შალვა პაპუაშვილი: არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში - პროტესტის გამოსახატად. ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად

შალვა პაპუაშვილი: არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში - პროტესტის გამოსახატად. ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად

ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა - არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში - შენი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა სულ რამდენიმე ათეულია და ნახეთ თქვენ, შემოდიოდნენ პროტესტის გამოსახატავად, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ მოქმედებს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ისევე, როგორც გუშინ და რატომ არ უშვებენ შენობაში ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს.

„უნდა ვთქვათ, თუ რა არის მიზანი პარლამენტის შენობაში მედიის ყოფნის. მედიის ყოფნის მიზანი არის გაშუქება პარლამენტის საქმიანობის იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა პროცესებია პარლამენტში, რა განიხილება, როგორ განიხილება და ა.შ. სწორედ ამისთვის არსებობს აკრედიტაცია. 340 ჟურნალისტია აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში, აქედან 290 არის 17 ტელევიზიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც არსებობს დღესაც, 17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თამამად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში. რაც შეეხება ონლაინმედიებს, ჯერ მანამდე ნახეთ ბიუროს სხდომა როცა იყო, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა, გაშალა პლაკატი. გუშინ ნახეთ, რომ მედიის წარმომადგენლების [პარლამენტში] შემოსვლის მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა. პლაკატებიც ჰქონდათ გამზადებული, [აქციაზე] წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება, რაც გასაგებია, კი ბატონო, უნდათ პროტესტის დაფიქსირება, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შენი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა სულ რამდენიმე ათეულია და შემოდიოდნენ, ნახეთ თქვენ, პროტესტის გამოსახატავად. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო და ის არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად. ეს არის სწორედ ჩემი პასუხისმგებლობა კონსტიტუციითაც, მავალია, რომ უზრუნველვყო ყველა თანამშრომლის, მათ შორის ვიზიტორის სამუშაო გარემო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.