გიორგობის დღესასწაული ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში აღნიშნეს (ვიდეო)

გიორგობის დღესასწაული ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში აღნიშნეს (ვიდეო)

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონების სამხედროებმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება ბაზა „ლეზერნიკზე“ გამართეს.

სადღესასწაულო წირვა მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მოძღვარმა მამა ავთანდილმა აღავლინა. ბატალიონის კაპელანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და ISAF-ის მისიაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების პატივსაცემად ხსოვნის პანაშვიდიც გადაიხადა.

საეკლესიო რიტუალის დასრულების შემდეგ 31-ე ბატალიონის შტაბში საზეიმო მიღება გაიმართა. სადღესასწაულო ღონისძიებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და „რეგიონალურ სარდლობა სამხრეთ-დასავლეთში“ შემავალი კოალიციური ქვეყნების სამხედრო შენაერთების მეთაურები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს ქართველმა სამხედროებმა პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ქართული მხედრობისთვის წმინდა გიორგის მნიშვნელობას შეეხებოდა.

ღონისძიების დროს, სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებს შორის მკლავჭიდში, ბორბლის გადაგორებასა და სიმძიმეების აწევაში შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ოფიციალური მიღება საზეიმო სადილით დასრულდა.