2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაყურებელი Game of Thrones-ის პერსონაჟ ჯონ სნოუს შესახებ ახალ სერიალს იხილავდა. სერიალში მოქმედება Game of Thrones-ის მოვლენების შემდეგ უნდა განვითარებულიყო და გაგვეგო, როგორ გაგრძელდებოდა ჯონ სნოუს ისტორია. ახლახან მიცემულ ინტერვიუში კი, კიტ ჰარინგტონმა დაადასტურა, რომ სერიალის გადაღება აღარ იგეგმება.
"ამ პროექტის შესახებ აქამდე არ ვსაუბრობდი, რადგან დამუშავების პროცესში იყო. არ მინდოდა, რომ მაყურებლებს სცენარის შესახებ სხვადასხვა თეორიებზე ეფიქრა, რასაც მოგვიანებით სერიალში ვერ ნახავდნენ. ამ ეტაპზე კი სერიალის გადაღება აღარ იგეგმება, ვერ ვიპოვეთ ისეთი ისტორია, რომლის მოყოლაც ყველას აღაფრთოვანებდა. შეიძლება, ისევ დადგეს დრო, როცა სერიალის იდეას დავუბრუნდებით, მაგრამ ამ მომენტში — არა", — განაცხადა კიტ ჰარინგტონმა.
სერიალის გადაღების იდეა კიტ ჰარინგტონს ეკუთვნოდა, რაც ადრე ემილია კლარკმა და ჯორჯ მარტინმაც დაადასტურეს. "იდეა სწორედ კიტ ჰარინგტონმა შემოგვთავაზა. რაც შეეხება ჯონ სნოუს ახალ ისტორიას, ამაზე კიტთან ერთად ვიმუშავე. ჯერჯერობით რეჟისორებისა და სცენარისტების სახელს ვერ გეტყვით, რადგან ეს ინფორმაცია ოფიციალურად არსად განთავსებულა, თუმცა მათი უმეტესობა კიტმა მოიყვანა და ისინი შესანიშნავები არიან", — განაცხადა ჯორჯ მარტინმა 2022 წლის ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ კიტ ჰარინგტონმა Game of Thrones-ში შესრულებული როლისთვის ემის ორი ნომინაცია მოიპოვა. სერიალის დასრულების შემდეგ მსახიობი მარველის Eternals-სა და სერიალ Modern Love-ში გამოჩნდა. მართალია, არ ვიცით, როგორ გაგრძელდა ჯონ სნოუს ისტორია, თუმცა მაყურებელი 2024 წლის ზაფხულში House of the Dragon-ის ახალ სეზონს იხილავს.