მამია სანადირაძეს ვანო მერაბიშვილის სახელით ემუქრებოდნენ

მამია სანადირაძეს ვანო მერაბიშვილის სახელით ემუქრებოდნენ

„დაგიჭერთ, გაგაკოტრებთ, მთელი მთავრობა საქმის კურსშია და ყველამ იცის, რაც გელოდება,“- ამ სკანდალური აუდიომასალის ჩანაწერი, რომლითაც ირკვევა, როგორ ემუქრებიან „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელ მამია სანადირაძეს ფირმის წართმევის მიზნით, დღეს უკვე საქალაქო სასამართლოშია. საქმეში დევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც, რომლითაც ამ გაშიფრული ჩანაწერის რეალობა დასტურდება. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ამ რეზონანსული საქმის განხილვა უწევს.

უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - მამია სანადირაძის სარჩელს შპს „ნელგადოს“ წინააღმდეგ. მოსარჩელე მამია სანადირაძე მოითხოვს, გაუქმდეს ოფშორულ კომპანია -“ნელგადოსთან“ დადებული ხელშეკრულებები, რომელიც მას იძულებითა და მუქარით დაადებინეს და „კავკასუს ონლაინის“ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება მეათედ ფასად დაათმობინეს.

დღეისთვის ჩანიშნული პროცესი მოპასუხე მხარის მოთხოვნით 16 დეკემბრამდე გადაიდო და უკვე მეორედ გამოიკვეთა, რომ მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურებითაა დაინტერესებული. მართალია, „ნელგადოს“ წარმომადგენელი, არკადი პარუნიანი ისევ არ აკეთებს ჟურნალისტებისთვის კომენტარს და პროცესის დასრულებისთანავე ტოვებს სასამართლის შენობას, მაგრამ მოსარჩელე, მამია სანადირაძის ადვოკატი- ციცინო დევრისაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მოპასუხე მხარეს აწყობს პროცესის გაჭიმვა, რადგან მიმდინარეობს ფირმის ძარცვა და პარალელურ რეჟიმში მოგების მიღება.

ამდენად, „ნელგადოს“ წარმომადგენელი ხან ლონდონის სასამართლოში ითხოვს საქმის განხილვას, ხანაც ცალკეულ ხელშეკრულებებს ხდის სადაოდ. 

„131-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მტკიცებულებას სადაოდ არ ხდიან, მაშინ დამატებით სხვა ხელშეკრულების წარდგენის საფუძველი არ არსებობს. ცნობილია, რომ მხარეები სადაოდ არ ვხდით 2012 წლის ხელშეკრულებას, რომელიც ამ ფორმით უკვე არსებობს. რაც ჩვენ წარვადგინეთ, მათაც წარადგინეს ნათარგმნი სახით და ჩვენ დავეთანხმეთ და სადაოდ არ გავხადეთ. იქ არის ჩვენი მხარის ხელმოწერა დედნის სახით და მათი მხარის ხელმოწერაც დედნის სახით. ამიტომ არ მესმის, მაინცდამაინც ახლა მოპასუხე მხარემ რატომ გახადა ეს სადაოდ და ნოტარიული წესით დამოწმებული დამატებითი ხელშეკრულების წარდგენა რატომ მოითხოვა?! მათ წარმოადგინეს სულ სხვა აგენტის მიერ დამოწმებული ხელშეკრულება, სულ სხვა თანხაზე. ამიტომ სწორად დასვა მოსამართლემ კითხვა, სად არის მითითებული, რომ, რაც თქვენ წარმომიდგინეთ, ამ ხელშეკრულებებს ეხება?! მან ეს ვერ წარმოადგინა. ამიტომ აღნიშნა, ხელშეკრულებები არ გადმომცემიაო. სინამდვილეში, მათ ხელშეკრულებები გადაცემული აქვთ. სამოქალაქო პროცესზე ასე არ ხდება ხოლმე. როცა მხარეები წარადგენენ ერთსა და იმავე დოკუმენტს, გამოდის, რომ ისინი თანხმდებიან. საქმეში წარმოდგენილია 2010 წლის 24 მარტის, 2011 წლის 16 მარტის და 2012 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებები, რაც იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. მოპასუხის მიერ ნახსენები ხელშეკრულება კი აღნიშნულ ხელშეკრულებასთან არანაირ კავშირში არ არის. მეტიც, მოპასუხის მიერ ნახსენები ხელშეკრულება ჩემთვის უცნობია და, როგორც ჩანს, ეს კაპიკებზე დადებული ხელშეკრულებაა,“- აცხადებს ციცინო დევრისაშვილი და ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარეს შეცდომაში შეჰყავს სასამართლო.

რეალობა კი ისაა, რომ ყარამანაშვილმა და მაქაცარიამ 100-მილიონიანი ქონება 13 მილიონად მიითვისეს. თუმცა თვითონ ამ 100-მილიონიან ქონებას 160-მილიონად აფასებენ და ფარულ ჩანაწერებშიც ამის შესახებ თვითონვე ამბობენ. საქმის მასალებით მტკიცდება, რომ სწორედ ლევან ყარამანაშვილის („რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელი), ხვიჩა მაქაცარიას, ლევან ხუნდაძის მხრიდან ისმის უხამსი მუქარის სიტყვები მამია სანადირაძისადმი: „მოგკლავ, დაგიჭერ, აგახევ ფირმას“.  ნახსენებია მფარველების სახელები ე.წ. „უფროსები“ -  მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი. ამ ხელშეკრულებებზე მაქაცარიას და ყარამანაშვილის ხელმოწრებია. ამიტომ, ადვოკატის თქმით, მოპასუხის მიერ ნახსენებ ხელშეკრულებას კავშირი არ აქვს იმ სამ ხელშეკრულებასთან, რომლის ბათილად ცნობასაც მამია სანადირაძე ითხოვს.

