მართალია, რიდლი სკოტის Napoleon-ის პრემიერა გასულ წელს შედგა, თუმცა ფილმის განხილვა დღემდე არ წყდება. ამჯერად Napoleon-სა და მთავარი როლის შემსრულებელ ხოაკინ ფენიქსზე კომენტარი მსახიობმა ბრაიან კოქსმა გააკეთა. მსახიობი ხოაკინის მიერ განსახიერებული ნაპოლეონით აღფრთოვანებული სულაც არ ყოფილა.
"ფილმიც საშინელებაა და ხოაკინ ფენიქსის შესრულებაც. არც კი ვიცი, რაზე ფიქრობდა. ჩემი აზრით, ეს მთლიანად ხოაკინ ფენიქსის ბრალია და არ მგონია, რომ რიდლი სკოტი ეხმარებოდა. ხოაკინ ფენიქსზე გაცილებით უკეთესად ვითამაშებდი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს კარგი დრამაა, მაგრამ, არა — ეს ტყუილია", — განაცხადა ბრაიან კოქსმა.
შეგახსენებთ, რომ რიდლი სკოტის ისტორიული დრამა Napoleon პრემიერიდან მალევე კრიტიკის ობიექტი გახდა. "შეგვიძლია, ფილმს სახელი გადავარქვათ და იმპერიაში მცხოვრები ბარბი და კენი ვუწოდოთ", — ასე შეაფასა Napoleon ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ. ფილმის შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ ის ძალიან "ანტიფრანგული და პრობრიტანულია".
რიდლი სკოტი Napoleon-ის შესახებ მსგავს შეფასებებს თავიდანვე არ დაეთანხმა. მისი თქმით, ფილმის პრემიერა პარიზშიც შედგა და მაყურებლისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა."ფრანგებს საკუთარი თავიც კი არ მოსწონთ. მაყურებელს, რომელსაც ფილმი პარიზში ვაჩვენე, ძალიანაც მოეწონა", — განაცხადა რიდლი სკოტმა.
Napoleon წელს 3 ოსკარზე იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო ვერცერთ კატეგორიაში ვერ მოიპოვა.