„განახლებული მთავრობის პროგრამაში საზოგადოების ჩართულობა მისასალმებელია“

„განახლებული მთავრობის პროგრამაში საზოგადოების ჩართულობა მისასალმებელია“

„საქართველოს განახლებული მთავრობის პროგრამა საქმიანი დოკუმენტია, რომლის ცენტრალური მონაწილეც საზოგადოებაა“,  - ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა ლევან ბერაძემ For.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის დოკუმენტი პასუხობს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებსა და მისწრაფებებს, ქვეყნის წინაშე არსებულ სადღეისო გამოწევევებს და პრობლემასთან გამკლავების საშუალებას იძლევა.

უფრო კონკრეტულად, „ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, საქართველოს მთავრობის პროგრამა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების განმტკიცების მიმართულებითაა ორიენტირებული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის პროგრამაში სამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნებას გამოარჩევენ, რომელიც წინა მთავრობის პერიოდში მთლიანად იგნორირებული იყო. კერძოდ, განახლებული მთავრობის დაპირება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, რეფორმების განხორციელებაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობისა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ხელშეწყობის მხრივ.

„ასეთი მიდგომები შესაძლებელს ხდის, მთავრობამ ეფექტური მმართველობა განახორციელოს და ხელისუფლების მთავარი წყარო - ხალხი რეალურად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციით, ახალ მთავრობას ფუნდამენტურად სწორი ხედვა გააჩნია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი საჯარო მმართველობის სისტემა,“ -აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

ამასთან, იმედოვნებენ, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისა და განახლებული მთავრობის მცდელობები, ქვეყანაში განმტკიცდეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები, არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობის ფონზე განხორციელდება. ამ მიმართულებით კი, გადაწყვეტილების მიღების დროს მთავრობა ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდების ხედვებსა და ჩართულობას.

უფრო მეტიც, ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს, სახელმწიფომ მეტი გააკეთოს ახალგაზრდული პრინციპების განხორციელებისა და თანამონაწილეობისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება. ორგანიზაცია 2013 წლიდან ახორციელებს პროექტს „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთი შეხვედრა შედგა სამინისტროების პირველ პირებთან“, - აცხადებს ლევან ბერაძე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განსაკუთრებით გამოარჩევენ ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებს ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილებებისთვის. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილის გადასვლა სამოქალაქო სექტორში კიდევ უფრო მეტად გაზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის კონტროლის, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიესალმება ყოფილი პრემიერის მიმართ სამოქალაქო კამპანიას: „მე ვამბობ მადლობას“, რაც საზოგადოების მადლიერების საუკეთესო გამოხატულებად მიაჩნიათ.

For.ge-ს შეკითხვაზე, უფრო კონკრეტულად, პრიორიტეტების შესრულების შესაძლებლობის მხრივ, მთავრობის რომელ გუნდს გამოარჩევს, ლევან ბერაძე აცხადებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერებისა და სხვა პრიორიტეტებთან ერთად იგი გამოარჩევს იმ ფაქტორს, რომ სასჯელაღსრულებით სისტემაში სასჯელის მოხდა იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სრულად დაცული იქნება ადამიანის უფლებები - საპატიმროებში პირობების გაუმჯობესება, უკეთესი საკვები თუ პატიმრისთვის აუცილებელი ფართი. ასევე, ის გამოარჩევს სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას, რაც გულისხმობს უფრო ნაკლებ სასჯელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია შსს-ს რეფორმები, რაც ოჯახურ თუ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის აღკვეთას უკავშირდება. გარდა ამისა, მისასალმებელია სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეფორმა, ეკონომიკაში შიდა რესურსების ათვისება და, რაც ყველაზე უმთავრესია, ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება.

„თუკი მთავრობის აღნიშნული პროგრამა შეასრულეს მინისტრებმა, მაშინ დაახლოებით 5-10 წელიწადში საკმაოდ ძლიერი ქვეყანა ვიქნებით, რადგან პრიოროტეტებში ყველა ის პირობაა მოცემული, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია,“ -აცხადებს ლევან ბერაძე.

For.ge, ასევე, დაინტერესდა, ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტით, რაც საქართველოსთვის კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქციის დაბრუნებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი აცხადებს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყველა მეზობელ ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო სისტემის დაწესება, მათ შორის,  -რუსეთთანაც, ვინაიდან ვაჭრობა ერთ-ერთი ძირითადია ეკონომიკის სფეროში.