„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“

For.ge იწყებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.

„არაძალადობრივი ბრძოლის მაკიაველი“

ნოდარ ლაბარტყავა: „მიუხედავად ტერმინის - „სახელმწიფო გადატრიალება“ - შინაარსის ძალადობრივი ბუნებისა, მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში განხორციელებულ ანალოგიური მოვლენათა მნიშვნელოვანი ნაწილი, ეგრეთ წოდებული, არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებისა და ხერხების აბსოლუტური სიჭარბით გამოირჩევა.

ΧΧІ საუკუნის დასაწყისისათვის, ეგრეთ წოდებული ფერადი, ანუ ხავერდოვანი რევოლუციების მთელი წყება, რომლებიც ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხდა, უსისხლოდ, ან თითქმის უსისხლოდ ჩატარდა.

საქართველოში - „ვარდების რევოლუცია“, ყირგიზეთში „ტიტების რევოლუცია“ და 2010 წლის მოვლენები, არაბეთში „არაბული გაზაფხული“, 2018 წლის სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია და მრავალი სხვა სახალხო საპროტესტო მოძრაობა, მნიშვნელოვანწილად, „ხავერდოვანი რევოლუციის“ იდეოლოგის ჯინ შარპის არაძალადობრივი ბრძოლის თეორიის მეთოდების გამოყენებით განახორციელეს.

ჯინ შარპმა მთელი ცხოვრება არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების შესწავლას მიუძღვნა და ამიტომაც, გარკვეულ წრეებში მას „არაძალადობრივი ბრძოლის მაკიაველი“-საც უწოდებენ.

წინამდებარე პუბლიკაციაში, პირობითი სათაურით - „ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ - მოყვანილია ჯინ შარპის სამი ნაშრომი: „დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ“ („From Dictatorship to Democracy“) „გამათავისუფლებელი ბრძოლა“ („Self-Liberation“), და „არაძალადობრივი მოქმედების 198 მეთოდი“ („198 Methods Of Non Violent Action“).

დროთა განმავლობაში დაგროვილმა მასალამ და შეძენილმა გამოცდილებამ შარპი მიიყვანა დასკვნამდე, რომ მჩაგვრელ სისტემასთან ბრძოლა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოო დამარცხებაც კი, ორმხრივი მასობრივი სისხლისღვრის გარეშე, შესაძლებელი იყო.

შარპის ნაშრომები სწორედ ამ შრომის შედეგია. როგორც თავად ამბობს, ისინი სრულყოფილებისაგან შორსაა, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ ჩაგრულ ხალხს გამათავისუფლებელი მოძრაობის დაგეგმვასა და მის ეფექტურ განხორციელებაში საფუძვლიანად დაეხმარება და მიიჩნევს, რომ „ეს უმნიშვნელოვანესი ცოდნა მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფებისათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მისი გავრცელება ადამიანების რაც შეიძლება ფართო წრისთვის უნდა მოხდეს“.

იმედს ვიტოვებ, რომ წინამდებარე პუბლიკაცია თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის - შესაბამისად დემოკრატიისა და თავისუფლების გაძლიერების მხრივ, რაც საბოლოოდ აღკვეთს ხელისუფლებაში რეაქციული რადიკალური ძალების დაბრუნების შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებას“.

დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ

გათავისუფლების სტრატეგია და ტაქტიკა

წინასიტყვაობა

მრავალი წლის განმავლობაში მაღელვებდა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ან დავამარცხოთ დიქტატურა. ეს ნაწილობრივ ეფუძნებოდა იმის რწმენას, რომ არ შეიძლება ადამიანების დათრგუნვა და განადგურება, რაც ამგვარი რეჟიმის დროს ხდება. ამ რწმენას აძლიერებდა წიგნები და სტატიები ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობის, დიქტატურის ბუნების (არისტოტელედან ტოტალიტარიზმის განსაზღვრამდე), დიქტატურის ისტორიის (განსაკუთრებით ნაცისტური და სტალინური) შესახებ.

გავიცანი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ნაცისტების მმართველობისას და საკონცენტრაციო ბანაკების გავლაც მოუხდათ. ნორვეგიაში შევხვედრივარ მათ, ვინც იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ და გადარჩა, და გავიგე იმ ადამიანების შესახებ, ვინც დაიღუპნენ ამ ბრძოლაში. მე მისაუბრია იმ ებრაელებთან, რომლებმაც მოახერხეს სიკვდილისაგან თავის დაღწევა, და იმ ადამიანებთან, ვინც მათ გადარჩენაში დაეხმარნენ.

