გიორგი აბდალაძე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დაუცველს ტოვებს ადამიანებსა და იმ სტრუქტურებს, რომელთა ხარჯზეც თითოეული ჩვენგანი თავს მშვიდად ვგრძნობთ

გიორგი აბდალაძე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დაუცველს ტოვებს ადამიანებსა და იმ სტრუქტურებს, რომელთა ხარჯზეც თითოეული ჩვენგანი თავს მშვიდად ვგრძნობთ

ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების მიზეზებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ უსამართლო იყო.

„ამ თემაზე საუბარი ახლაც მიმძიმს, რადგან ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამართლიანი. კონკრეტულად ლაზარეს საქმეს რაც შეეხება, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დაუცველს ტოვებს ადამიანებსა და იმ სტრუქტურებს, რომელთა ხარჯზეც თითოეული ჩვენგანი თავს მშვიდად ვგრძნობთ. ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდეს და ვფიქრობ, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა აბდალაძემ.

მისივე თქმით, იგი პრეზიდენტის კაბინეტში იმყოფებოდა, როდესაც ფაქტის შესახებ შეიტყო. მან აცნობა პრესსამსახურის ხელმძღვანელს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პროტესტის ნიშნად ტოვებდა.

„პოლიციელებისა და სამართალდამცველების წინაშე პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს, რადგან ამ ადამიანების ყოველდღიური მუშაობით თითოეული ჩვენგანი მშვიდად ვართ. ვერ ვხვდები, პრეზიდენტმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მინიმუმ, ვინმესთვის უნდა ეკითხა, რომელიმე პოლიციელისთვის, თუნდაც აქციაზე დაზარალებული პოლიციელებისთვის ეკითხა აზრი ამასთან დაკავშირებით. მაჩვენეთ რომელიმე პოლიციელი, რომელიც იტყვის, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. მე ასეთი არავინ მეგულება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია. მით უმეტეს, არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შეიძლება, თქვან, რომ 9 წელი ბევრია, მაგრამ სააპელაციოში, უზენაესში, შემდეგ სტრასბურგშიც შეეძლოთ გაესაჩივრებინათ, თუ ის ადამიანი თავს უდანაშაულოდ გრძნობს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ფაქტი უტყუარი მტკიცებულებებით იყო დადასტურებული“, - აღნიშნა აბდალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

„არავის პატიმრობა არ მიხარია, რადგან მე თავად სრული ჯოჯოხეთი მაქვს გავლილი და ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა შეეწირა იმ ჯოჯოხეთს, რომელიც წინა ხელისუფლებამ მოუწყო ფოტორეპორტიორებსა და უამრავ ადამიანს. მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. ვფიქრობ, მე არ მქონდა მორალური უფლება, იქ დავრჩენილიყავი. ფაქტი ისაა, რომ პრეცედენტი მოხდა იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც იცავს ჩვენს სამშობლოს, მსგავსი რისკის წინაშე აღმოჩნდეს და დაუცველი იყოს“, - განაცხადა აბდალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.