უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

2024 წლის 16 აპრილს, 02:24 საათზე, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (suspilne Ukraine/суспільне україне) ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით – „მრავალათასიანი მიტინგი საქართველოს პარლამენტთან „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით: დაკავებულია 14 ადამიანი“.

ინფორმაციაში საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელსაც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს უწოდებს.

„დოკუმენტის მიხედვით, უცხოელ აგენტებს დაარეგისტრირებს პროკურატურა და არა სახელმწიფო რეესტრის სამსახური. კანონის მიღების შემთხვევაში, ის ფიზიკური პირებისთვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10-დან 15 ათას ლარამდე (3 163-4 744 ევრო) ჯარიმას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და სიყალბეს წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 15 აპრილს პირველი მოსმენით მხარდაჭერილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრებიან, საჯარო რეესტრში (და არა პროკურატურაში), სავალდებულო წესით, ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ.

კანონპროექტის თანახმად, რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციას „ფიზიკური პირებისთვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის შესახებ“, აღნიშნული კანონპროექტი სასჯელის აღკვეთის ზომად პატიმრობის მისჯას საერთოდ არ ითვალისწინებს და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელის – ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლება. გარდა ამისა, კანონპროექტი ფიზიკურ პირებს საერთოდ არ შეეხებათ და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებსა და მედიასაშუალებებზე ვრცელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და სიყალბეს წარმოადგენს.