სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობოებთან ერთად, ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილა, რომელიც პატიმრობის კოდექსში შესატანად მომზადდა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად შემუშავდა. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფას ეხება.
ამასთან, როგორც გიგა გიორგაძე ამბობს, ცვლილებების მიხედვით მოხდება პატიმრების კლასიფიცირება საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, იქნება ორი ახალი ტიპის დაწესებულება.
„ეს იქნება დაბალი რისკის დაწესებულება და განსაკუთრებული მეთვალყურეობის დაწესებულება. დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსდებიან პატიმრები, რომლებიც არ არიან კრიმინალური სამყაროს წევრები და მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ საწარმოო ზონებში. რაც შეეხება განსაკუთრებული მეთვალყურეობის დაწესებულებას, ეს იქნება კრიმინალური სამყაროს წევრებისათვის და მათთვის, ვინც არღვევს ადმინისტრაციის შინაგანაწესს და ასევე, ცდილობს კრიმინალური სამყაროს გავლენის გაძლიერებას ციხეებში“, - განაცხადა გიგა გიორგაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, დაბალი რისკის დაწესებულება რუსთავის მე-16 ციხეში განთავსდება, სადაც ინფრასტრუქტურა დასრულებულია, ხოლო განსაკუთრებული მეთვალყურეობის დაწესებულება - ლაითურში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, არსებობს და იარსებებს ქალთა დაწესებულება. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების ნაცვლად, იარსებებს სარეაბილიტაციო დაწესებულება.
„ასეთ დაწესებულებაში არასრულწლოვანთა უფლებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ თანდათან მოხდეს მათი რესოციალიზაცია. გარდა ამისა, ქალთა ციხე რუსთავში აღარ იარსებებს. მოგეხსენებათ, რუსთავში როგორი კლიმატური მდგომარეობაა და ბუნებრივია, ქალბატონებს უნდა შეექმნათ უკეთესი გარემო, სადაც მოიხდიან სასჯელს. აქედან გამომდინარე, ქალთა დაწესებულება რუსთავში აღარ იქნება“, - განაცხადა გიგა გიორგაძემ.
მან არ დააკონკრეტა, გადავა თუ არა ქალთა ციხე ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში. მისი თქმით, მათ არ აქვთ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები და იმის მიხედვით, სად რა უნდა განთავსდეს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ ისაკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯია.
„დასავლური ქვეყნების ციხეების უმეტესობა სწორედ ამ კუთხით არის მოწყობილი და პატიმართა წახალისება დამოკიდებულია მათ ქცევაზე. გარკვეულწილად, ჩვენ ვფიქრობთ მძიმე და ნაკლებად მძიმე კატოგირიის პატიმრების დაყოფა იქნება მნიშვნელოვანი და თავისთავად გაამარტივებს პენიტენციალური სისტემის ადმინისტრირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რაც შეეხება მის რეალიზაციას, ეს არ იქნება ძალიან მარტივი საქმე, თანდათანობით გადაიდგმევა ეს ნაბიჯები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შედგებიც იქნება. სახალხო დამცველის აპარატი ამ ინიციატივას მიესალმება და ფიქრობს, რომ ეს აუცილებელია“, - ამბობს ბელთაძე.
რაც შეეხება, რაც შეეხება არასრულწლოვანებს, კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების ნაცვლად, იარსებებს სარეაბილიტაციო დაწესებულება. პაატა ბელთაძე თვლის, რომ დასავლური ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე გადასვლა თავისთავად ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი რომელის უნებლიე გადაცდომების გამო შეიძლება მოხვდეს ამ სისტემაში, იგრძნობს, რომ სახელმწიფოს მთვარი დანიშნულებაა მისი სრული რეაბილიტაცია.
„დაწესებულების სახელწოდებაც „სარეაბილიტაციო ცენტრი“ ეს მის ფსიქოლოგიას არ დაამახინჯებს, იმ გაგებით, რომ არსრულწლოვანის ფსიქიკისთვის ციხე შეიძლება სხვაგვარად იქნეს აღსქმელი“, - აცხადებს პაატა ბელთაძე.
იურისტი ლია მუხაშვრია თვლის, რომ მძიმე და ნაკლებად მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პირების გაყოფა აქამდეც უნდა მომხადარიყო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განახევრდა პატიმართა რაოდენობა და შედარებით გამოსწორდა ვითარება, სრული წესრიგი და ისეთი მდგომარეობა, რომელიც სასურველია, რომ იყოს, ჯერ კიდევ არაა.
„პატიმრის რეაბილიტაცია გულისხმობს მის განათლებას, მის პროფესიულ მომზადებას იმისთვის, რომ განთავისუფლების შემთხვევაში, მისი საზოგადოებასთან ინტეგრირება გაცილებით იოლი იყოს, შეძლოს სამუშაოს მოძებნა, ძველი კავშირების აღდგენა და კარგი ადამიანის რეპუტაციის აღდგენა. დადგენილია, რომ სამწუხაროდ დანაშაულის ჩამდენი პირები არ გამოირჩევიან კარგი განათლებით და კარგი პროფესიული უნარებით. ამიტომ, თუ მათ ეს პროფესიული განათლება ეგნებათ, ისინი განმეორებით დანაშაულს აღარ დაადგებიან. ეს არის არსებითი მეთოდი იმისათვის, რომ ადამიანი შეიცვალოს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.