 7 ბავშვი მივიყვანე 40-გრადუსიანი სიცხეებით ექიმთან და მხოლოდ 2 ბავშვი გამისინჯა – ლიმიტში არ ჯდებითო და ხვალ გავსინჯავ დანარჩენსო. მიდი და ზრდილობიანი იყავი ამის შემდეგ...

 

ერთ–ერთი ფორუმელი ფიქრობს, რომ საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია.

 

davita1985: “ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის მეხუთედი, რომელიც აღიარებულ იქნა სუვერენულ სახელმწიფოდ (ნუ დაიწყებთ ახლა, მარტო რუსეთმა აღიარა და სხვა ე.წ. სახელმწიფოებმაო. თავს ნუ მოიტყუებთ მარტო რუსეთის მხარდაჭერაც სრულიად საკმარისია მათი არსებობისთვის). დაიხურა ათზე მეტი ტელევიზია, სრული კონტროლია ძირითად ტელევიზიებზე, დემოკრატია დღეს აღიარებულია ქვეყნის მტრად, პატრიოტია მხოლოდ ნაციონალების წევრი და მხარდამჭერი, ხოლო სხვა ყველა ქვეყნის მტერია.

 

ე.წ. რევოლუციის შემდეგ კლავენ გავლენიან ადამიანებს: ზურაბ ჟვანიას და შემდეგ უკვე ამ საქმესთან დაკავშირებულ ლევან სამხარაულს, ბადრი პატარკაციშვილს, ასევე, კლავენ გურამ შარაძეს და კიდევ ათეულობით ახალგაზრადას, რომელთა მკვლელობში საქმეებშიც პირდაპირ იკვეთება მაღალჩინოსანთა მონაწილეობა.

 

პოლიცია პოლიტიზირებულია, ქრთამს იღებს ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც ელემენტარული გავლენა აქვს, ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და დამყარებულია ერთპიროვნული მმართველობა. ქართველ ხალხ კი ჯერ კიდევ სძინავს, მაგრამ მალე გაიღვიძებს და მერე მოხდება, რაც მოხდება...“.

 

იქ, სადაც მუბარაქს რევოლუციას უწყობენ, უკვე აღარ გამიკვირდება თუ სააკაშვილსაც რევოლუციას მოუწყობენ.. მუბარაქთან შედარებით სააკაშვილი რა არის?!...

 

ბიუჯეტის წურბელა უწყებები... რომელი სამინისტრო და უწყება არის გასაუქმებელი?

 

Mdogvi: “ბატონებო, ქვემოთ არის მოსაზრება დაკავშირებით, თუ ვინ რას აკეთებს დღეს საქართველოში და რომელი უწყებაა გასაუქმებელი:

 

1. საკონსტიტუციო სასამართლო (მისი ფუნქცია თავისუფლად შეიძლება შეასრულოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ).

 

2. დიასპორის სამინისტრო (მისი ფუნქცია უნდა შეითავსოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა განყოფილებამ; ამას ადასტურებს რეალობაც - უფუნქციობის გამო, ამ სამინისტროს წარმომადგენლები ათას საკითხს "მიედ-მოედებიან", რომლებიც მათ საერთოდ არ ეხებათ).

 

3. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (ეს ფუნქცია არის შსს-ს პირდაპირი მოვალეობა).

 

4. გარემოს დაცვის სამინისტრო (აზრი არ აქვს ამ სტრუქტურის არსებობას, ვინაიდან საერთოდ არ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მათ ეხებათ - ხეების დარგვა არაა ამ სამინისტროს დანიშნულება; ხმა უნდა ამოიღონ უხარისხო საწვავის შემოსვლაზე და იმ უბედურებაზე, რასაც ეს საწვავი იწვევს).

 

5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (სრული ანეკდოტი და იდიოტიზმი. რაც დრო გადის, უფრო ართულებენ პროცედურებს და წესებს, რომ თავისი არსებობა გაამართლონ. სინამდვილეში ზედმეტ პრობლემებს უქმნიან ისედაც ტლანქ და მოუქნელ სახელმწიფო სამსახურებს.).

