ჩვენს მეგობრებს მოვუწოდეთ, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან ცუდ რაღაცაში ამხელს კონკრეტულ ადამიანებს თუ პირთა ჯგუფებს, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე უცხოეთში გამჭვირვალობის კანონის ხელახლა დაინიცირების შესახებ გაკეთებულ შეფასებებს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ კანონის კრიტიკა უსამართლოა და მმართველი პარტია ზეწოლას გაუძლებს და საკუთარ სიმართლეს ბოლომდე გაიტანს.
„დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ. დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს. ოღონდ, განსხვავება არის ერთი - შარშანდლისგან განასხვავებდათ, ისინი „რუსულ“ კანონს აღარ უწოდებენ [გამჭვირვალობის კანონს], თუ არ არიან სუბიექტური ფიზიკური პირები. ეს უკვე შედეგია. ამითაც კმაყოფილები ვართ. მაგრამ კრიტიკა, რომ [ეს კანონი] შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, ყალბია. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა, იმიტომ რომ აქვთ მცდელობა გვაიძულონ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა.
ევროკავშირში, ევროკავშირის ქვეყნებში არის ინიცირებული, მოქმედებს განიხილება [ასეთი კანონები] და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს [კრიტიკა] წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმიღება წარმოუდგენელი უსამართლობაა. ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ [გამჭვირვალობის კანონს] და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ - ეს არ გაბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ ვიღაცას, კონკრეტულ ძალებს უნდათ ფულით მართონ საქართველო, არა, ასე არ იქნება. საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის“, - განაცხადა მდინარაძემ.