დადიანების ეზოს ნაციონალების მაჟორიტარი, ლევან ქარდავა დაეპატრონა

დადიანების ეზოს ნაციონალების მაჟორიტარი, ლევან ქარდავა დაეპატრონა

ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი, წალენჯიხიდან ნაციონალების მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ქარდავამ შეიძინა. დადიანების მუზეუმის დირექტორს ლილი ბერაიას არ აქვს ინფორმაცია, ვინ და როგორ შეიძინა სასახლის ეზოს მიწის ნაწილი. იგი ეჭვობს, რომ ყველაფერი მის ზურგს უკან, მალულად მოხდა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, კერძო პირმა ლევან ქარდავამ მიწის ნაკვეთი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაარეგისტრირა. საუბარია 995 კვადრატულ მეტრ ფართზე, რომელიც აღნიშნული ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოშია მოქცეული.

ლილი ბერაია აცხადებს, რომ თავის დროზე, თანამდებობაზე დანიშვნისას კულტურის სამინისტროში მას უთხრეს, რომ უზურფრუქტით ეს მიწის ნაკვეთი დაემტკიცებინა. მანაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო, მაგრამ ბოლომდე მათი თავმოყრა ვერ მოახერხა. დღეს კი ლილი ბერაიას არ სურს, ვინმემ დასწამოს, თითქოს, მუზეუმის დირექტორობის დროს ეს ტერიტორიები პირადად ლილი ბერაიამ გაასხვისა.

„ლევან ქარდავას შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მივიღე, რაც ეზოს დაკანონებას ვცდილობდი და მასზე უარი მითხრეს. ადგილობრივ რეესტრს მივწერე და პასუხად მივიღე, თქვენ არაფერი გეკუთვნითო. მაშინ ძალიან ცუდად გავხდი და ისევ დავიწყე საბუთების მოგროვება. მერე გავიგე, რომ თურმე ჩვენი არაფერი ყოფილა. ყველაფერს სხვადასხვა კოდები ჰქონია და რუკაზე სასახლეებიც არ ჩანს“, - ამბობს მუზეუმის დირექტორი და მზადაა, სასახლეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაბრუნებისთვის იბრძოლოს.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ აღნიშნული ტერიტორია ნაკრძალია. ამდენად, მისი გასხვისება დაუშვებელი იყო.

ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ მათ მუზეუმის კუთვნილი მიწის ნაკვეთი კერძო პირს გადასცეს. მათი თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების დაქვემდებარებაში მყოფი სამეგრელო-გურია ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრიც ისევე ახორციელებს სახელმწიფო ქონების განკარგვას, როგორც ეკონომიკის სამინისტრო. ოღონდ მათი კომპეტენცია რეგიონებზე ვრცელდება. ამდენად, შესაძლოა, სწორედ ამ ცენტრს გაესხვისებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

დადიანისეული სასახლის ეზოს გასხვისებას, ასევე, აპროტესტებს პრინცესა მიურატი - ვერონიკა დე შაბო ტრამკური. ამასთან დაკავშირებით იგი მთავრობისთვის სპეციალური მიმართვის გაგზავნას გეგმავს. მისი აზრით, მუზეუმის ტერიტორია მუზეუმს უნდა დარჩეს და არ უნდა გასხვისდეს.

„დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელი კახა მიქაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დადიანისეული ეზოს ნაწილი ზაზა გოროზიამ მალულად მიჰყიდა წალენჯიხის მაჟორიტარს ლევან ქარდავას. მისი თქმით, მუზეუმის ადმინისტრაცია ამ უკანონობას სასამართლოში გაასაჩივრებს და პროკურატურასაც მიმართავს, რადგან ნაციონალების მიერ გაყიდული კულტურული მემკვიდრეობის კერა უნდა დაუბრუნდეს დადიანების მუზეუმს და სახელმწიფოს.

„მიხეილ სააკაშვილს და გოროზიებს დადიანების სასახელეებიც რომ გაეყიდათ, არ გამიკვირდებოდა. ალბათ, გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილი ნიკო დადიანის სასახლის მთავარი დარბაზიდან როგორ მიმართავდა მთელ საქართველოს. ეტყობა, თავი დადიანად წარმოედგინა. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ გოროზიამ გაყიდა ეს ტერიტორია. ვიმედოვნებ, დღევანდელი ხელისუფლება, მუზეუმის ადმინისტრაცია და მთელი ზუგდიდის მოსახლეობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ დადიანების ეზო ისევ დაიბრუნონ. დადიანების ეზო ეკუთვნით დადიანებს და არა -გოროზიებს, ქარდავებს და მათნაირებს,“-აცხადებს კახა მიქაია.

რაც შეეხება ბიზნესმენ ლევან ქარდავას, კახა მიქაია მას სააკაშვილის ბიზნესმენად მოიხსენიებს. მისი ინფორმაციით, ქარდავა რუსეთიდან ჩამოვიდა და 2007 წელს გოროზიამ აყიდინა ეს ტერიტორია. მიქაიას თქმით, ეს ის ქარდავაა, რომელიც ბათუმის არხის „TV- 25“-ის მფლობელიც იყო.

თუმცა „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ დადიანისეული სასახლის ეზოს ნაწილი არა მარტო ქარდავას კუთვნილებაა, არამედ - ამავე ტერიტორიის არაერთი სხვა ნაწილიც გაყიდულია. ამ ეტაპზე ცნობილი არაა, მათი დღევანდელი მფლობელების ვინაობა.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა გვიცხადებს, რომ, თუ დადიანისეული ეზოს ნაწილი მართლაც გაიყიდა, ეს დაუშვებელია. მისი თქმით, არ შეიძლებოდა ისტორიული ტერიტორიების გაყიდვა და ეს უნდა ყოფილიყო ხელუხლებელი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. ამდენად, ეს საკითხი მაშინდელ კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს თანაბრად ეხებოდა.

არქიტექტორი ცირა ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ თავის დროზე ეს იყო დახურული ინფორმაცია, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ ჰქონდა არანაირი წვდომა. მისი თქმით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შენობას, რომელსაც აქვს ძეგლის სტატუსი და მის ტერიტორიას, რომელსაც, ასევე, იცავს კანონი ძეგლის დამცავი ზონის შესახებ, რაიმე დაემუქრებოდა. ამ შემთხვევაში, დადიანების სასახლის ეზო ცალკე სტატუსის მქონეა და მას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამდენად, როგორ გადავიდა ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაში, მისთვის უცნობია.

„როგორც კულტურის სამინისტრო აცხადებს, ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ასევე, არაფერი იცოდა თავად მუზეუმის ადმინისტრაციაც, ამიტომ ეს კორუფციული გარიგების სქემა უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ ძეგლს აქვს თავისი სააღრიცხვო ბარათი და დამცავ ზონის საზღვრებიც რუკაზე უნდა იყოს დატანილი. თუ ეს გაკეთებული იყო და ახლა ეს ინფორმაცია აღარ იძებნება, აქ უნდა ჩაერთოს გამოძიება და გაარკვიოს, რატომ აღარ არის ძეგლი ოფიციალურ დოკუმენტებში დატანილი. გარდა ამისა, გასარკვევია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა როგორ გახდა კერძო მესაკუთრის ხელში და რატომ დაირღვა კანონი“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, სხვა საქმეა, როცა სახელმწიფო ძეგლებს სტატუსს უხსნის, რაც ადრე კანონდარღვევით ხდებოდა. ეს უსამართლო საქციელია, რომელიც სამწუხაროდ, სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციეს.