პანკისის ხეობაში მცხოვრები დევნილები მოქალაქეობას ითხოვენ

პანკისის ხეობაში მცხოვრები დევნილები მოქალაქეობას ითხოვენ

საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო, პანკისის ხეობაში მცხოვრები ბავშვები სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. ლტოლვილებისთვის, რომლებიც პანკისში ცხოვრობენ, მოქალაქეობის მინიჭება 2009 წელს დაიწყო, თუმცა ამჯერად ეს პროცესი შეწყდა და მოქალაქეობის გარეშე დაახლოებით 54 ოჯახი დარჩა, მათ შორის, როგორც ლტოლვილი, ასევე, პანკისის ხეობაში დაბადებული ბავშვებიც.

ადგილობრივების თქმით, მოქალაქეობის არქონის გამო ბავშვები სკოლაში ვერ შედიან, კლასიდან კლასში ვერ გადადიან და ექიმთან ვიზიტი უჭირთ.

სულ ახლახანს ამ პრობლემის მოგვარება თეა წულუკიანს პანკისის ხეობის წარმომადგენელმა ნათია ფარეულიძემ სთხოვა. როგორც ფარეულიძე აცხადებს, იუსტიციის მინისტრის პასუხი საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა.

„მე არ ვიცი, თქვენ რომელ ბავშვებს გულისხმობთ. თუ გულისხმობთ 16-18 წლის ასაკის მოზარდებს, რომლებიც გაურკვეველ ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებული და შემდეგ სირიაში აღმოჩნდებიან ხოლმე და ვიღაცის ინტერესების წინაღმდეგ იბრძვიან, არ ვიცი, მაგრამ, თუ საუბარია 6-7 წლის ბავშვებზე, რომლებსაც სკოლაში შესვლის პრობლემები ექმნებათ, მაშინ ეს საკითხი მოგვარებადია. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როცა კონტრდაზვერვას ეშლება და არასწორ დასკვნას დებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მოზარდები სირიაში აღმოჩნდებიან ხოლმე და ვიღაცის მხარეს იბრძვიან“, – განუცხადა ხეობის წარმომადგენელს მინისტრმა.

ფარეულიძე კი მიიჩნევს, რომ, თუ მშობელი სირიაში მიდის, შვილებს ამის გამო პრობლემა არ უნდა შეექმნათ. მისი თქმით, ეს ბავშვები არც რუსეთის მოქალაქეები არიან, არც საქართველოსი და მათი რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას იუსტიციის სამინისტროში შევეცადეთ, თუმცა როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, სინამდვილეში, პრობლემა ასე არ არის და ამ ეტაპზე განცხადებას ვერ გააკეთებენ.

ჩვენ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს მექა ხანგოშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, ძალიან გამაღიზიანებელია, როცა პანკისის ხეობაში მცხოვრებ დევნილებს მოქალაქეობას არ აძლევენ იმ მოტივით, რომ შესაძლოა, მათ სირიაში იბრძოლონ.

„რა შუაშია აქ სირიაში მებრძოლები? ეს ხომ პიროვნებაზეა დამოკიდებული? ძალიან ამორალურია, რომ მათ აპრიორი სირიას უკავშირებენ. 20 წლის შემდეგ შეიძლება სირიაში ბრძოლის ფაქტორი არც იყოს, მანამდე კი ამ ქვეყანაში ბრძოლის სურვილი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ამ შემთხვევაში, ეთნოსს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის მინიჭებას თავისი წესი აქვს და იგი არ უნდა ფერხდებოდეს მხოლოდ იმიტომ, ეთნიკურად რომელი ერის წარმომადგენელია ესა თუ ის პიროვნება, ან მომავალში რა შეიძლება ჩაიდინოს. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. ღია საკითხები კი ყოველთვის პრობლემას ქმნის. ამდენად, ნებისმიერ პრობლემას სჭირდება არა კულუარული მოლაპარაკებები, არამედ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული განაცხადი, ანიჭებს თუ არა მათ მოქალაქეობას.

„ლტოლვილებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასახლდნენ პანკისის ხეობაში, უნდა ჰქონდეთ გარკვეული სტატუსი. სახელმწიფო მათ უნდა ეხმარებოდეს. არ შეიძლება, კანონის მიღმა ვინმე დარჩეს, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეა თუ არა პიროვნება. მით უმეტეს, პანკისის ხეობაში მცხოვრები ლტოლვილების თემა დღეს წარმოშობილი პრობლემა არ არის. თუ აქ დამკვიდრებულ ადამიანებს სურთ, საქართველოს მოქალაქეობა მივანიჭოთ, ჩვენ უნდა მივანიჭოთ ეს მოქალაქეობა. ხოლო მომავალში მათი საქციელი ეს მათი პრობლემაა და არა - ეთნიკური პრობლემა. შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ქართველიც აღმოჩნდეს სირიაში ან ჩეჩნეთში და ეს არ არის არგუმენტი“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაიდინოს დანაშაული და ამის პრევენცია, მოქალაქეობის მიცემა-არმიცემით შედეგის მომცემი არ არის. მით უმეტეს, რომ პანკისის ხეობა საქართველოს კუთვნილი ხეობაა, იქ დასახლებული ძირძველი, მკვიდრი მოსახლეობით თუ ლტოლვილთა ნაკადით.

„ყოველ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის მინიჭება კონკრეტული პრობლემაა, უნდა არსებობდეს სპეციალური ბრძანება, რომლითაც მათი საყოფაცხოვრებო პრობლემები მოგვარდება. დახმარების ხელი ჩეჩნებს ერთხელ უკვე გავუწოდეთ, როცა ლტოლვილთა ნაკადი მივიღეთ, ამიტომ მათი დახმარება უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.