საქართველოს პრეზიდენტი მე-4 მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მე-4 მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მთავარსარდლის რანგში სამხედრო ნაწილს პირველად ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილთან ერთად ვაზიანში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი იმყოფებოდნენ. ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს მე-4 მექანიზირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე მოწყობილი დახვდა.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა შეასრულა. სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიების შესრულებისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ამის შემდეგ კი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადას უდიდესი საბრძოლო გამოცდილება აქვს. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან იდგნენ და დგანან სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და მნიშვნლეოვანი წვლილი შეაქვთ არა მარტო ქვეყნის, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში. მათ შორის ISAF -ის მისიაში, ავღანეთში.

„თქვენი ღვაწლი სამშობლოსა და გლობალური უსაფრთხოების მშვიდობის საქმეში ფასდაუდებელია. ჩვენ ვამაყოთ თქვენით, ჩვენს ხალხს სძინავს მშვიდად, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ ქვეყნის სამსახურში. ჩვენი უსაფრთხოების უმთავრესი გარანტიაა ის მიღწევები, რომელსაც აღნიშნავდით დღეს. თქვენთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მეგობარ ქვეყნებს. მათი მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში ფასდაუდებელია.

ვაცხადებთ რა, ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტას, ჩვენ მოვალენი ვართ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. უდიდესი მხედართმთავარი ამბობდა, რომ ყველაზე უკეთესია დაამარცხო სხვისი არმია უბრძოლველად, ყველაზე უკეთესი ომი არის მოსპო მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შეიარაღებული ძალების მომზადების ისეთ დონეს, რომელიც ბრძოლის სურვილს დაუკარგავს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.

თუ სამშობლოს დასჭირდება, ყოველი ჩვენთაგანი მზად იქნება, თავი გასწიროს. მე ვიცი, რომ ასეთ დროს თქვენ კვლავაც პირველ რიგებში იდგებით და თავდადების მაგალითებს მისცემთ სხვებს. ამიტომ, ამ საზეიმო ღონისძიებაზე სიამაყით და ტკივილით უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული თქვენი თანამებრძოლები, ოფიცრები და ჯარისკაცები. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. წარმატებას გისურვებთ ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოებისათვის თქვენ საქმიანობაში. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხედროებს.

პრეზიდენტის შემდეგ ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ჩვენ ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გვერდში დაუდგება და წარუძღვება ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. ირაკლი ალასანიამ ვაზიანში, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის დაჯილდოების ცერემონიაზე მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მთავარი გარანტი იქნება შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის.

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება მთავარი გარანტი ჩვენი უწყების, შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის. თქვენთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გააკეთებს ყველაფერს გვერდში დაუდგეს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას. მე მინდა ვუსურვო ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რომ გავაგრძელოთ ისეთივე სულიერი სიმხნევითა და სიმტკიცით ჩვენი ქვეყნის სამსახური, როგორითაც აქამდე აკეთებდით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამასთან, ირაკლი ალასანიამ შეიარაღებულ ძალებს მიღწეული შედეგები მიულოცა.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალური შტაბის უფროსო, ბატონო ოფიცრებო, საქართველოს ჯარისკაცებო, მე მინდა დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, პირველად ეწვია შეიარაღებულ ძალებს, მოგილოცოთ ის დიდი მიღწევები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, მიაღწიეთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მე მინდა ქედი მოვიხარო მეოთხე ბრიგადის იმ ვაჟკაცი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ჩვენი ოჯახების, მომავლის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ოჯახების მოვლა და მათი სახელების პატივისცემა არის ჩვენი მოვალეობა“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

სამხედროების მისალმებისა და სიტყვით მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტმა მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეთაური, მაიორ ირაკლი კალანდაძე სახელმწიფო მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა. დღესვე უმაღლესმა მთავარსარდალმა ამავე ბატალიონის პირადი შემადგენლობის კიდევ 15 სამხედროს სახელმწიფო მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ გადასცა.

For.ge. შეგახსენებთ, რომ 42-ე ბატალიონმა ავღანეთის მისიის შესრულებისას ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. საერთო ჯამში, ავღანეთში ქვედანაყოფის 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სამხედროების დაჯილდოების შემდეგ პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა სამწყობრო მოედანზე სამხედრო ტექნიკა, ყაზარმები, სპორტული დარბაზი და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. როგორ მარგველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, შეიარაღებული ძალების მომზადების ისეთ დონეს მივაღწიოთ, რომელიც ბრძოლის სურვილს დაუკარგავს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. მისი თქმით, დღევანდელ დაჯილდოვებაში მონაწილეობა მისთვის დიდი პატივია.

სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ - 42-ე მექანიზირებული ბატალიონის მეთაური ირაკლი კალანდაძე; ასევე სამხედრო მოსამსახურეები - გოგიტა გოგიაშვილი; ბადრი ზაალიშვილი; მირიან კვიტაიშვილი; რევაზ ქენქაძე; რევაზ ქოზაშვილი; გოჩა ბლუაშვილი; გოგა შელია; კახა ინაური; იროდი ქაჯაია; ვანო მარტიაშვილი; ირაკლი ქარდავა; ბაქარ ბიძიონაშვილი; ალექსი მარგველანი; ხვიჩა შარაშენიძე და ვიტალი კოპაძე.