„ის არის ინტელექტუალი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იყო ის, რაც არის - არამზადა, არავინ“

„ის არის ინტელექტუალი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იყო ის, რაც არის - არამზადა, არავინ“

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „რუსთავი 2“ - ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ 7 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ზურაბიშვილი თვლის, რომ ასეთ რაღაცებზე წაყრუება არ შეიძლება, გვარამიას მხრიდან საჭიროა ბოდიშის მოხდა ან მისი განცხადების ფაქტებით გამყარება.

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი აპირებს, მიმართოს იურისტებს და საჭიროების შემთხვევაში გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, გვარამიას ეს განცხადება შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 7 ნოემბერის მოვლენებს წარმართავდნენ. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო ღალატს გაბრალებს ის ადამიანი, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, სულ მცირე ფაქტები და დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს.

„ყოფილი გენერალური პროკურორის, ამჟამად „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს იყო სახელმწიფო გადატრილების მცდელობა ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან, მივიჩნევ პირადად ჩემი და არა ერთი იმ ადამიანის შეურაცხყოფად, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ აქციებში. მე არ ვარ მომხრე კონფრომტაციის და ადამიანების დაყოფისა „ამისტებად“ და „იმისტებად“.

როდესაც გაბრალებენ სახელმწიფოს ღალატს და გადატრიალების მცდელობას და ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც გენპროკურორის თანამდებობა ეკავა იმ დროს, მაშინ მან კეთილი უნდა ინებოს და პასუხი აგოს თავის სიტყვებზე, დაასაბუთოს ეს ბრალდება, ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, ეს არის დანაშაულის დაბრალება. მე ვაპირებ, იურისტებს მივმართო და სასამართლოშიც შევიტანო სარჩელი, იმიტომ, რომ ეს დანაშაულის დაბრალებაა. ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ან დადოს ის მტკიცებულებები, რომ მე და ჩემი მეგობრები ვამზადებდით გადატრიალებას“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტირი დავით ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს მოუწოდებს ყურადღებით მოისმინოს განცხადებები და იყოს ადეკვატური. ნიკა გვარამიას განცხადებით, დავით ზურაბიშვილი არ არის იმ მასშტაბის ფიგურა, რომ ვინმე გამუდმებით მასზე საუბრობდეს. როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, იგი გადაცემა „პოზიციის“ ეთერში ბადრი პატარკაციშვილის შესახებ საუბრობდა და მას რომელიმე პოლიტიკური პარტია და კონკრეტულად დავით ზურაბიშვილი არ უხსენებია.

„დავით ზურაბიშვილის განცხადება არის სრულიად არაადეკვატური. როგორც ჩანს, მას ჩემთვის არ მოუსმენია, ყურმოკვრით იცის, ან მე მიჭირს უკვე გასაგებად საუბარი. მე ვსაუბრობდი ბადრი პატარკაციშვილზე, დავით ზურაბიშვილი არ მიხსენებია. თუ მას ჰგონია, რომ მისი სახელი და გვარი დამავიწყდა, ძალიან ცდება, ან მისი მერიდება, ასე რომ ვფიქრობდე, მასაც ვახსენებდი. ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ფიგურას ან პოლიტიკურ პარტიას. მე ვსაუბრობდი ბადრი პატარკაციშვილზე. დარწმუნებული ვარ, მისი ამოცანა იყო საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერი მეთოდით. გადაცემაში 7 ნოემბერიც კი არ მიხსენებია, არამც თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია და კონკრეტულად დავით ზურაბიშვილი. ვინმეს ხსენება რომ მდომოდა, არავის არ მერიდება, არც მეშინია და არც არავინ არ დამვიწყებია, ვახსენებდი აუცილებლად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, თუ დავით ზურაბიშვილ ფიქრობს, რომ იგი ბადრი პატარკაციშვილის თამაშის ნაწილი იყო, ან თუ იცის ამის თაობაზე, ეს მისი პრობლემაა. მისივე თქმით, თუ ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ბადრი პატარკაციშვილი მისი და მისი პარტიის გარეშე რაიმეს განხორციელებას ვერ შეძლებდა, ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზეც და საკუთარ პარტიაზეც.

როგორც ცნობილია ნიკა გვარამია გახლავთ ფილმის „ნოემბრიდან ნოემბრამდეს“ ავტორი, სწორედ მისი გენერალური პროკურორის მოადგილეობის დროს აღიძრა ოპოზიციის ლიდერების და ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ბრალდებით - „შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ“. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება პატარკაციშვილის მიერ გაკეთებული განცხადება და საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლა იყო.