სხვადასხვა ქვეყანაში კომუნისტური მმართველობის შესახებ წიგნების მეშვეობით უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პიროვნული კონტაქტებით. ამგვარი რეჟიმები შემზარავად წარმომიდგა, რადგანაც დიქტატურა თავისუფლების სახელით იქნა დამყარებული.

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უკეთესად გავაცნობიერე პანამაში, პოლონეთში, ჩილეში, ტიბეტსა და ბირმაში თანამედროვე დიქტატურების თავისებურებანი ამ ქვეყნებიდან გამოქცეული ადამიანების მონათხრობების წყალობით. ჩინურ კომუნისტურ აგრესიასთან მებრძოლი ტიბეტელებისაგან, 1991 წლს პუტჩზედ გამარჯვებული რუსებისაგან, ტაილანდელებისაგან, რომლებმაც ძალადობის გარეშე ხელი შეუშალეს სამხედრო მმართველობის დაბრუნებას, დიქტატურის მზაკვრული ბუნების შესახებ უამრავი ახალი და უმძიმესი ინფორმაცია მივიღე.

დიქტატურის სისასტიკე ჩემში ტკივილსა და რისხვას იწვევდა, წარმოუდგენლად მამაცი ქალებისა და კაცების აუღელვებელი გამბედაობა კი აღმაფრთოვანებდა. ამასთან ვსტუმრობდი იმ ადგილებს, სადაც საშიშროება ჯერ არ გამქრალიყო და წინააღმდეგობა გრძელდებოდა. ვიყავი პანამაში ნორიეგას მმართველობისას; ვილნიუსში საბჭოთა რეპრესიებისას; ტიანანმენის მოედანზე, პეკინში, დემონსტრაციის დროსაც და იმ საშინელ ღამესაც, როდესაც მოედანზე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა და „თავისუფალი ბირმის“ მეინერპლაუს ჯუნგლებშიც, სადაც დემოკრატიული ოპოზიციის შტაბი იყო განთავსებული.

ვიყავი იქაც, სადაც დაიღუპა ხალხი - ვილნიუსის ტელეანძასთან და სასაფლაოზე, რიგის პარკში, ფერარაში (ჩრდილოეთ იტალია), სადაც ფაშისტებმა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები მწყობრში ჩააყენეს და დახვრიტეს, ვნახე ახალგაზრდა ადამიანების სასაფლაოები მეინერპლაუში (ბირმა). მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ ნებისმიერი დიქტატურა უამრავ მსხვერპლსა და ნანგრევს ტოვებს.

დროთა განმავლობაში შეძენილმა ცოდნამ და გამოცდილებამ წარმოშვა მყარი იმედი, რომ ტირანიის შემოტევის აცილება შესაძლებელია. შეიძლება მასთან ბრძოლა ორმხრივი მასობრივი სისხლისღვრის გარეშე, შეიძლება მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ისე დამარცხებაც კი, რომ ფერფლისგან ვერასდროს აღდგეს.

 შევეცადე მომეძებნა დიქტატურის დამხობის ყველაზე ეფექტური გზები, რომლებსაც მხოლოდ მინიმალური ტანჯვა და მსხვერპლი მოჰყვებოდა. ამასთან ვსარგებლობდი იმ ცოდნით, რაც დიქტატურის, წინააღმდეგობის მოძრაობებისა და რევოლუციების მრავალწლიანმა შესწავლამ, პოლიტიკური აზრის, მმართველობის სისტემებისა და განსაკუთრებით, სავსებით რეალური, არაძალადობრივი ბრძოლის გამოკვლევამ შემძინა.

ეს წიგნი სწორედ ამ შრომის შედეგია. რა თქმა უნდა, იგი სრულყოფილებისაგან შორსაა, მაგრამ იმედია, ჩაგრულ ხალხს დახმარებას გაუწევს გამათავისუფლებელი მოძრაობის დაგეგმვასა და მის ეფექტურ განხორციელებაში.

