აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე, ერთ-ერთია, ვისაც სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესიები შეეხო. ცნობილ მეცნიერს თავისუფლება აღუკვეთეს და ქონება ჩამოართვეს. დღეს ნაპოლეონ ქარქაშაძე შელახული უფლებების აღდგენისთვის იბრძვის და იმედოვნებს, რომ კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება“ შეასრულებს დანაპირებს და დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „ყველა დონეზე და ყველა საშუალებით ვამხილოთ თაღლითური სქემა და ვამცნოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს უუნარო ხელისუფლება ჰყავს“.
ბატონო ნაპოლეონ, წავიკითხე თქვენი ახლახან გამოცემული წიგნი. გულწრფელად გეტყვით, გამაოცა თქვენმა განვლილმა გზამ. სხვებისგანაც მსმენია თქვენი საქმიანობის შესახებ აფხაზეთში, იყავით იქაური ქართველების დამცველი და ნამდვილი ლიდერი. „სამწუხაროდ, ხელისუფლებას მაშინაც და დღესაც უჭირს სხვების მიერ გაკეთებული საქმეების აღიარება“ - თქვენ ამას წერთ თქვენს წიგნში, რაც სრული ჭეშმარიტებაა.
- მადლობა იმისთვის, რომ წიგნი წაიკითხეთ. სამწუხაროდ, წიგნიერება დღევანდელი საზოგადოებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, „უცხო ხილია“. სხვათა შორის, წიგნში ბევრი რამ შეგნებულად არ შევიტანე, ველოდები საზოგადოების რეაქციას, მომავალში ვნახოთ, თუ შევძელი, ახალი წიგნი გაცილებით უფრო საინტერესო იქნება.
პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს თუ გაუგზავნეთ წიგნები?
- პარლამენტში რამდენიმე ადამიანთან ვმეგობრობ. ცხადია, მათ გავუგზავნე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივართვი წარწერით, მაგრამ ვეჭვობ, რომ მათ წიგნის წაკითხვისთვის დრო გამონახონ. უფრო მეტად სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი, თუმცა ვინ იცის...
კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, პირდაპირ პასუხს მოითხოვს... უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მოგწონთ ახალი ხელისუფლების მუშაობა?
- არა... და გეტყვით, რატომაც. ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია, შეასრულოს ხალხის დაკვეთა - უსუსურია. დღევანდელ ხელისუფლებაში 3-4 მინისტრის მუშაობა შეიძლება შეფასდეს დადებითად. რაც შეეხება პარლამენტს, იქ უფრო მეტი თავშეფარებულია. დააკვირდით მათ აქტიურობას, მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარია, რომელიც პოლემიკას არ გაურბის და, რომლებიც, ძირითადად, როგორც წესი, ნაციონალებთან პაექრობისას არ მარცხდებიან. თუმცა იქ არიან აქტიური პოლიტიკოსებიც, რომლებიც რატომღაც გაურბიან ტელევიზიას და პრესას.
რას იტყვით ახალ პრეზიდენტსა და პრემიერზე?
- ამ შემთხვევაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, ვფიქრობ, მოსაწონია. მარგველაშვილი განათლებული და სუფთა კაცია, რომელიც, ალბათ, იმოქმედებს ქართველი ხალხის პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად. ვიმედოვნებ, რომ იგი მოქალაქეების ინტერსებისა და უფლებების დამცველი იქნება. სხვათა შორის, ეს სიტყვები მას ფიცის ტექსტში უწერია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდობა ნამდვილად არ ითვლება ნაკლად. მას ძალიან სუფთა და შეუბღალავი ბიოგრაფია აქვს. იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილის გუნდში, ვფიქრობ, უნდა გაამართლოს... თუმცა ვნახოთ!
როგორ შეაფასებდით ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლას?