მაშინ პატარკაციშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში, ჯაშუშობაში, ფულის გათეთრებაში და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალი ედებოდა რეჟისორ გოგა ხაინდავას, თუმცა ამის მიუხედავად ის არც ერთხელ არ ყოფილა დაკითხული. მისივე თქმით, ის მიმართავს, რომ გასაჯაროვდეს ყველა ის მასალა, რის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ლედერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„გვარამია არის დამნაშავე და ამაზე მეტყველებს ის, რომ გენერალური პროკურორის რანგში ლაპარაკობდა იმ დანაშაულებებზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა და რომლის დამტკიცებას ის ვერ შეძლებს. 7 მუხლით აღიძრა ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ნიკა გვარამიას მოუწევს იმის დასაბუთება, რასაც ის საკუთარ ტელევიზიაში ლაპარაკობდა. ნინო შუბლაძესთან ლაპარაკი მარტივია, აი გოგა ხაინდრავას როგორ დაელაპარაკება და როგორ დაადასტურებს, რომ ჩვენ გადატრიალების მომწყობი ვიყავით, ვნახოთ, ეს რამდენად მარტივი იქნება მისთვის.

5 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ ჩემთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ჯაშუშობა, ფულის გათეთრება, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ. ბევრი დრო ჰქონდათ ამის დასამტკიცებლად, მაგრამ ეს იყო ტყუილი, ეს იყო პოლიტიკური დევნის კლასიკური ნიმუში. მაგათ და ე.წ. ევროპული ღირებულებების პოლიტიკოსებს ვაჩვენებ რას ნიშნავს პოლიტიკური დევნა, ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური დევნის ობიექტი, თუ მე ვიყავი პოლიტიკური დევნის ობიექტი მთელი ამ წლების განმავლობაში?! პირობას ვაძლევ გვარამიას და ბარამიძეს, რომ მათ სასამართლოში შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს“, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, დანაშაულში თანამონაწილეობა დაადასტურა გიორგი ბარამიძე.

„ამავე გადაცემაში თქვა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ და იმიტომ არ დავიჭირეთო. ეს რას ჰქვია, მე თუ დასაჭერი ვიყავი, რა მნიშვნელობა აქვს ოპონენტი ვარ, კორესპონდენტი თუ ავტოინსპექტორი? თუ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირო, მითუმეტეს, ისეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც არის სახელმწიფო გადატრიალება, ჯაშუშობაზე არაფერს არ ვლაპარაკობ.

ერთსაც და მეორესაც პასუხების გაცემა კი არა, პასუხისმგება მოუწევთ. ნიკა გვარამია იური ნიკულინი კი არ იყო, ის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე, ისე აგებს პასუხს. 5 წლის მერეც რომ იგივეს იმეორებს, ეს უნდა დაადასტუროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გოგა ხაინდრავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი რომელსაც ასევე ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს, ამბობს, რომ ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ საქმის გამოძიებას აზრი არ ჰქონდა, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება.

„არასოდეს არ გამოუძახებივარ არავის დაკითხვაზე, არავინ არასოდეს არ დაკითხულა. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ბერძენიშვილი შნურით იყო მიბმულიო. არავის არ დავუკითხივარ და თუ მხოლოდ თავისი თავი დაკითხეს, არ ვიცი. არ ვაპირებ სასამართლოში წასვლას, გვარამიას თავისი უბედურება ეყოფა. მტერმა ჩაიხედა მის თავში. საქმეს ისაა, რომ ის არის ინტელექტუალი „რა, სად, როდის“-ს მოთამაშე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იყო ის, რაც არის -არამზადა, არავინ.

„კონსერვატიული პარტიით“ შემოიყვანა პარლამენტში ზვიად ძიძიგურმა, უმადური ვინმეა, მერე იყო განათლების მინისტრი, რომელიც განათლების მინისტრობის მერე წავიდა სასწავლებლად. მასზე ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი, შემთხვევითი კაცია, თუმცა ნიჭიერი. რატომ მოუვიდა თავში დღეს ილაპარაკოს ბადრი პატარაკაციშვილზე და ლევან ბერძენიშვილზე, მართალი გითხრათ, არ ვიცი. არავინ უშლიდა ხელს, 5 წელი ჰქონდათ იმისათვის, რომ დავეკითხე. იურისტია და იცის, რომ კაცი თუ დანაშავეა, უნდა დაკითხო. ასე არ გამოვა, გვარამიამ ილაპაკოს, რომ დამნაშავე ვარ და ამის გამო, მე თავი ვიმართლო“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.