ლევან ნიკოლეიშვილი: ადამიანებს არ ჰქონდათ არავითარი არგუმენტი და მათ მდინარაძე რამდენიმე საათის განმავლობაში უხსნიდა ყველაფერს იმ კანონის შესახებ, რასაც წაუკითხავად რუსული დაარქვეს

ლევან ნიკოლეიშვილი: ადამიანებს არ ჰქონდათ არავითარი არგუმენტი და მათ მდინარაძე რამდენიმე საათის განმავლობაში უხსნიდა ყველაფერს იმ კანონის შესახებ, რასაც წაუკითხავად რუსული დაარქვეს

ადამიანებს არ ჰქონდათ არავითარი არგუმენტი და მათ მდინარაძე რამდენიმე საათის განმავლობაში უხსნიდა ყველაფერს იმ კანონის შესახებ, რასაც წაუკითხავად რუსული დაარქვეს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ამის დაგვირგვინება იყო ელისაშვილის საქციელი, რომელიც არანაირად ჯდება არც პარლამენტარის, არც კაცობისა და არც ადამიანობის ჩარჩოში. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ადამიანს შემდეგ ტაში დაუკრეს მისმა რადიკალებმა და გაგმირების მცდელობაც იყო. ამას თავისი მიზანი აქვს და იცით რა მიზანი?! სალომე ზურაბიშვილმა შეძლო და ციხიდან გამოუშვა ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა საშინელი დანაშაული. ის აპირებდა პოლიციელის ცოცხლად დაწვას. აქ პოლიციელზე კი არ არის მარტო, ადამიანის ცოცხლად დაწვაზე იყო საუბარი და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, დღეს პროვოკაციების რისკი იყო.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, გვინდა რომ უფრო ძლიერი სახელმწიფო გავხდეთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სახელმწიფოს შეეფერება. რაღაც შიში და უხერხულობა არ უნდა გვქონდეს იმის გამო, რომ თუ ვინმე კანონს არღვევს, ის უნდა დაისაჯოს. თუკი არის ასეთი ინფორმაცია, რომ ვიღაცები ემზადებიან ასეთი სცენარებისთვის, ნუ დაველოდებით იმას, რომ სცენარი შუამდე მივიდეს, მანამდე უნდა მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

პარლამენტის მიმდებარედ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მას შემდეგ რაც გაკეთდა მოწოდება, რომ ხვალ 12:00 საათისთვის პროტესტი კვლავ განახლდება, აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა, ნაწილმა კი ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩების მიმართულებით გადაინაცვლა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

მანამდე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.