„აფხაზური ენის მთავარი პრობლემაა მათი დამწერლობა კირილიცაზე, ჩვენ აფხაზურ ენას უნდა მოვაშოროთ რუსული ანბანი და აღვადგინოთ ქართული ანბანი“

„აფხაზური ენის მთავარი პრობლემაა მათი დამწერლობა კირილიცაზე, ჩვენ აფხაზურ ენას უნდა მოვაშოროთ რუსული ანბანი და აღვადგინოთ ქართული ანბანი“

გერმანიაში მოღვაწე, სოციოლოგი ლევან მეტონიძე გამოდის ინიციატივით, რომ აფხაზურ ენას მოვაშოროთ რუსული ანბანი და აღვადგინოთ ქართული ანბანი, რითაც სამმაგ ეფექტს მივიღებთ. როგორც მეტონიძე აცხადებს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ აფხაზებს რეალურად განვითარებაში, საჭიროა ქართული ანბანის სწავლის ხარისხის აღდგენა და ჩვენება იმისა, რაოდენ კარგად შეიძლება აფხაზური ენის შესწვალა, განვითარება და, რა თქმა უნდა, გადარჩენა. მისი თქმით, თუკი დღეს აფხაზი ახალგაზრდა ლექსს წერს რუსულ ენაზე, მღერის რუსულ ენაზე, თუკი რამე პროზა იწერება, ისევ რუსულ ენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსულმა ენამ შთანთქა აფხაზური, არ ხდება მისი განვითარება.

for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლევან მეტონიძესთან.

აფხაზეთის კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა, ისტორიისთვის არ არის დიდი დრო, მაგრამ ადამიანებისთვის საკმაოდ დიდი დროა. თქვენ გქონდათ საჯარო ლექცია შერიგების საკითხზე და წარმოადგინეთ თქვენი ხედვა. ბატონო ლევან, როგორ გესახებათ კონფლიქტის მოგვარება? პირდად ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ და შემდეგ ტერიტორიები, მგონია, რომ ეს არის შერიგების ფორმულა...

ლევან მეტონიძე: სრულიად გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია, მაგრამ ნებისმერ რთულ საკითხს სჭირდება ჩაღრმავება და პირვანდელი მიზეზის ძიება. კერძოდ, საიდან იწყება დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის. ვფიქრობ, მცდარია ის მოსაზრება, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთში და მესამე მხარემ წაგვკიდა.

თუმცა, წაკიდებაში, რომელიც მერე დაპირისპიებაში გადაიზარდა, მესამე მხარემ შეასრულა გადამწყვეტი როლი...

- ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია, მაგრამ მესამე მხარე ყოველთვის პოულობს პრობლემას, რომელიც არის ორ მხარეს შორის და როგორც წესი, კონფლიქტი ყოველთვის ორ მხარეს შორისა და მესამე არის ე.წ. ბენეფიციარი, რომელიც სარგებლობს ამ კონფლიქტით. სწორედ ეს იყო ჩემი კვლევის საგანი - რაში შეიძლება ჩვენს შორის მომხდარიყო დაპირისპირება. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევები იძლევა სურათს, რომ პირველ რიგში, ეს არის ენობრივი კონფლიქტი. მე-20 საუკუნე ცნობილია ეთნოკონფლიქტებით, რომელიც მაინც არის საფარველი. საერთოდ, კონფლიქტები არსებობს რასობრივი, ენობრივი და რელიგიური.

აფხაზეთში ჩვენ გვქონდა ეთნოკონფლიტი, რომელიც პოლიტიკურად იყო მოტივირებული...

- ეთნო ქვია, მაგრამ ამ ეთნოს ქვემოთ რა შრე არსებობს? - ეს არის ენობრივი. როდესაც ერთ ტერიტორაზე ცხოვრობს ორი ეთნოსი, რომლებსაც აქვთ განსახვევული ენები და ამ ენებზე მათ ერთმანეთის არ ესმით, როდესაც ასეთი კოლიზიები ხდება, ბუნებრივია, რომ მას მოჰყვება კონფლიქტი და იწყება რაღაცის გაყოფის პროცესი. მესამე მხარე ყოველთვის ხედავს ამას და აღვივებს კონფლიქტს, რომ სარგებელი მიიღოს. გააჩნია რა ინტერესი აქვს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ მცირე რეგიონალური მოთამაშეები და ჩვენი შეჯახება არ აღმოჩდა რთული.

