“საპატიმროებში წამებისა და ცუდად მოპყრობის საქმეზე აღძრული გამოძიება ნელი ტემპებითა და ნაკლებად გამჭვირვალედ მიმდინარეობს”, - ნათქვამია “ჰუმან რაითს უოჩის” მოხსენებაში. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის დასკვნაში ასევე საუბარია შერჩევით სამართალზე, სექსულური და რელიგიური უმცირესობების უფლებების არასათანადო დაცვაზე. ორგანიზაცია 14 გვერდიან მოხსენებას ვილნიუსის სამიტის წინ აქვეყნებს.
“ჰუმან რაითს უოჩის” უფროსი მკვლევარი სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგია for.ge-თან საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტი მიმართულია ევროკავშირისკენ. ორგანიზაცია ევროკავშირს მიმართავს, რომ ვილნიუსის სამიტის წინ ყურადღება მიაქციოს ადამიანის უფლებებს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში, რომელთა შორის საქართველოც არის. ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.
“დოკუმენტი 14-გვერდიანია. ვინაიდან ევროკავშირი ამ სახელმწიფოებთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, ამიტომ მოვუწოდებთ, რომ ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს.
დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ პრობლემებზეც, თუმცა მის შესახებ ყოვლისმომცველი შეფასება ჩვენი ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიშის საშუალებით იქნება გამოხატული, რომელიც იანვარში გამოქვეყნდება”, - ამბობს გოგია.
მისი თქმით, დოკუმენტში საუბარია, რომ ციხის წამებასთან დაკავშირებით 14 ადამიანი გაასამართლეს. “აქვე შეფასებაც არის, რომ ამ საქმის გამოძიება ძალიან ნელი ტემპით მიდის და ასევე, ის რომ პროცესი არ მიმდინარეობს საკმარისად გამჭვირვალედ. მორიგი პრობლემა რაც შეიიძლება იყოს ეს არის პატიმრობისგან სრულად გათავისუფლება, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
საერთაშორის სტანდარტების მიხედვით არსებობს აბსოლუტური აკრძალვა წამებაზე. როდესაც საქმე ეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე. უნდა დადგეს თითოეული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. სამწუხაროდ ეს საქართველოში არ მოხდა, მეტიც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა რამდენიმე დამნაშავესთან”, - განაცხადა გოგიამ, რომელიც დასძენს, რომ კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფლებაც გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, თუმცა მთავარი გზავნილები ევროკავშირისკენ არის მიმართული.
“ადრეც ვამბობდი ამას და ახლაც გავიმეორებ, რომ პატიმრების მწამებლებთან დაკავშირებით სასჯელი უნდა იყოს მკაცრი. რამდენადაც ვიცით მათ შეუფარდეს სამწლიანი და კიდევ უფრო ლოიალური პატიმრობა. თუნდაც საპროცესო შეთანხმება მე არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები “ჰუმან რაითს უოჩის” შეფასებას”, - განუცხადა for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. - “ბრიტანეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის არის უვადო პატიმრობა, იმიტომ რომ ეს არის წამებასთან გაიგივებული ქმედება. როგორც ჩანს ჩვენი მიდგომები უფრო ჰუმანურია. ჩვენი მიდგომები ამ შემთხვევაში ამ ფორმით იქნა გამოვლენილი, სასჯელები არ იყო იმ სამძიმის რასაც ასეთი კატეგორიის დანაშაული ითვალისწინებს.
თუ რომელიმე პირი დანაშაულის გახსნისას გამოძიებასთან თანამშრომლობდა მის მიმართ გარკვეული ლოიალობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ისე რომ ყველას მიმართ ყოფილიყო დაბალი სანქციები”, - ამბობს კობახიძე, რომელიც დასძენს, რომ ხელისუფლება მზადაა ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
“მე როდესაც უფლებადამცველი ვიყავი, სწორედ “ჰუმან რაითს უოჩის” დასკვნებს ვეყრდნობოდი. ახლა ხელისუფლებაში ვართ, რა თქმა უნდა ეს უნდა გავითვალისწინოთ.
ორგანიზაციის შეფასებას ვერ დავეთანხმები შეჩევით სამართალზე. უამრავი საქმეა შესული პროკურატურაში და მათზე რეაგირებაა საჭირო. იმ 6000 ადამიანის დაკითხვაც ამიტომ გახდა საჭირო, რომ სიმართლე გაირკვეს. საქმე ეხება ბევრ მძიმე დანაშაულს.
პროკურატურამ უნდა იმუშაოს ისე, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა დაისვას და შერჩევით სამართალზეც არ უნდა გაჩნდეს კითხვები. ვფიქრობ, რომ ამ საქმეს პროკურატურა თავს გაართმევს. ის, რომ მერაბიშვილი და ახალაია პასუხისგებაში არიან მიცემულები ეს არ ნიშნავს, იმას რომ ახლა ვინც ჩაიდენს დანაშაულს მათ ეს შერჩებათ”, - აღნიშნავს კობახიძე.
“ჰუმან რაითს უოჩის” დასკვნაში ისიც წერია, პოლიციამ არაადეკვატური რეაგირება მოახდინა რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ გამოჩენილ ძალადობაზე. “2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ზოგიერთ სოფელში მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა მუსლიმთა მიერ რელიგიური მსახურების აღსრულებას რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო 17 მაისის აქციის მონაწილე პირები”, - ნათქვამია მოხსენებაში.
მანანა კობახიძე მოხსენების ამ ნაწილს არ ეთანხმება და ამბობს, რომ პოლიციამ 17 მაისს ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ დაპირისპირება თავიდან აეცილებინა.
“რაც შეეხება რელიგირ აღმსარებლობის შეზღუდვას, ეს ინციდენტი ამოწურულია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ ყოფილიყო ინსპირირებული”, - აღნიშნავს კობახიძე.