საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს მასპინძლობა სსიპ „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა გაუწია. დღევანდელი შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმით გათვალისწინებული მორიგი ღონისძიებაა.
სსიპ „დელტას“ ხელმძღვანელმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საწარმოს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე სამხედრო-სამეცნიერო სფეროში მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხზეც გამახვილდა ყურადღება. უჩა ძოძუაშვილმა უცხოელ სტუმრებს ქართული სამხედრო მრეწველობის პერსპექტივა გააცნო და ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერებინა. მხარეებმა სამხედრო-სამეცნიერო სფეროში მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს.
სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ღონისძიებების განსახორციელებლად, უშუალოდ თანამშრომლობენ.