უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ღამით ბალისტიკური რაკეტებით იერიშის საფრთხე იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროში. რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად მოკავშირეების მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიუთითებს კიევი.
ღამის ტრადიციული მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა ჰაერიდან მტრის თავდასხმები მოიგერიოს ისევე, როგორც ეს ისრაელმა პარტნიორების დახმარებით გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებული შტატების კონგრესს, უკრაინისთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს.
„თანამედროვე ავიაცია ადასტურებს თავის ეფექტიანობას, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ სიცოცხლის დაცვა - ეს ნათლად გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ავიაციამ და საჰაერო თავდაცვამ ისრაელისკენ მიმართული ირანული რაკეტები და დრონები ჩამოაგდო. მთელი მსოფლიო ხედავს, რა არის რეალური დაცვა; ხედავს, რომ ეს შესაძლებელია და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ისრაელი მარტო არ იყო ამ თავდაცვაში - ცაში არსებული მუქარა მოკავშირეებმაც გაანადგურეს და როცა უკრაინა თავის მოკავშირეებს ეუბნება, რომ ერთიანობა უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას, მათ უკვე კარგად იციან ამის ეფექტიანობა. როდესაც უკრაინა ამბობს, რომ მოკავშირეებს არ შეუძლიათ თვალის დახუჭვა რუსულ რაკეტებსა და თვითმფრინავებზე, ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია მკაცრად ვიმოქმედოთ. ცას არ იცავს რიტორიკა, რაკეტებისა და თვითმფრინავების წარმოება მხოლოდ ფიქრებით არ შემოიფარგლება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.