აუცილებლობის გამო მთავარ ყურადღებას შეგნებულად ვუთმობ საერთო მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაინგრეს დიქტატურა და არ იქნას დაშვებული ახლის წარმოქმნა. მე არ ვარ კომპეტენტური გავაკეთო დეტალური ანალიზი და არ ვიძლევი რეცეპტს რომელიმე განსაზღვრული ქვეყნისათვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს კვლევა დაეხმარება იმ ხალხს, ვინც დიქტატორულ რეჟიმს ღიად დაუპირისპირდება. ისინი თავად გადაწყვეტენ, შესაძლებელია თუ არა ამ ცოდნის გამოყენება მათი მდგომარეობისათვის და რამდენად გამოდგება მისი ძირითადი რეკომენდაციები თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

დაბოლოს, მე მადლიერებას გამოვთქვამ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ შრომაში. ბრიუს ჯენკინსმა, ჩემმა თანაშემწემ, ძალიან ბევრი იშრომა პრობლემების ფორმებისა და შინაარსის დაზუსტებისას. გარდა იმისა, იგი მუდმივად მირჩევდა ნათლად წარმომეჩინა რთული იდეები (განსაკუთრებით ისინი, რომელიც სტრატეგიას ეხება), მეხმარებოდა მასალის სტრუქტურის შეცვლაში და ახდენდა ტექსტის რედაქტირებას. რედაქტურისთვის მადლობას ვუხდი სტივენ კოუდისაც, ხოლო დოქტორ ქრისტოფერსა და რობერტ ჰელვეის - მნიშვნელოვანი შენიშვნებისათვისა და რჩევებისათვის. დოქტორ ჰეიზელ მაკფერსონმა და დოქტორ პატრიცია პარკმენმა მომაწოდეს მონაცემები აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამგვარი გულუხვი დახმარების შედეგად მოცემულმა ნაშრომმა ძალიან ბევრი რამ შეიძინა. ხოლო პასუხისმგებლობას ანალიზსა და დასკვნებზე საკუთარ თავზე ვიღებ.

მე არსად ვამტკიცებ, რომ დიქტატურასთან ბრძოლა იოლი და უწყინარია. ნებისმიერი ბრძოლის ფორმა გართულებასა და დანაკარგს ითვალისწინებს. ბუნებრივია, რომ დიქტატორთან დაპირისპირება მსხვერპლს მოითხოვს. თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ანალიზი წინააღმდეგობის ლიდერებს ბრძოლის ეფექტურობის გაზრდისა და დანაკარგების შემცირების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კონკრეტული დიქტატურის დამხობის შემდეგ სხვა დანარჩენი პრობლემაც გაქრება. რეჟიმის დამხობას უტოპია არ მოჰყავს, იგი გზას თავდადებული შრომისათვის ხსნის. იმისათვის, რომ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სამართლიანი გახდეს, და უსამართლობის სხვა სახეები თანდათანობით აღმოიფხვრას, ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ იმ გზების მოკლე ანალიზი, რომლებსაც დიქტატურის რღვევამდე მივყავართ, ხალხისთვის, ვინც დიქტატურის წნეხის ქვეშ ცხოვრობს და თავისუფლებისაკენ მიისწრაფის, სასარგებლო აღმოჩნდება.

ჯინ შარპი 6 ოქტომბერი 1993წ

ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტი

ბოსტონი, მასაჩუსეტსი

თავი პირველი

რეალური წარმოდგენა დიქტატურაზე

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყნის შიგნით წარმოქმნილი ან გარედან თავსმოხვეული, უამრავი დიქტატორული რეჟიმი, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობის ზეწოლის შედეგად დაემხო ან შეირყა. ხშირად ვერც წარმოედგინათ, თუ რეჟიმის ადგილიდან დაძვრა იქნებოდა შესაძლებელი, ისე ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული, მაგრამ რეალობაში, ადამიანების შეთანხმებულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა დაუმორჩილებლობამ ყველა წინააღმდეგობა დასძლია.

1980 წლიდან, ძირითადად არაძალადობრივი დაუმორჩილებლობის წყალობით, დიქტატორული რეჟიმები დაემხო ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, პოლონეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიასა და სლოვენიაში, მალიში, ბოლივიაში, ფილიპინებსა და მადაგასკარზე. არაძალადობრივმა წინააღმდეგობამ დემოკრატიზაციასთან ახლოს მიიყვანა ნეპალი, ზამბია, სამხრეთ კორეა, ჩილე, არგენტინა, ჰაიტი, ბრაზილია, ურუგვაი, მალავი, ტაილანდი, ბულგარეთი, უნგრეთი, ზაირი, ნიგერია და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილი, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1991 წლის აგვისტოს პუტჩზე გამარჯვებაში.