პრინციპში, ეს იწყება მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერია შემოდის კავკასიაში, მაგრამ ეს ყველაფერი გრძელდებოდა და კონფლიქტმა მე-20 საუკუნის დასასრულს მოგვიკაკუნა და გაღვივდა მაშინ, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. როგორც ჩანს, აფხაზებმა თავიანთი თავი ვერ დაინახეს ამ დამოუკიდებელ საქართველოში. იმისათვის წამოიწყეს ეს ყველაფერი, რომ თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნათ და ამ სახელმწიფოში თავისი იდეის რეალიზება მოეხდინათ.

და რა იყო ეს იდეა, რომელიც გახდა კვლევის საფუძველი?

- იდეა იყო აფხაზური სახელმწიფოს შექმნა აფხაზურ ენაზე. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ ენაზე და ჩვენი მთავარი ენა არის ქართული, ასევე მათი სურვილია, რომ ეს იყოს აფხაზური ენა, მაგრამ ამ აფხაზურ ენას აქვს გარკვეული პრობლემები და ეს არ ხორციელდება. აფხაზებს თავიდან ეგონათ, რომ რადგან რეგიონში ქართული ენა არის მთავარი, უმრავლესობა არის ქართველი, ამიტომ ჩვენ ვართ უმცირესობაშიო.

ამ დროს ჩაერთო მესამე მხარეც და არწმუნებდა ამ ადამიანებს, რომ თქვენ, თქვენი სახელმწიფოს რეალიზებას ვერ ახდენთ, თქვენი ენა არის სუსტი, ქართული ენა არის ძლიერი, შთანთქავს და უქმნის ასიმილაციის საფრთხეს. ეთნოწმენდამ დაგვანახა, რომ ქართველები იქიდან გამოყარეს, ქართული ენა იქ აღარ ისმის, მაგრამ 30 წელია, რომ ძლიერდება რუსული ენა, სუსტდება თვითონ აფხაზური ენა და მიდის ასიმილაციის პროცესი.

ქართველებთან თანაცხოვრების დროს აფხაზური ენა წინა პლანზე იყო, სკოლებშიც კი ისწავლებოდა მე-4 კლასამდე, დღესაც ისწავლება, მაგრამ ხალხი არ ჰყავთ. ესეც არის რუსიფიკაციის პოლიტიკის ნაწილი, რა პრობლემა აქვს დღეს აფხაზურ ენას?

- ზუსტად ასეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ არის აფხაზური ენის პრობლემა. აფხაზური ენის მთავარი პრობლემა არის მათი დამწერლობა, რომელიც არის რუსულ ანბანზე ე.წ. კირილიცაზე. ეს არის ინდოევროპული ანბანი, რომელიც არ შეესაბამება და ვერ მოიცავს კავკასიურ ენას - იგულისხმება ჩრდილო კავკასიური ენა. ფაქტობრივრად, ეს არის ერთგვარი ალიკაპი აფხაზი ხალხის ენის დასათრგუნად. ეს არის ურთულესი დამწერლობა, აფხაზური ენა რთული ენაა, ხოლო კირილიცაზე შექმნილი ანბანი კიდევ უფრო ართულებს ამ ენის შესწავლას. შესაძლებელია ეს იცოდნენ ერთეულებმა, მაგარამ არ იციან მასებმა.

