ქართველი ინტერნეტმომხმარებლისთვის „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა გამჟღავნდა. სოლომონ თერნალელი „დღის სინათლეზე“ გამოვიდა. წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკით გამორჩეული ინტერნეტმოღვაწე ექიმი ზვიად კირტავა აღმოჩნდა.
სოლომონ თერნალელის „პრეზენტაცია“ მის წიგნთან ერთად მწერალთა სახლში შედგა. იდუმალებით მოცული ადამიანის „ცოცხლად“ სანახავად მაჩაბლის 13-ში მისული ადამიანებისგან დარბაზი სრულად გაივსო.
ღონისძიებაზე მწერალთა სახლის წარმომადგენელმა უცნობი ადამიანის შესახებ საუბარი მედიაქსპერტ ია ანთაძეს შესთავაზა, ანთაძემ თქვა, რომ არ იცის, ვინ არის სოლომონ თერნალელი, მაგრამ იცის ადამიანი, ვინც მისი წიგნის - „სოლომონის ფიქრებისთვის“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალური კოდი აიღო. ანთაძემ მიკროფონთან „ქართული ოცნების“ პარტიული გაზეთის რედაქტორი გია გორგოძე იხმო. გორგოძემაც მოიბოდიშა, რომ სოლომონ თერნალს არ იცნობს და აუდიტორიას აუწყა, რომ წიგნის დასაბეჭდი ფული მეგობარმა ვასიკო მაღლაფერიძემ მიუტანა.
„კაპიტან ნემოსაც ჰქონდა გარე სამყაროსთან კავშირი. თუ მენდობით, მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ბატონი სოლომონ თერნალელი,“- თქვა ვასილ მაღლაფერიძემ. დარბაზში მსხდომებს საშუალო სიმაღლის მამაკაცი გამოეყო.
„ინტრიგა ამოიწურა,“- ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი თავისა და საქმიანობის შესახებ საუბარი სოლომონ თერნალელმა. სახელ-გვარის დასახელების შემდეგ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ „სოლომონობაში ეჭვმიტანილი“ ადამიანების სია წარმოადგინა. 38-კაციან ნუსხაში საქართველოს სამი პრეზიდენტის, 7 პარლამენტარის და საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანის გვარი მოხვდა.
ზვიად კირტავა წარმოშობით ქუთაისელია. „თერნალელი“ კი ბებიის სოფლის, თერნალის მიხედვით დაირქვა, რომელიც იმერეთში, წყალტობოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გვიშტიბის თემში შემავალი სოფელია. ამბობს, რომ ქუთისში იგივე სკოლა დაამთავრა, რომელიც ნინო ბურჯანაძემ, თუმცა მას სკოლიდან არ იცნობს და დღემდეც არსად შეხვედრია - განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მიხეილ სააკაშვილისგან.
„2002-2011 წლებში ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში - ჯანდაცვის კომიტეტის ბიუროს წევრი, 1,5 წლის განმავლობაში კი თავმჯდომარის პოსტზე. აქედან გამომდინარე, პირადად ვიცნობ საქართველოს იმ პერიოდის ყველა წარმომადგენელს“, - განმარტავს ზვიად კირტავა.
იგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრანსფორმაცია 2007 წლიდან განიცადეს და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
სოლომონ თერნალელმა ქართველი ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება 2009 წლის მიწურულს ჟურნალისტების მწვავე კრიტიკით მიიპყრო - „ჰავლაბრის ტურფები: ჟურნალისტები და ურნალისტები ანუ მათზე ვინც გატყდა და გაიყიდა“,- ასე დაასათაურა მან წერილი, რომელშიც ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა პრინციპების ღალატსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მსახურებაში დაადანაშაულა. მანამდე კი 2008 წლის მაისში პოლიტიკურ თემაზე დაწერილი კრიტიკული წერილი - „ნეობოლშევიზმი ქართულად“ - იურისტ ანა დოლიძის ბლოგზე სიმონ დოლიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა.
„აქციები არ არი ჩემი სტიქია და ბრძოლა ამ ფორმით გადავწყვიტე“, - ამბობს ზვიად კირტავა და იხსენებს, რომ წერილი „ნეობოლშევიზმი ქართულად“ საქართველოში მოქმედ საელჩოებსაც დაუგზავნა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან პასუხად მიიღო - „ჩვენ ამას შევისწავლით“, - თუმცა ეჭვობს, რომ ეს მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში გამოგზავნილი სტანდარტული პასუხი იყო.
შემდეგ იყო რადიო „თავისუფლების“ ბლოგი „იანეთი“, მოგვიანებით კი აქტივობა „ფეისბუქში“. დაახლოებით 1600 დღე-ღამის განმავლობაში წერდა და 280-ზე მეტი „პოსტით“ „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლების - ათასობით „ფრენდის“ აყოლიება და საზოგადოებრივ აზრზე ერთგვარი გავლენის მოხდენა მოახერხა.