გარდა ამისა, უკანასკნელი წლების განმავლობაში მასობრივი პოლიტიკური დაუმორჩილებლობა განხორციელებულ იქნა ჩილეში, ბირმასა და ტიბეტში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლებმა ბოლომდე ვერ დაასრულა მმართველი დიქტატურები და ოკუპაციები, მათ მსოფლიო საზოგადოებას მსგავსი რეჟიმების სისასტიკე აჩვენეს და მოსახლეობას ამგვარი ბრძოლების მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინეს.

ჩამოთვლილ ქვეყნებში დიქტატურის დამარცხება, რა თქმა უნდა, სხვა დანაჩენ პრობლემებს ვერ წყვეტს. დიქტატორული რეჟიმები მემკვიდრეობით სიღარიბეს, დამნაშავეობას, არაეფექტურ ბიუროკრატიას და განადგურებულ გარემოს ტოვებენ. მაგრამ, ჩაგვრის მსხვერპლთ მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ტვირთი და რაც მთავარია, გაცილებით ფართო გზა იხსნება საზოგადოების პოლიტიკური, დემოკრატული გარდაქმნისათვის, პირადი თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

მუდმივი პრობლემა

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში გაჩნდა დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელების ტენდენცია. ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, თუ როგორი მდგომარეობაა პოლიტიკურ უფლებებთან და სამოქალაქო თავისუფლებათან დაკავშირებით; მისი მონაცემებით, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, „თავისუფალ“ ქვეყანათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა:

            თავისუფალი   ნაწილ. თავისუფალი     არათავისუფალი

 1983            55                             76                                               64

 1993            75                             73                                               38

 2003            89                             55                                               48

 2009            89                             62                                               42

თუმცა ამ დადებით ტენდენციას ასუსტებს ის, რომ მრავალი ხალხი ჯერ კიდევ ტირანიის პირობებში ცხოვრობს. 2008 წლისთვის დედამიწაზე მცხოვრებთა 6.8 მილიარდი ადამიანიდან 34% „არათავისუფალ“ **ქვეყანაში ცხოვრობდა, ანუ იქ, სადაც პოლიტიკური უფლება და სამოქალაქო თავისუფლება ძალიან შეზღუდულია. არათავისუფალ კატეგორიაში შესულ 42 ქვეყანას მართავენ სამხედრო დიქტატორები (ბირმა), ტრადიციული რეპრესიული მონარქიები (საუდის არაბეთი და ბუტანი), დომინანტი პოლიტიკური პარტიები (ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა), უცხოელი ოკუპანტები (ტიბეტი და დასავლეთ საჰარა). ზოგიერთი მათგანი გარდამავალი პერიოდის თანმდევი სირთულეების დაძლევის პროცესშია.

დღესდღეობით, მრავალ ქვეყანაში, სწრაფი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები მიმდინარეობს. მართალია, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში „თავისუფალი“ ქვეყნების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ ასეთ სწრაფ და ღრმა ცვლილებებს არა თავისუფლება, არამედ დიქტატურის ახალი ფორმები მოჰყვეს, კვლავ რჩება. სამხედრო დაჯგუფებები, პატივმოყვარე ლიდერები, დოგმებისადმი ერთგული პარტიები, საზოგადოებისათვის მუდმივად საკუთარი ნების თავს მოხვევას ცდილობენ. სახელმწიფო გადატრიალებები ახლაც ხდება და ადვილი შესაძლებელია, რომ მომავალშიც მოხდეს. ძირითადი უფლებები (ადამიანისა და პოლიტიკური) მრავალი ხალხებისათვის ადრინდელივით მიუწვდომელი რჩება.