- ბატონი ბიძინა არ არის ის კაცი, რომელიც დაუფიქრებლად გადადგამს ნაბიჯებს, სააკაშვილის დამარცხებით, იგი უკვე შესულია ქართულ ისტორიაში გმირის სახელით, სხვათა შორის, მან თავისი გუნდი ურთულეს სიტუაციებში მთელი წელიწადი უდანაკარგოდ ატარა. მისი ხელისუფლებაში ყოფნის ეს მოკლე პერიოდი ყველაზე დაძაბული იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მან ნაციონალების მიერ დაგებული ყველა პოლიტიკურ ხაფანგს, ვთვლი, რომ ღირსეულად აუარა გვერდი. თავისი დინჯი, აუღელვებელი პოლიტიკით ივანიშვილმა ქვეყანას სამოქალაქო ომი ააცილა და საქართველო სამშვიდობოს გაიყვანა. ფაქტიურად, დაწყობილი პოლიტიკური სიტუაცია შექმნა და თქვა, ახლა თქვენ მიხედეთ საქმესო, თუმცა თავისი მზადყოფნაც გამოხატა, საჭიროების შემთხვევაში, მეც თქვენს გვერდით მიგულეთო. სხვაგვარად ის ვერც მოიქცეოდა, საქართველო ხომ მისი სამშობლოა და მან მრავალჯერ დაამტკიცა, რომ იგი ჭეშმარიტი მამულიშვილია.
სხვებთან ერთად, 2004 წელს თქვენ სააკაშვილის სასტიკი რეპრესიების პირველი მსხვერპლი ბრძანდებოდით. საზოგადოებამ მაშინაც და დღესაც კარგად იცის, რომ თქვენ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყავით, მან ბაბუის სამსახურიდან გათავისუფლება არ გაპატიათ... ვიცით, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში თქვენ სათანადო განცხადებით მიმართეთ პროკურატურას, რომელშიც ითხოვდით შელახული პატივისა და ღირსების აღდგენას, აგრეთვე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, ახალ ხელისუფლებას კი ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ეს საკითხი ბევრისთვის და, მათ შორის, ჩემთვისაც ბევრ კითხვას ბადებს. იმის თქმა, რომ „ოცნებამ“ გადაგვაგდო, ჯერჯერობოთ მიჭირს, არადა, ფაქტი სახეზეა, რომ მათ ამ მიმართულებით ნაბიჯებიც არ გადაუდგამთ. პირველი განცხადების შემდეგ კიდევ რამდენიმე განცხადება შევიტანე არა მარტო პროკურატურაში, არამედ იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებშიც, პარლამენტშიც, მაგრამ პასუხი, ჩემდა გასაოცრად, არსაიდან არ მიმიღია?!! ვვარაუდობ, რომ „ოცნება“ კოაბიტაციის დამთავრებას ელოდება. არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დანაპირები არ შეასრულოს. ეს სულაც არ არის ძნელი.
თქვენ გჯერათ, რომ დასაბრუნებელი 7 მილიარდია?
- რა არის, იცით... შეიძლება, 7 მილარდის ქონება იყოს დასაბრუნებელი და არა - ფული, მაგრამ ეს ქონება ხომ ნივთიერად არსებობს, მაგალითად, ჩემთვის ჩამორთმეული მწირი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და უპატრონობისგან ოხრდება. რატომღაც მგონია, რომ ბატონ ბიძინას სწორი ინფორმაცია არ მიაწოდეს, როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებაშიც არიან „ნაცმოძრაობის“ ნაშთები დარჩენილები.
საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს ამ საკითხების განხილვას, „რთულიაო“ ამბობენ.
- მეც მსმენია ასეთი რამ მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრისგან. სხვებიც თუთიყუშივით იმეორებენ ამას, მაგრამ მათ ავიწყდებათ ერთი - ხელისუფლებაში ყოფნა, ჯაბა იოსელიანისა არ იყის, „ლობიოობა“ არაა. რას ნიშნავს „ძნელია“, „რთულია“ და ა.შ. ხელისუფლებაში ყოფნა რომ ფუფუნება არაა, ეს იმთავითვე უნდა სცოდნოდათ. ხელისუფალმა თუ პრობლემების წინაშე დაიხია, მაშინ რად გვინდა ასეთი ხელისუფლება ან პარლამენტი?
თქვენ როგორ ფიქრობთ, პრობლემა მართლაც ასე რთულია?
- რასაკვირველია, არა. ჯერ ერთი, მთავრობისგან არავინ მოითხოვს ფულად კომპენსაციას (ასეთები შეიძლება ერთეულები იყვნენ), მეორეც, მთავრობამ უნდა შეძლოს და ამოიღოს ჩვენგან იძულების წესით წართმეული ფული, გაყიდონ პრეზიდენტის სასახლე, ქუთაისის პარლამენტი, ბათუმში აშენებული გამოუყენებელი ე.წ. ტექნოლოგიური ინსტიტუტი. მოიძიონ ოფშორებში გადამალული ფული... აბა, როგორ უნდათ? ხალხს ისინი იმიტომ კი არ აურჩევია, რომ გამორჩეულები არიან და ფუფუნებით უნდა იცხოვრონ, არამედ იმისთვის, რომ საქმე აკეთონ. სხვათა შორის, მიკვირს პროკურატურაში შესული განცხადებები რატომ არაა დღემდე დახარისხებული სირთულეების მიხედვით? თუ ეს გაკეთებულია, რატომ არ გვეუბნებიან?