For.ge-ს კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა პროექტ „სოლომონ თერნალის“ შედეგით და შეძლო თუ არა ფსევდონიმით მიზნის მიღწევა, ზვიად კირტავა განმარტავს:
„სოლომონ თერნალელი“ შეიძლება ვიღაცისთვის მართლა პროექტი იყო, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ცხოვრება... ეს პროექტი არ ყოფილა არც დაგეგმილი, არც დაფინანსებული. მიხეილ სააკაშვილის მთავრობა შეიცვალა და ეს უკვე არის ერთი ეტაპის დასასრული. მე მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი, გარკვეულწილად, იყო შეუგუებლობა ყველაფერ იმასთან, რაც ქვეყანაში ხდებოდა“.
მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა წინა წლებში მიღწეულ წარმატებებს ხაზი გადაუსვა და ახალი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გაჩნდა ბევრი გაუბედურებული, ქუჩაში დახოცილი ადამიანი, ათასობით ქონებაწართმეული, ათასობით უსამართლო სასამართლოს მსხვერპლი და არადემოკრატიული იდეალები დაინერგა.
კირტავა ამბობს, რომ ფსევდონიმით წერა მასობრივი მოსმენების პერიოდში ერთგვარი შიშის ფაქტორსაც უკავშირდებოდა.
„ხალხი მობილურ ტელეფონს არა მხოლოდ რთავდა, საერთოდ შლიდა, ქალაქის ტელეფონზეც არ ვსაუბრობდით. ბევრი ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს რომ მიტინგებზე დადიოდა... ამ დროს ჩვეულებრივი ადამიანის პროტესტი რთული იყო. პოლიტიკოსები უფრო დაცულები იყვნენ. პოლიტიკურ ლიდერებს გარკვეული იმუნიტეტი ჰქონოდათ სტატუსის გამო. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მკაცრ ანგარიშსწორებაზე შეიძლებოდა წასულიყო ისეთი ადამიანის მიმართ, როგორიც იყო, მაგალითად სანდრო გირგვლიანი და მოერიდებოდა მსგავსის გაკეთებას ცნობილი პოლიტიკოსისადმი - დასავლეთის ფაქტორის გამო“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ ანონიმურობა პოპულარობაში დაეხმარა, თუმცა ეს ფორმა მაინცდამაინც არ მოსწონს, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანს საკუთარი გვარ-სახელით წერის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
„არ იყო ასეთი ადვილი ორმაგი ცხოვრება. ვიღაც შეიძლება ჯეიმს ბონდად არის დაბადებული, ჩემთვის ეს რთული იყო. სერიოზული პრობლემებიც შემექმნა ჯანმრთელობის მხრივაც იმის გამო, რასაც ვმუშაობდი, რამდენსაც ვმუშაობდი და როგორი ფსიქოემოციური დატვირთვაც მქონდა,“- ამბობს ზვიად კირტავა.
For.ge-ს კითხვაზე, ვისთვის იქნება „ნაციონალური მოძრაობიდან“ „სოლომონ თერნალელის“ ლუსტრაცია სიურპრიზი,- კორტავა პასუხობს: „ეს სიურპრიზი შეიძლება იყოს ზურაბ ჭიაბერაშვილის, გიგი წერეთელის და სხვებისთვის... ჩემ მიმართაც შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ, ალბათ, საკუთარი თავის მიმართ მეტი უნდა ჰქონდეთ.“
ზვიად კირტავა სამომავლოდ „ფეისბუქში“ განსაკუთრებულ აქტივობას“ აღარ გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ ბლოგზე წერას არ შეწყვეტს და ამ ეტაპზე ძირითად ყურადღებას ქვეყანაში შექმნილ ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილებს.
ზოგადად კი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლი არ უნდა მოდუნდეს, რადგან დემოკრატიისთვის უფრო ეფექტური წამალი არ არსებობს.
„არ არსებობს სხვა წამალი თუ არა კრიტიკა, საზოგადოების ხმა და ზოგჯერ შეიძლება ითქვას შემოლაწუნებაც. რაც უნდა კარგი და ბრწყინვალე იყოს ხელისუფლება, შესაძლოა კატასტროფული შეცდომა დაუშვას. მიშა გავაფუჭეთ ჩვენ, გააფუჭა მისმა უახლოესმა და შორეულმა გარემოცვამ, როდესაც მას ბევრი უფლებები მისცა“, - ამბობს კირტავა.
„სოლომონ თერნალელი“ არ გამორიცხავს, რომ მომავალში ჟურნალისტობას მიჰყოს ხელი, მანამდე კი საქართველოში ელექტრონული მედიცინის განვითარებაზე მუშაობას გეგმავს და ამ მიზნით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას აპირებს.