9 აპრილს ასტრონომებმა დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც 2024 GJ2-ის სახელითაა ცნობილი. ორი დღის შემდეგ, 11 აპრილს, მან ჩვენს პლანეტას მცირე, მაგრამ უსაფრთხო, დისტანციაზე ჩაუარა.
მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწასა და ამ ობიექტს შორის მანძილი 19 300 კილომეტრი უნდა ყოფილიყო. მათი გამოთვლების თანახმად, ასტეროიდი ჩვენს ციურ სხეულს ყველაზე მეტად თბილის დროით 22:28 საათზე მოუახლოვდა. ამ დროს მისგან 12 298 კილომეტრი გვაშორებდა.
შედარებისთვის, დედამიწასა და მის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრს შორის 384 400 კილომეტრია. ეს ნიშნავს, რომ 2024 GJ2-მა მთვარეზე 30-ჯერ ახლოს, 14.4 კმ/წმ სიჩქარით, ჩაგვიარა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ამ ასტრონომიული სხეულის ზომა 2.5-დან 5 მეტრამდეა. აღნიშნული მახასიათებელი მიუთითებს, რომ მას დედამიწის ატმოსფერომდე რომც მოეღწია, იქ დაიწვებოდა, ანუ ის ჩვენთვის საშიში ასტეროიდების კატეგორიას არ მიეკუთვნება.
2024 GJ2-ის ორბიტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომდევნო ჯერზე ის ჩვენს პლანეტას შედარებით ახლო მანძილზე 2093 წელს ჩაუვლის, მაგრამ იმაზე მცირე დისტანციაზე არა, ვიდრე 11 აპრილს. კერძოდ, ამ დროს ჩვენს შორის 205 947 კილომეტრი იქნება.
უნდა ითქვას, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ბაზაში დედამიწასთან ახლომდებარე თითქმის 35 000 ასტეროიდია გაერთიანებული, მაგრამ მათგან რაიმე სახის საფრთხის შემცველი მხოლოდ რამდენიმეა. სპეციალისტები ამ ობიექტებს მუდმივად თვალს ადევნებენ.