 

6. სპორტის სამინისტრო (მარაზმი. ყველა სახეობას აქვს თავისი ფედერაციები და ამ ფედერაციებმა უნდა მიხედონ სპორტის ამა თუ იმ დარგს და არა რაღაც ძალით მოგონილმა "სამინისტრომ").

 

7. გუბერნატორების ინსტიტუტი (თუ არსებობს რეგიონალური განვითარების სამინისტრო, მაშინ ამ სამინისტრომ უნდა იმუშაოს გამგეობებთან, ხოლო "ნაჩალნიკ-გუბერნატორები" აბსოლიტურად ზედმეტია; თუ გუბერნატორებს ვტოვებთ, მაშინ სამინისტროა ზედმეტი).

 

8. რეინტეგრაციის სამინისტრო (ამ ფუნქციას უნდა ასრულებდეს შსს, ისევე როგორც ლტოლვილების საკითხს)“.

 

და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის ფუნქციებიც ისედაც დიდი ხანია ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა სრულიად გადაიბარეს?! მერე რა, რომ ვერა?

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სამარცხვინო განცხადება. საქართველოს არ აქვს ფული?

 

Freecooler: “ყველა ნორმალური ქვეყნები ახორციელებენ თავის მოქალაქეების ევაკუაციას ეგვიპტედან. იქ მთელი ამბავია. აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელიც მოკლეს უკვე. და ჩვენთნ რა ხდება - აჩვენებენ ტურისტულ კომპანიებს და ისინი იძახიან: არა, არაფერია, იქ მშვიდობაა, დაისვენეთო.

 

და ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: არ არის საჭირო ქართველების ევაკუაციაო. ფულის დახარჯვა არ უნდათ, თვითმფრინავის დაქირავება ხომ დაჯდება რაღაც თანხა... და იძახიან –  არ არის საჭირო ევაკუაციაო“. 

 

ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მაგარი სუსტი. არც ის ვიცით რა ბედი ეწია ქართველ გოგოებს მალაიზიაში? ეგ თემა მიაგდეს და ჩუმად არიან. ის მაინც გვინდა ვიცოდეთ ცოცხლები არიან თუ არა...

 

სხვისი ჭირი ღობის ჩხირი - ეგვიპტე, ტუნისი... იჩქარეთ - 8 000 000 ტურისტის ადგილი გამონთავისუფლდა!

 

VELTBGA: “როგორც ცნობილია, 2008 წლის ზაფხულის სეზონის ყველაზე მომგებიანი იყო ტურისტული ბიზნესისთვის. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებმა 8 000 000 მეტი ტურისტი მიიღეს. მათ შორის ტუნისი, ეგვიპტე, ლიბანი - მთავარი დანიშნულების ქვეყნებია. (შემდეგ კრიზისი დაიწყო, საბერძნეთი გაკოტრდა და ა.შ. ჩვენთან რუსების ომი ხომ ისედაც ყველას ფეხებზე კიდია.)

 

ახლა მანდაც არეულობაა. ამჟამად უკვე ცნობილი გახდა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად -  თურქეთი, უკვე ემზადება ახალი სარეკლამო რგოლების გადასაღებად და მთავარი - ტურისტული მრეწველობის პოტენციალის გასაზრდელად.

 

საქართველო ტურიზმის სფერო მართალია ციდან ვარსკვლავების ვერ წყვეტს, მაგრამ შეიძლება გარკვეული რაოდენობის და ალტერნატიული ორიენტაციის ტურისტული ნაკადი ჩვენსკენ გამოშვება. (მაგ: ეკოტურიზმი, დაბალ მწვერვალებზე ლაშქრობების მოწყობის ტურები და ა.შ.). ევროპაში უკვე 600-ზე მეტმა ტურისტულმა საააგენტომ, რომელიც ორიენტირებულია ეგვიპტესა და ტუნისში, შეაჩერა საგზურების გაყიდვა“.

 

არ გამოვა ეგ ამბავი. სად ჩვენ და სად ეგვიპტე (ტურისტული თვალსაზრისით). ამ ზამთარში ხალხი მანდ საბანაოდ ან პირამიდების სანახავად ჩადის. აქ კი ამ დროს, ანაკლიაში მხოლოდ ერთი უცნაური კაცი ბანაობს.