მხიარული მოგონებები

მხიარული მოგონებები

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის. 

ბატონი თემურ ჩირგაძე პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ამით მსახიობები კარგად “სარგებლობდნენ” და საკუთარი შვილების ანალიზები გამოკვლევაზე თემოსთან მიჰქონდათ. ერთხელ თემიკომ ეზოშივე შეამჩნია მასთან მიმავალი სესილია თაყაიშვილი, ისიც გასაგები იყო რისთვისაც მიდიოდა. ჩირგაძემ შესახვედრად გამოყარა თანამშრომლები: ”მოდის, მოდის გენიალური სესილია, ჩვენი დიდი მსახიობი და მოაქვს თაყაიშვილების...”

სესილია ხელით ანიშნებს, აჩუმებს თემიკოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს ეუბნება: ბოდიში, მაგრამ, როდესაც მე მომაქვს თქვენთან..., ეს არის გოძიაშვილების და არა თაყაიშვილებისო.

ამ ამბავს მოჰყვა ლამაზი დასასრული. თემური და მისი მეგობარი ოჩო ცერცვაძე, ყვავილებით ხელში, ბოდიშის მოსახდელად ეახლნენ სესილიას. კარი მსახიობმა გააღო და დაინახა დაჩოქილი თემიკო და, არ გაინძრეთ, იყავით ასეო, - იყვირა. გავარდა ეზოში, მოყარა მთელი მეზობლები და გამოაცხადა: ხედავთ, კაცებს როგორ ვუყვარვარო?

მსახიობი გულჩინა დადიანი იხსენებდა: “ჩემი კინოდებიუტი ნანა მჭედლიძის “პირველ მერცხალში” შედგა. გადაღებებზე დოდო აბაშიძის გმირისთვის ცოლი, ფაცია, ვერაფრით შეარჩიეს და მეგობარმა დოდოს საკუთარი ცოლი “ათხოვა”. ასე აღმოვჩნდი დიასახლისი კინოში, რასაც მოგვიანებით სხვა სურათებიც მოჰყვა.

გადაღება ფოთში მიმდინარეობდა. კარგად “შემასწავლეს” მეგრული და ჩემს შვილებიანად ისეთ სახლში მიმიჩინეს დიასახლისობა, სადაც მასპინძელს ცოლ-შვილი დასასვენებლად ჰყავდა გაშვებული. თვითონაც სადღაც გაიხიზნა. ამ სახლს უშუალოდ ფილმშიც ვიღებდით. მითხრეს, ქვეშაგები გამოიტანე, გაამზეურე და დაბერტყეო. ყოველ დილას მივდიოდი, გამოვიტანდი ქვეშაგებს და გულმოდგინედ გაბერტყვის შემდეგ უკან შემქონდა. მეზობლებს უფიქრიათ, ნეტა ვინ მოუყვანია ამ ჩვენს პეტრეს, აქ რაღაც რიგზე ვერ არის, სამი დღეა, ეს ქალი ლეიბებს ბერტყავსო, აუცილებლად მის ცოლს უნდა შევატყობინოთო.

რამდენიმე დღეში ერთ სათამაშო ეპიზოდს ვიღებდით და წივილ-კივილით ეზოში ერთი უცნობი ქალი შემოვარდა. მწვდა თმებში და მთელი ქალაქი შემიყარა. თურმე მეზობლების რჩევით, ფიზიკურად მისწორდებოდა იმ სახლის დიასახლისი. მას ეგონა, რომ ოჯახი დაენგრა და მისი ადგილი დავიკავე. როცა ყველაფერი გაირკვა, ის ქალი ისტერიულად იცინოდა და თან ბოდიშებს მიხდიდა. გამოტყდა კიდეც, ვიფიქრე, ამ ანგელოზივით ქალს რამ მოაწონა ეს ჩემი ჟანგისფერი შოფერი ქმარიო”.