სამწუხაროდ, წარსული ღრმა კვალს ტოვებს. დიქტატურის პრობლემა ისევ რჩება. სხვადასხვა ქვეყნის ხალხი, ათეულობით და ასეულობით წლის განმავლობაში, შიდა და გარე წნეხის ქვეშ ცხოვრობდა. მათგან მოხელეებისა და ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდნენ. უკიდურეს შემთხვევებში, სახელმწიფო ან მმართველი პარტია წინასწარგანზრახვით ასუსტებდა, იქვემდებარებდა ან ცვლიდა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს და ქმნიდა ისეთებს, რომელთა გამოყენება საკუთარი ინტერესისათვის რთული არ იქნებოდა. მათი მეშვეობით ხალხს დააცალკევებდნენ, გათიშული ხალხის ბრბოს კი ერთმანეთის ნდობა, საკუთარი ნებით მოქმედება და თავისუფლების მოპოვება აღარ შეუძლია.

შედეგის წინასწარ განსაზღვრა რთული არ არის - ხალხი სუსტდება, კარგავს თავდაჯერებულობას და წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ადამიანები იმდენად არიან დაშინებულნი, რომ დიქტატურის სიძულვილსა და თავისუფლების წყურვილის შესახებ საუბარს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთანაც კი ვერ ბედავენ. მათ ღია წინააღმდეგობაზე გაფიქრებისაც კი ეშინიათ და თავისუფლებისათვის ბრძოლის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ, უმიზნოდ იტანჯებიან და მომავალს იმედის გარეშე შესცქერიან.

შეიძლება, რომ თანამედროვე დიქტატურის პირობები ადრინდელებზე ბევრად უარესი აღმოჩნდეს. ადრე წინააღმდეგობის გაწევას ზოგიერთი ადამიანი მაინც ცდილობდა. მოკლევადიანი მასობრივი პროტესტები, დემონსტრაციები, საზოგადოების მორალურ სულს გარკვეული დროით ზრდიდნენ. ცალკეული ადამიანები ან მცირე ჯგუფები, რაიმე პრინციპის დასაცავად ან უბრალოდ დაუმორჩილებლობის გამოსახატავად, თითქმის უაზრო საქციელებს სჩადიოდნენ. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ამ ქმედებებს დაეძლიათ შიში და მორჩილების ჩვევა, ანუ შეექმნათ დიქტატურის დაშლის წინაპირობა - არ შეეძლოთ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამგვარ მოქმედებებს უამრავი მსხვერპლი და სისასტიკე მოჰქონდათ და გამარჯვების ან თუნდაც იმედის ჩასახვის ნაცვლად არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდნენ.

2 Freedom House, Freedom in the World, http://www.freedomhouse.org.

 ** Ibid. 2019 წლის თებერვალში Freedom House-ის გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილი 210 ქვეყნის შეფასების შედეგად მიღემული ანალოგიური მონაცემების შემდეგი:

 თავისუფალი ნაწილობრივ თავისუფალი არათავისუფალი

 2018 88 65 57

უკვე ზედიზედ მეათე წელია, რაც „ფრიდომ ჰაუსი“ მსოფლიოში თავისუფლების ხარისხის კლებაზე იუწყება. ასეთი რეალობის ხელშემწყობ ფაქტორებს, შარშანდელი მონაცემებით, წარმოადგენდა მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილი ურთიერთგადამკვეთი კრიზისები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში კვებავდნენ ქსენოფობიურ განწყობებს და მთელ რიგ სახელმწიფოებში პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს იწვევდნენ.

წინასიტყვაობაში, რომლის თანაავტორი „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი გამოკვლევების საკითხებში არჩ პადინგტონია, ნათქვამია, რომ ეკონომიკურმა უკუსვლამ ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო გაართულა კომპლექსური პრობლემები, რაც თავის მხრივ, კორუფციითა და საგარეო პოლიტიკის სარბიელზე დაშვებული შეცდომებით იყო განპირობებული. https://gtmarket.ru/ratings/freedom-the-world/info (მთარგმნელი)

თავისუფლება ძალადობის მეშვეობით?