შესაბამისად, იდეა, რომ დამოუკიდებლობის შემთხვევაში ჩვენ შევქმნით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ეს იდეა არ ხორცილდება. ჩემი ორგანიზაციის შეთავაზებაც ეს არის, რომ ჩვენ, ენგურს აქეთა საქართველოში აღვადგინოთ ძველი ანბანი, რომელიც იყო 1938 წლიდან 1954 წლამდე. ამ პერიოდში ქართული ანბანი იყო გამოყენებული აფხაზური დამწერლობისთვის. მაგალითად, რომელიმე სკოლაში დავნერგოთ და ვაჩვენოთ აფხაზური ენის შესწავლის ხარისხი. ჩვენი ანბანი არის ენდემური, შუა საუკინეებში გამოიყენებოდა ჩეჩნების და ინგუშების მიერ, იგივე აფხაზების და ოსების მიერ. დღეს ეს ცოდნა დავიწყებულია, აღარ არსებობს.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ ენებს რეალურად განივითარებაში, საჭიროა ანბანის აღდგენა. უბრალო ექსპერიმენტის ჩატარება და სხვა არაფერი. აღვადგინოთ ქართული ანბანის სწავლის ხარისხი და ვაჩვენოთ რაოდენ კარგად შეიძლება აფხაზური ენის შესწვალა, განვითარება და რა თქმა უნდა, გადარჩენა. თუკი დღეს აფხაზი ახალგაზრდა ლექსს წერს რუსულ ენაზე, მღერის რუსულ ენაზე, თუკი რამე პროზა იწერება, ისევ რუსულ ენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსულმა შთანთქა აფხაზური, არ ხდება მისი განვითარება.

იოსებ სტალინი იყო ინიციატორი, რომ ქართულ ანბანზე შეესწავლათ აფხაზური ენა. მისი გარდაცვალების შემდეგ ნიკიტა ხრუშოვმა ეს ყველაფერი გააუქმა და დააბრუნა ისევ კირილიცა. როდესაც აფხაზურ დამწერლობას ქმნიდა გენერალი უსლარი, პირველი, ვინც შექმნა აფხაზური დამწერლობა, ის ამბობდა, რომ, რა თქმა უნდა, აფხაზური ენისათვის საუკეთესოა ქართული ანბანი, მაგრამ მაშინ პოლიტიკურ ზეგავლენას დავკარგავთ ამ ხალხზეო და ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო კირილიცა.

თქვენ ამბობთ, რომ აფხაზური ენის გადარჩენა დღეს ბევრად მარტივად შეიძლება და შესაძლებელია ადამიანებმა შეისწავლონ აფხაზური ენა, რაც ასევე ნიშნავს აფხაზების გადარჩენასაც. ცხადია, როდესაც იკარგენა ენა, იკარგება ერი, მაგრამ როდესაც არის პოლიტიკური განაცხადი, რომ ქართული ანბანის აღდგენის შემთხვევაში დაკარგავენ პოლიტიკურ გავლენას და თქვენი კვლევაც ამას ამბობს, რომ ეს იყო ენობრივი კონფლიქტი, ამ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია ენგურს აქეთა საქართველოში ქართული ანბანით აფხაზური ენის აღდგენა?

- აფხაზური ენა არის აფხაზურ-ადიღეური ჯგუფი, რომელიც არის განსხვავებული ჩვენი ოჯახისაგან, რომელიც არის ქართული, ზანური, მეგრული, სვანური და ასევე ჩრდილო კავკასურ ენები, რომლებსაც არა აქვთ თავიანთი ენა, ეწოდება უმწერლო ენა. შესაბამისად, ქართულმა სამეფომ ამ ხალხს გულუხვად გადასცა ეს ჩვენი ენა. იქ ქართულ ენაზე კი არ იწერებოდა რამე, არამედ ჩვენი ასო-ნიშნები იყო გამოყენებული მათი ენების გამოსახატავად. ეს არის იმ იდეის განხორციელება, მაგალითად, რაც აქვთ აფხაზებს, ეს არის თავიანთი ენის გადარჩენა და თავიანთი რაობის გამყარება, ოღონდ საერთო ქართულ სახელმწიფოში. თუკი მათ აქვთ გაქართველების შიში, ეს შიში შეიძლება მათ მოეხსნათ.

მაგალითად, აჭარის ტერიტორიაზე არიან ეთნიკური აფხაზები, მუხაჯირების შთამოვალები, აი, მათ წიაღში შეიძლება ამ ანბანის აღდგენა, ამ ანბანის მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს ენის შესწავლა და თავიანთ თანამემაულეებს ენგურს იქეთ აჩვენონ ხარისხი და ის ეფექტი, რაც ქართულ ანბანს შეუძლია მოახდინოს. ამ ანბანს სამმაგი ეფექტი ექნება.

როგორ?

