BBC: „სამაგალითო სასჯელი“, თბილისის სასამართლომ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

BBC: „სამაგალითო სასჯელი“, თბილისის სასამართლომ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარ გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გასულ წელს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდა.

გრიგორიადისის საქმის განხილვა დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ის გასული წლის საპროტესტო აქციების ერთადერთი მონაწილეა „უცხოელი აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის თქმით, გასული წლის მარტში საპროტესტო აქციების დროს მან ორჯერ ისროლა მოლოტოვის კოქტეილი სპეცრაზმის მიმართულებით, რის შედეგადაც ორი ოფიცერი დაშავდა. გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, მან ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას, რამაც სახელმწიფოს 39 500 ლარის (დაახლოებით 15 ათასი დოლარი) ზიანი მიაყენა. სასამართლომ მთლიანად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - პოლიციელების ჯანმრთელობის დაზიანების მცდელობა და სხვისი ქონების დაზიანების ან განადგურების გამო.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ გრიგორიადისის წინააღმდეგ საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების - დაშავებული პოლიციელებისა და თვითმხილველების, ასევე ექსპერტების ჩვენებები.

გამამტყუნებელი განაჩენი გრიგორიადისის ადვოკატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მათი თქმით, საქმეში მისი ბრალის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, პროკურატურას მოწმედ მხოლოდ შსს-ს თანამშრომლები ჰყავდა და საქმე თავიდანვე იყო პოლიტიზებული.

მოსამართლე, ზვიად შარაძის განაჩენი ღიმილით მოისმინა თავად გრიგორიადისმა, რომლის სასამართლოში გამოჩენასაც დარბაზში მყოფები ოვაციებით შეხვდნენ.

შავი დღე

გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს მას შემდეგ დააკავეს, რაც ათასობით ადამიანმა „უცხოელი აგენტების კანონი“ გააპროტესტა. აქციის მონაწილეები კანონპროექტს 2012 წელს რუსეთში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმდებლობის ანალოგად მიიჩნევდნენ. როგორც ახლა, გასულ წელსაც საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებდა, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან და რომ ეს იყო 1938 წელს მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ ამერიკული კანონის, FARA-ს შემცირებული ვერსია. გასული წლის მარტის აქციას აშშ-ის საელჩომ ქართული დემოკრატიის „შავი დღე“ უწოდა.

3 აპრილს, კანონის ამოღებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება მოხდება, მხოლოდ ერთადერთი განსხვავებით - ტერმინი „გარე გავლენის აგენტს“ ჩაანაცვლებს ტერმინი „უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

საქართველოში საპროტესტო აქციები კვლავ დაიწყო. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის კულტურის სფეროს წარმოამდგენლებიც კანონპროექტს, როგორც გასულ წელს, ახლაც „რუსულ კანონს“ უწოდებს.

პრეზიდენტის იმედი

გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მისი ახლობლები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეწყალებაზე ამყარებენ იმედებს. გრიგორიადისის ადვოკატებმა და ახლობლებმა მას შეწყალების მოთხოვნით უკვე მიმართეს.

ზურაბიშვილმა გასული წლის მარტში მხარი დაუჭირა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მომიტინგეებს, ხოლო „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ხელახალი ინიცირების შემდეგ მან თქვა, რომ მმართველმა პარტიამ „სახე გამოაჩინა“. გრიგორიადისის ოჯახის პარალელულად, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში შსს-ს თანამშრომლებმა მიმართეს ზურაბიშვილს, არ მიეღო გადაწყვეტილება გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.

 

ცუგო- ეს ყველაფერი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველო დასავლეთს ძალიან ჭირდება, ოღონდ არა როგორც დამოუკიდებელი და წარმატებული ქვეყანა...
7 თვის უკან