რა გაქვთ მხედველობაში?
- არის საქმეები, რომლებშიც დაზარალებულს ჩამორთმეულ ქონებაში მოდავე არავინ ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი მეც გახლავართ. ამ საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს დონეზე, ამისთვის პარლამენტის რამდენიმეწინადადებიანი დადგენილებაა საჭირო. არის საქმეები, რომელშიც გარკვეულია, ვის ჩამოართვეს ქონება და ვის მისცეს, ე.ი. ორივე მხარე ცნობილია. მიკვირს, რატომ არის ასეთი საქმეების გამოძიება რთული? არის მესამე კატეგორია, როდესაც ადამიანს ჩამოართვეს დიდი ქონება და იგი რამდენიმე პირს შორის გადანაწილდა, ხელმეორედ გაიყიდა და ა.შ. ასეთი საქმეები, ალბათ, ერთ პროცენტამდე თუ იქნება. რატომღაც ხელისუფლება ამ ერთპროცენტიანი საქმეების სირთულეს ყველა დაზარალებულს თავს გვახვევს. ჩემთვის გაურკვეველია, თუ რატომ ხდება ასე?!
ამბობენ, რომ ერიდებიან იმ არეულობას, რომელიც შეიძლება, ასეთი საქმეების განხილვას მოჰყვეს.
- დაიწყონ იმ საქმეებით, რომლებიც მარტივია და არავითარ არეულობას არ გამოიწვევს. ასეთი საქმეების გადაწყვეტა ორ-სამ საათში შეიძლება, თუ ცხადია, ხელოვნურად არ გაართულებენ. რაც შეეხება რთულ საქმეებს... რას მიქვია არეულობა მოჰყვებოდეს სამართლიანობის აღდგენას? ეს არ შეიძლება გახდეს არეულობის მიზეზი, ნუთუ ეს ძნელი გასაგებია? მაშინ რატომ გვქვია სახელმწიფო? მათ უნდა გააკეთონ საქმე და არ დაუშვან არეულობა. ანაც, როგორ აპირებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უმუშევრობის აღმოფხვრას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ა.შ. მე ვთვლი, რომ ესენი უფრო რთულია გასაკეთებლად. რა გამოდის? მაშინ ამ საქმეებსაც უნდა აარიდონ თავი? გვჭირდება კი ასეთი ხელისუფლება? და კიდევ ერთი: ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციაზე ამბობს, რომ უზრუნველყოფს ადამიანების სიტყვისა და მათი საქმიანობის ხელშეუხებლობას, დაიცავს მათ ქონებას, იზრუნებს კეთილდღეობაზე და სხვა. სხვათა შორის, ფიცს პრეზიდენტი დებს ღვთისა და ერის წინაშე და, ცხადია, უნდა შეასრულოს. იმედს ვიტოვებ, რომ 17 ნოემბრის შემდეგ პროკურატურაში შეტანილი განცხადებების განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართება.
თუ თქვენი მოლოდინი არ გამართლდა? ლაპარაკია რაღაც კომისიის შექმნაზე, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. ერთი სიტყვით, პროცესები შეიძლება, დროში გაიწელოს ან საერთოდ აღარ მოუბრუნდნენ ამ საკითხებს. მაშინ?
- არა მგონია, ხელისუფლებაში ასეთი უგუნურები ისხდნენ, არ ვფიქრობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს მიაფუჩეჩებენ. მაგრამ, თუ ასე მოხდა და ქართველი ხალხი გააბითურეს, მაშინ ისღა დაგვრჩება, რომ ყველა დონეზე და ყველა საშუალებით ვამხილოთ თაღლითური სქემა და ვამცნოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს უუნარო ხელისუფლება ჰყავს. კიდევ ვიმეორებ, რომ ასე არ მოხდება. და კიდევ ერთი - მთავრობას ჰგონია, რომ ჩვენთვის, დაზარალებული მოქალაქეებისთვის, სამართლიანობის აღდგენა ძველი მაღალჩინოსნების დაპატიმრებაა და არგუმენტად მოჰყავთ დასავლეთის რეაქცია. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს, ვის დაიჭერენ და ვის არა, ჩვენ შელახული უფლებებისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნება გვინდა.