გარდა ამისა, საქმეში ფიგურირებს გიორგი რამიშვილიც („ზარალა“)- „სილქნეტის“ მფლობელი, რადგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, „სილქნეტიდან“, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ერთობლივად ახორციელებდნენ კავკასუსის ინტერნეტ ქსელის განადგურებას.  საქმის მასალებით იკვეთება, რომ ხდებოდა „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი კაბელების ჩაჭრა, პოლიცია მათ იჭერდა და რატომღაც მეორე წუთს უშვებდნენ „სილქნეტის“ თანამშრომლებს. უსაფუძვლო ჯარიმები იწერებოდა „სემეკის“ მხრიდანაც.  (მამტკიცებელი ვიდეო მასალები ჩაბარებულია სასამართლოში).

ყველა შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა იძულებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითვალისწინებს. ამიტომ მოპასუხე მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ საქმე გადაიტანოს ლონდონის სასამართლოში. ეს მაშინ, როცა არცერთ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, რომ საქმე ლონდონის არბიტრაჟის განსჯადია. უფრო მეტიც, როდესაც არ არსებობს კერძო არბიტრაჟზე შეთანხმება, მაშინ საქმე შეუძლია განიხილოს  საქართველოს სასამართლომ და ამის არაერთი პრეცედენტი და პრაქტიკა არსებობს ჩვენს სასამართლოში.

პრობლემაა ისიც, რომ მოპასუხე მხარე არ იბარებს სასამართლო უწყებებებს. ციცინო დევრისაშვილი იხსენებს, რომ მათ თავის დროზე პოლიციაც ჩართეს ამ საქმეში, თუმცა მაინც ვერ შეძლეს, რომ შპს  „ნელგადოს“ წარმომადგენლებისთვის შეტყობინება ჩაებარებინათ. მოგვიანებით სასამართლო იძულებული გახდა, ამის შესახებ უშუალოდ თავის ვებგვერდზე გამოექვეყნებინა.

„ეს ახლაც დროის გაჭიანურების ფაქტორია, თორემ სადაო არაფერია. არაფერს არ ცვლის 2012 წლის ხელშეკრულება. ეს იგივე ხელშეკრულებაა, რაც წინა ორი ხელშეკრულება“,-აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „ბიზნეს კურიერში“ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის შესახებ გასულ სიუჟეტს, ციცინო დევრისაშვილი მას სამარცხვინოს უწოდებს და საეჭვოდ მიაჩნია, რომ ეს სიუჟეტი სწორედ „მამია სანადირაძე-ნელგადოს წინააღმდეგ“ პირველი სასამართლო პროცესის შემდგომ პერიოდს დაემთხვა.

კერძოდ, მისი აზრით, სიუჟეტში ტენდენციურადაა გაშუქებული მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება. საქმე ეხება იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რომელიც გაიყიდა.

„თავის დროზე მეც გახდლით მოსამართლე და მეც ამავე გადაწყვეტილებას გამოვიტანდი, როგორც ბატონ თამაზს გამოუტანია. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან, რადგან, როცა იპოთეკით დატვირთულ (ანუ სესხშია ჩადებული) ქონებას ყიდულობთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქონება დღეს თუ ხვალ გაიყიდება,“-აცხადებს ციცინო დევრისაშვილი.

შეგახსენებთ, საქმე ეხება კავკასუს ონლაინის წილებს, რომლის 80 %-ის მფლობელი და ერთპიროვნული დირექტორი იყო მამია სანადირაძე. მას შემდეგ, რაც “კავკასუსის” შევიწროება დაიწყო და ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ შარანგიების კლანი ჩაერთო, მამია სანადირაძე ითხოვდა, ხელშეკრულება იმგვარად გაფორმებულიყო, რომ, თუ სადაო საკითხები წარმოიშობოდა, ისინი განეხილა ლონდონის არბიტრაჟს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სააკაშვილის ზეობის პერიოდში საქართველოში მამია სანადირაძის ჩამოსვლა გამორიცხული იყო და მისი დაკავების დიდი შანსი არსებობდა. ამიტომაც მამია სანადირაძე არ აწერდა ხელს აღნიშნულ ხელშეკრულებას.

პარალელურად, იმავე პერიოდში მეორე მხარე იძულებული გახდა, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო ყველანაირად უარეყო, რადგან შეეშინდათ, რომ მამია სანადირაძე უკვე ლონდონში გააგრძელებდა ჩივილს. ამიტომ, მათ აწყობდათ, თუკი არ დაფიქსირდებოდა ხელშეკრულებაში ლონდონის არბიტრაჟი, მაშინ ამ საქმეს საქართველოს სასამართლოში გადმოიტანდნენ და სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის მფარველობის პირობებში გარანტირებული ჰქონდათ ამ პროცესის მოგება. ახლა კი პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და, ამდენად, შპს. ნელგადოს“ სურვილია, როგორმე გაახანგრძლივონ პროცესი, რათა გააგრძელონ „კავკასუსის“ ძარცვა და მასზე რიცხული ქონების სხვა ფირმებზე გადაფორმება.