- აფხაზები ამ ანბანის მეშვეობით თავიანთ ენას განავითარებენ, ქართველები, რომელებიც აპირებენ აფხაზებთან ერთად თანაცხოვრებას, შეძლებენ ადვილად შეისწავლონ ქართულ ანბანზე აფხაზური ენა. ასევე, ამ ანბანის მეშვეობით აფხაზები ადვილად შეისწავლიან ქართულ ენას და აფხაზები და ქართველები შეძლებენ მშობლიურ ენაზე ერთმანეთთან დიალოგს მესამე ენების გარეშე და რეგიონში შეიძლება მივიღოთ ლინგვო კონკურენცია.

ასე ვთქვათ, ქართული და აფხაზური ენები იქნებიან კონკურენტები და მოგეხსენებათ, რომ კონკურენტები ერთმანეთს აძლიერებენ. ჩვენ არ ვართ რუსოფობები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია არსებობდეს რუსული ენა, რატომაც არა, რუსული ენის ცოდნაზე უარს არავინ არ იტყვის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახდინოთ არა დე-რუსიფიკაცია, არამედ დე-კირილიზაცია. აფხაზურ ენას მოვაშოროთ რუსული ანბანი და აღვადგინოთ ჩვენი ქართული ანბანი, რითაც სამმაგ ეფექტს მივიღებთ.

დღეს აფხაზებს ვერ ეტყვი, რომ უარი თქვან რუსული ენის შესაწავლაზე, რადგან რუსული ენა არის წამყვანი აფხაზეთში. კონფლიქტის შემდეგმა თაობამ არ იცის ქართული ენა. როგორ ფიქრობთ, დღეს აფხაზები არიან მზად იმისათვის, რომ გამოვიდნენ დე-კირილიზაციის წინააღმდეგ?

- ძალიან მარტივია, პირველ რიგში, უნდა იყოს სახელწიფოს ნება. ასევე, უნდა ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვა. მაგალითად, დევნილებს შორის და სააკაშვილის ხელისუფლებამ კარგი რამ გააკეთა, როდესაც თანამგზავრის მეშვეობით თქვენი სახლები იქნა აღწერილი და დაკანონებული. ასევე, შეიძლება ჩატარდეს ასეთი სახის გამოკითხვა - ადამიანი, ვინც მზად არის დაბრუნდეს და აფხაზებთან ერთად თანაცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, არის თუ არა მზად აფხაზური ენის შესწავლისათვის. მაგალითად, თქვენ თუ გამოხატავთ სურვილს, შესაძლებელია, რომ სახელმწიფო ნების შემთხვევაში აღდგეს ეს ანბანი.

ბავშვები მარტივად ითვისებენ ენას და რამდენიმე წელიწადში შეიძლება მივიღოთ აფხაზურად მოსაუბრე ბავშვები, რომლებიც თავიანთ თანატოლებს თავიანთ ენაზე - აფხაზურად დაელაპარაკებიან და ამით აფხაზებს დაანახებენ, რომ მე ქართულ ენას თავზე არ გახვევ, არ მინდა შენი გაქართველება, შენი ასიმილაცია, გელაპარაკები შენს ენაზე. კომპლექსი თუ გაქვს, რომ ქართული შთანთქავს შენს ენას, ეს შიში გაქრება და მათ წარმოდგენებში მოხდება სრული ტრანსფორმირება, რომ ქართველები არ არიან რაღაცა მონსტრები, რომლებიც აქრობენ მცირე ენებს, ერებს.

ჩვენ ძალისმიერად თავს ვერავის ვერაფერს მოვახვევთ. უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია კარგი მაგალითი ვაჩვენოთ ამით. იმისათვის, რომ ჩვენ გავაერთიანოთ ჩვენი სახელმწიფო და ამ გლობალურ გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვართ აფხაზების მტრები და არავითარი მათი ასიმილაცია არ გვინდა და ეს არც არასოდეს არ გვინდოდა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იფარებდა ნებისმიერ ეთნოსს, ნებისმიერ შემოსულ თუ სტუმრად მოსულ ადამიანს. საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვუმკლავდებოდით საერთო მტრის შემოტევას და, დღეს, უკვე 30 წელია ასეთ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა უნდა დაიძრას, რომ დაიწყოს შერიგება.