ქალბატონი მედეა ჩახავა: “მიხეილ თუმანიშვილი დგამდა სპექტაკლს “როცა ასეთი სიყვარულია”. მე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალის როლს ვთამაშობ. ეპიზოდს ვერ მოვერგე, რაღაც არ გამომდიოდა.

”მედეა, - მირჩია ბატონმა მიშამ, - წადი ახლა, სადაც გინდა, ტლაპო მოძებნე, გადაგორდი ტანსაცმლიანად იმ ტლაპოში, ამოიგანგლე კარგად და როცა ამოხვალ იქიდან, აი ის განწყობილება დაიმახსოვრე, გაითავისე და გამოიტანე სცენაზე”.

მაშინ ბარნოვზე ვცხოვრობდი. სახლის ეზოში ისეთი ტალახი იყო, ტრაქტორს უჭირდა გავლა. გავათბე წყალი, მოვამზადე აბაზანა, გამოვედი ეზოში, გავშალე ხელები და გავითხლაშე ტლაპოში ტანსაცმლიანად. კორპუსის წინ მაღაზია იყო, სადაც მტვირთავად ქურთი აზიზა მუშაობდა. დამინახა აზიზამ და მორთო ყვირილი:

”ვაიმეეე, ცოცხალი, ტანსაცმლიანი ქალი ტალახში იხრჩობა!!!” - თან თავის ტანსაცმელს იხდის, რათა საშველად გადმოხტეს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს. ”ვააიი! - მოუმატა ყვირილს, - ცოცხალი ქალი ტლაპოში ჩაწვა და ისე იხრჩობააა!”

მოგროვდა ხალხი, თვალებს არ უჯერებენ, ამასობაში ერთმა სარეცხის თოკიც მოარბენინა. კარგად რომ ამოვიგანგლე და ვიჯერე გული, ნელ-ნელა ავდექი და წავლასლასდი ჩემი ბინისკენ. თან უშველებელი ოთხკუთხა ჩემოდანი მიჭირავს ( ასე იყო ნაბრძანები ), ის ქურთი ყარაული კი ხალხს არწმუნებდა, მე გადავარჩინეო”.

ერთ ზაფხულს თბილისურ სიცხეს გაქცეული ბატონი სერგო ზაქარიაძე ფასანაურს აფარებდა თავს. იგი სტუმრობდა იმხანად ახალგაზრდა მსახიობის, ფასანაურელი იაკობ ტრიპოლსკის ოჯახს. ეს ეპიზოდიც ბატონი იაკობის მოყოლილია:

“დილაა, კარზე აკაკუნებენ. ბატონი სერგო შეეგება სტუმარს. მის წინ დგას მთიელის ტანსაცმელში გამოწყობილი მოხევე, გასაყიდი ქილა ერბოთი ხელში.

- რამდენი გინდა მაგაში? - ეკითხება ბატონი სერგო.
- სამ მანათ მინდა! - უპასუხა.
ბატონ სერგოს ძალზე ეიაფა, ამოიღო სამმანეთიანი და აჩვენებს.
- აი, ეს გინდა მაგაში?
- ჰო, ეგა, - უპასუხა მოხევემ.

ბატონმა სერგომ გამოართვა ქილა, მისცა ფული და სთხოვა, რომ რამდენიმე დღეში ერბო კიდევ მოეტანა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა ის მოხევე ქილა ერბოთი. მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ ბატონმა სერგომ ამოიღო ჯიბიდან სამმანეთიანი და მიაწოდა:

- სამ მანათ არა, ხუთ მანათ მინდა! - ამბობს მოხევე.
- კი მაგრამ, ის ქილა რომ სამ მანეთად მომყიდე, ახლა რატომ გააძვირე?
- მაშინ სამ მანათ მჭირდებოდა, ახლა ხუთ მანათ მჭირია!

ვერაფერი დაუპირისპირა ბატონმა სერგომ მოხევის ლოგიკას, ამოიღო ხუთმანეთიანი და გაუწოდა”.