რა უნდა ვქნათ ისეთ ვითარებაში, როდესაც მეტნაკლებად აშკარა შესაძლებლობები უშედეგოა - დიქტატორი კონსტიტუციური და საკანონდებლო ბარიერების, სასამართლო გადაწყვეტილების, საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას ახდენს. ამიტომაც გასაგებია, რომ სისასტიკესთან, წამებასთან და მკვლელობასთან შეჯახებისას ადამიანები ხშირად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ დიქტატურის დამხობა მხოლოდ ძალადობის გზითაა შესაძლებელი. ხანდახან განრისხებული მსხვერპლნი ერთიანდებოდნენ, რათა ებრძოლათ დიქტატურის წინააღმდეგ ძალადობისა და ომის ყველა საშუალებით, თუმცა მათ წარმატების შანსი არ ჰქონდათ. ისინი უშიშრად, თავდაუზოგავად და მამაცად იბრძოდნენ და ზოგჯერ მნიშვნელოვან შედეგსაც აღწევდნენ, მაგრამ თავისუფლებას იშვიათად მოიპოვებდნენ. აჯანყებას სასტიკად ახშობდნენ და ადამიანები კიდევ უფრო უძლურნი ხდებოდნენ.

როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლა, ერთი რამ ნათელია: თავისუფლებისათვის მებრძოლნი ბრძოლის იმ სახეობას ირჩევენ, სადაც მჩაგვრელს თითქმის ყოველთვის უპირატესობა აქვს. დიქტატორი ძალის გამოსაყენებლად მშვენივრადაა მომზადებული. რაოდენ დიდხანსაც არ უნდა მოქმედებდნენ თავისუფლებისათვის მებრძოლნი, საბოლოოდ სასტიკი რეალობა იმარჯვებს. როგორც წესი, დიქტატორს გაცილებით მეტი იარაღი, ტრანსპორტი და ჯარი გააჩნია. თავისუფლებისმოყვარულთა სიმამაცის მიუხედავად, მათ ამის საპირწონის შექმნა თითქმის არასდროს შეუძლიათ.

თუ შეიარაღებული აჯანყება არარეალურია, ზოგიერთი დისიდენტი პარტიზანულ ბრძოლას ემხრობა. თუმცა ამას ჩაგრული მოსახლეობისათვის სარგებელი იშვიათად მოაქვს და დემოკრატიულ ცვლილებას არასდროს (ან თითქმის არასდროს) უზრუნველყოფს. პარტიზანული ბრძოლის არჩევა პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. მიუხედავად შესაბამისი თეორიის, სტრატეგიული ანალიზის და ზოგჯერ - საერთაშორისო მხარდაჭერისა, იგი გამარჯვებას არ უზრუნველყოფს. პარტიზანული ბრძოლა საკმაოდ ხანგძლივია, მმართველი რეჟიმი კი ამ დროის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაზე ზეწოლას აძლიერებდა. ანუ, ბრძოლა უდიდესი წვალებასა და სოციალური დაძაბულობას იწვევს.

გარდა ამისა, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, პარტიზანულ ბრძოლას ხშირად ხანგძლივი ნეგატიური სტრუქტურული შედეგები მოჰქონდა. რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ, უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა. თუ მას საბოლოოდ დაამხობდნენ, ახალი რეჟიმი უკეთესი არ აღმოჩნდებოდა. შეიარაღებული ძალების რიცხვი და შესაბამისად გავლენა იზრდებოდა, ხოლო დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისათვის და მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ჯგუფები და ინსტიტუტები უკიდურესად სუსტდებოდნენ. დიქტატურის მოწინააღმდეგეებმა საბრძოლველად სხვა გზა უნდა მოძებნონ.

გადატრიალებები, არჩევნები, მხსნელები უცხოეთიდან?

შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ სამხედრო გადატრიალება საძულველი რეჟიმის დასამხობად შედარებით იოლი და სწრაფი ხერხია. თუმცა ამ ხერხს სერიოზული უარყოფითი მხარეებიც აქვს. უპირველეს ყოვლისა ის არ ცვლის ძალაუფლების არასამართლიან გადანაწილებას მოსახლეობასა და ელიტას, მმართველ ხელისუფლებასა და სამხედროებს შორის. მმართველი პოზიციებიდან ადამიანების ერთი ჯგუფის მოცილების შემდეგ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი სხვა, ანალოგიურმა ჯგუფმა ჩაანაცვლოს. ამგვარი ჯგუფი, დემოკრატიული რეფორმების მიმართ, შესაძლოა მეტად ლოიალური და გახსნილი აღმოჩნდეს. თუმცა, იგივე წარმატებით შეიძლება საწინააღმდეგო რამაც მოხდეს.

გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ პოზიციების კონსოლიდაციის შემდეგ, ახალი ჯგუფი წინაზე მეტად დაუნდობელი და პატივმოყვარე აღმოჩნდეს. შესაბამისად მათ, ვისზეც საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებდა, ეძლევათ საშუალება აკეთონ ის, რაც მოესურვებათ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იგნორირებით. ამ გზით დიქტატურის მოცილების პრობლემა არ გადაწყდება.

დიქტატურის დროს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისათვის, არჩევნებიც გამოუსადეგარია. ზოგიერთი დიქტატორული რეჟიმების პირობებში (მაგალითად, აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში, რომლებზეც საბჭოთა კავშირი ბატონობდა) არჩევნები ფორმალურად ტარდებოდა იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესების ილუზია შექმნილიყო. სინამდვილეში ეს იყო მკაცრად კონტროლირებადი პლებისციტი, რომელიც ხელისუფლების მიერ უკვე შერჩეული კანდიდატების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ზეწოლის შედეგად დიქტატორი, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა დათანხმდეს განსხვავებული ტიპის არჩევნების ჩატარებას, მაგრამ მანიპულირების შედეგად ის სამთავრობო კაბინეტში უბრალოდ სამოქალაქო მარიონეტებს დასვამს. თუ ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ და ისინი წარმატებას მიაღწევენ, როგორც ეს ბირმასა (1990წ) და ნიგერიაში (1993წ) მოხდა, მათ შედეგებს ყურადღებას არ მიაქცევენ, ხოლო „გამარჯვებული“ შეიძლება დააშინონ, დააპატიმრონ ან სიკვდილითაც კი დასაჯონ. დიქტატორი არ დაუშვებს არჩევნებს, რომელსაც მისი ტახტიდან ჩამოგდება შეუძლია.

მათ, ვინც დიქტატურისაგან იტანჯებიან, ან ჩრდილში ყოფნა მოახერხეს, რათა სასჯელი თავიდან აერიდებინათ, ჩვეულებისამებრ არ სჯერათ, რომ გათავისუფლებას სხვისი დახმარების გარეშე მოახერხებენ. ისინი თვლიან, რომ ხალხს ვიღაც სხვა უშველის, ანუ ფსონს გარე ძალებზე დებენ. მათი აზრით, მხოლოდ საერთაშორისო დახმარება შეიძლება იყოს იმდენად ძლიერი, რომ დიქტატორის დამხობა შეძლოს.

ის შეხედულება, რომ დათრგუნულ ადამიანებს ეფექტური მოქმედება არ შეუძლიათ, მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდისთვისაა სწორი. როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ჩაგრულ ხალხს ბრძოლა ხშირად არ სურს, გარკვეული დროით კი არც შეუძლია, რადგანაც არ სჯერა, რომ ძალუძს წინ აღუდგეს დაუნდობელ დიქტატურას და გადარჩენის გზებს ვერ ხედავს. ამიტომაც გასაგებია, რომ ხალხის უმეტესობა იმედს სხვაზე ამყარებს. ამგვარი გარე ძალა შეიძლება იყოს „საზოგადოებრივი აზრი“, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ცალკეული ქვეყანა ან საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები.

ამგვარი სცენარი მოსახერხებლად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ გარედან მოსული მაშველის იმედი სერიოზულ პრობლემებს ჰქმნის. მოლოდინი შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს. ჩვეულებისამებრ მშველელი არავინ ჩანს, ხოლო თუ სხვა სახელმწიფო განახორციელებს ჩარევას, მისი ნდობა ნამდვილად არ ღირს.

უნდა აღვნიშნოთ რამოდენიმე არასასიამოვნო რეალობა, რომელიც სხვა სახელმწიფოს იმედზე ყოფნას უკავშირდება:

სხვა სახელმწიფო ხშირად ტოლერანტულია არსებული დიქტატურის მიმართ და ეხმარება კიდევაც მას, რათა საკუთარი ეკონომიკური ან პოლიტიკური ინტერესები უზრუნველჰყოს;

სხვა სახელმწიფოს შეუძლია უღალატოს დაჩაგრულ ხალხს და რაიმე სხვა მიზნისათვის არ შეასრულოს ვალდებულება (ანუ არ დაეხმაროს მათ გათავისუფლებაში);

ზოგიერთი სახელმწიფო თანახმაა ებრძოლოს დიქტატურას მხოლოდ იმისათვის, რათა დიქტატორის ქვეყანაზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო კონტროლს მიაღწიოს;

სხვა ქვეყანა შეიძლება აქტიურად ჩაერიოს, ნამდვილი დახმარება გასწიოს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება დიქტატურის დაუნდობელ ბუნებას მიაპყროს მხოლოდ მაშინ, როცა შიდა წინააღმდეგობას რეჟიმი უკვე შერყეული აქვს.

როგორც წესი, დიქტატურა ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების წყალობით არსებობს. მოსახლეობა და საზოგადოება ძალზედ სუსტია, რათა მას ხელი სერიოზულად შეუშალოს, სიმდიდრე და ძალაუფლება ძალზედ ცოტა ადამიანის ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ შეასუსტონ ან გააძლიერონ დიქტატურა, მისი არსებობა ძირითადად მაინც შიდა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, შესაძლოა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, როდესაც მას ქვეყნის შიგნით ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობა უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში, მაგალითად, საერთაშორისო ბოიკოტი, ემბარგო, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან დაგმობა და სხვა, წონად დახმარებას გასწევს. და მაინც, თუ არ არსებობს მძლავრი შიდა წინააღმდეგობის მოძრაობა, ამგვარი მოქმედებების განხორციელება ნაკლებად იქნება შესაძლებელი.

პირისპირ მწარე სინამდვილესთან

დასკვნის გამოტანა იოლი არ არის. მინიმალური მსხვერპლით დიქტატურის დამხობისათვის, პირველ რიგში ოთხი ამოცანა უნდა გადაიჭრას:

დათრგუნულ მოსახლეობას გაუძლიეროს გამბედაობა, თავდაჯერებულობა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი:

გააძლიეროს ჩაგრული ხალხის დამოუკიდებელი სოციალური ჯგუფები და ინსტიტუტები;

შეიქმნას ძლიერი შიდა წინააღმდეგობის მოძრაობა;

მომზადდეს გონივრული სტრატეგიული გეგმა და მოხდეს მისი გულმოდგინე განხორციელება.

თავისუფლებისათვის ბრძოლა ის პერიოდია, როდესაც საკუთარ თავს და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა შიდა სიძლიერეს უნდა დაეყრდნო. ირლანდიის 1879-1880 წლების გაფიცვის დროს ჩარზლ სტიუარტ პარნელი ამბობდა:

„ხელისუფლების იმედზე ყოფნას აზრი არ აქვს... თქვენ უნდა დაეყრდნოთ საკუთარ გამბედაობას... დაეხმარეთ ერთმანეთს ერთიანობით... გააძლიერეთ ისინი, ვინც სუსტია... და თქვენ გაიმარჯვებთ... როდესაც პრობლემა თქვენი ძალისხმევით მომწიფდება, მისი გადაწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი.“

დამოუკიდებელ ძალასთან, გონიერი სტრატეგიასთან, დისციპლინისა და გაბედულ მოქმედებასთან, ასევე რეალური სიძლიერესთან დაპირისპირებით დიქტატურა საბოლოოდ დაემხობა. თუმცა ამისათვის, სულ მცირე, ოთხი ზემოთნახსენები მოთხოვნის შესრულებაა საჭირო.

როგორც ნათქვამიდან ჩანს, დიქტატურისაგან გათავისუფლება საბოლოოდ ხალხის ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მოყვანილი წარმატებული პოლიტიკური დაუმორჩილებლობის მაგალითები აჩვენებენ, რომ პოლიტიკური მიზნებისათვის არაძალადობრივი ბრძოლის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს გზა ბოლომდე დამუშავებული არ არის. ჩვენ ამას დაწვრილებით შემდეგ თავებში გავივლით, თუმცა თავდაპირველად უნდა განვიხილოთ დიქტატურის შერყევის ისეთ საშუალება, როგორიც მოლაპარაკებაა.

ლევკოთეა სხვა ახალი სტატია არაა, რომ იქ დავწერო კომენტარი.
ჩემი დიდი პატივისცემა კობახიძეს, რომ არ ეპუება ევრო-ამერიკელ ვირთხებს და სიმართლეს ლაპარაკობს ღიად.
ნუ, რუსებიც რომ ვირთხები არიან, მაგას აღარ ვწერ. ეგ თავისთავად იგულისხმება.
8 თვის უკან