ახლად არჩეული პრეზიდენტი მისი წინამორბედის რეზიდენციებით არ ინტერესდება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სხვა საპრეზიდენტო რეზიდენციების ბედიც ისევე უნდა გადაწყდეს, როგორც - ავლაბრის რეზიდენციის.
„არც ვიცი, რამდენი რეზიდენციაა და სად არის. შესაბამისად, ზუსტად რომ გითხრათ, ისინიც სასწავლო დაწესებულებები უნდა იყოს-თქო, ბუნებრივია, ასეთ რამეს ვერ ვამბობ, მაგრამ მთავრობას, პოლიტიკოსებს, არ აქვთ ჯერ იმის შესაძლებლობა, რომ ფუფუნების ობიექტებში იცხოვრონ ან იმუშაონ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სულ სხვა იყო მიხეილ სააკაშვილის „ოცნება“. „ნანუკას შოუში“ ჯერ კიდევ პრეზიდენტის ამპლუაში მყოფი სააკაშვილი აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცილებით დიდი ფუნქცია ეკისრებოდა მთავრობას და პრემიერ-მინისტრს. ამდენად, უმჯობესი იქნებოდა, თუ ავლაბრის რეზიდენციას ისინი გამოიყენებდნენ.
ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უამრავი ადმინისტრაციული ფლიგელი არსებობდა, რომლის გამოყენებაც მთავრობას თავისუფლად შეეძლო. ასევე, სააკაშვილის ხელისუფლება ამაყობდა იმით, რომ მათ შეისყიდეს რამდენიმე შენობა სასახლის უკან, რომლებშიც სამინისტროების განთავსებაც იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება საპრეზიდენტო რეზიდენციებს რეგიონებში, მათი დანიშნულების შესახებ სააკაშვილს არაფერი დაუბარებია. ამდენად, გაურკვეველია, რა ბედი ელის საპრეზიდენტო რეზიდენციებს, რომელთა რიცხვიც სააკაშვილის მმართველობის დროს ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც არაერთგზის განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიდი განცხრომით ცხოვრობდა და მას ჩვენისთანა ღატაკი ქვეყნის სხვადასხვა კურორტებზე ექვსი საპრეზიდენტო რეზიდენცია ჰქონდა.
პერიოდულად სააკაშვილი მისაბაძ მაგალითებს იძლეოდა, აცხადებდა, რომ მზად იყო, ბობოყვათის რეზიდენცია ჩაებარებინა. 2009 წელს საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდნენ ბათუმისა და ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციები, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა, რადგან მათი შენახვა ძვირი ჯდებოდა. თუმცა ამ რეზიდენციების ადგილი ყველაზე ძვირადღირებულმა - ავლაბრის რეზიდენციამ დაიკავა.
მოგვიანებით ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ხან წყნეთში იშენებდა მეშვიდე რეზიდენციას, ხანაც- მესტიაში, ისტორიულ კოშკებსა და სათხილამურო ტრასას შორის.
თუ გავითვალისწინებთ გიორგი მარგველაშვილის სურვილს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდეს, შესაძლოა, რეგიონებში მდებარე სამთავრობო რეზიდენციებსაც საგანმანათლებლო დანიშნულება მიუჩინონ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამთავრობო რეზიდენციების ბედი ერთპიროვნულად არ უნდა გადაწყდეს და საზოგადოების მოსაზრებაც უნდა გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამორბედი პრეზიდენტის მსგავსად, თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე აღმოვჩნდებით.
ექსპერტ ვაჟა ბერიძისთვის საპრეზიდენტო რეზიდენციების ბედი ორლესული საკითხია. იგი ცუდს ვერაფერს ხედავს, რომ სახელმწიფოებრიობის სიმბოლოები-პრეზიდენტის რეზიდენცია, პარლამენტის შენობა შთამბეჭდავი იყოს და არქიტექტურულ ღირებულებასთან ერთად კომფორტზეც მეტყველებდეს. ექსპერტი სულაც არაა პოპულიზმის მომხრე - რადგან ხალხი გაჭირვებულია და შიმშილობს, თურმე მოკრძალებული ინაუგურაცია უნდა გავმართოთ, აღლუმები არ უნდა ჩავატაროთ და ფული არ დავხარჯოთ სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის აღმნიშვნელ ღონისძიებებზე.
ვაჟა ბერიძის აზრით, იმის გამო, რომ სააკაშვილის დროს მოხდა პრეზიდენტის სასახლის რეკონსტრუქცია თუ მშენებლობა, მასზე უარის თქმა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაქცევა არასწორია. ამგვარი საკითხები მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და ქვეყნის პირველ პირს უნდა ჰქონდეს რეზიდენციები რეგიონებში. თუმცა უნდა დავფიქრდეთ, რამდენი სასახლე უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს - ერთი, შვიდი თუ თორმეტი? ან რამდენად ფეშენებლური უნდა იყოს ისინი? ეს კი ხალხთან მოთათბირების, დისკუსიების, განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს ან გაიყიდოს და პროფილი შეეცვალოს.
„პომპეზურობა წინა ხელისუფლების სერიოზული ნაკლი იყო და ამის საპირწონედ ახლა მეტისმეტი მოკრძალების გამოჩენა და სოციალისტური მიდგომებით დაპირისპირება სწორად არ მიმაჩნია. ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო. პარლამენტის შენობა რით აშენდა? დღემდე ვერ პოულობენ ფულს, რომლის საფუძველზეც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ 200 მილიონი მისცა მშენებელ კომპანიას პარლამენტის შენობის ასაშენებლად. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი ხალხის ფულით გაურკვევლად შენდებოდა, მაგრამ ერთი იმდენი ქრებოდა და ჯიბეებში მიდიოდა“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
აქვე იგი ეხმაურება ქონებაჩამორთმეული ადამიანებისთვის ამ შენობების გაყიდვით მიღებული ფულის გადაცემას და მიიჩნევს, რომ ეს გამოსავალი არ იქნება. უფრო ზუსტად კი, ამ შენობების გაყიდვის ამონაგები არ ეყოფა ბიზნეს თუ ქონებაჩამორთმეული ადამიანების თანხების გასტუმრებას. მეტიც, აქ სხვა მიდგომაა საჭირო, სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და გზის ძიება.
ექსპერტის აზრით, თუ რაიმე გაიყიდება, იქიდან ამონაგები უეჭველად ბიუჯეტში უნდა შევიდეს და გარკვეულ საჭიროებებზე მიიმართოს. ჩამორთმეული ქონება და წართმეული ბიზნესი კი იმდენად მასშტაბური თემაა, რომ შეიძლება, არაერთი მთავრობა მოინელოს. თუ არ იქნა სწორი გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სამართლიანობის აღდგენის შესახებ, შეუსრულებელი დარჩება, რის კომპენსაციასაც ისინი ვერაფრით მოახერხებენ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებული პოზიცია მხოლოდ მისი პერსონალური მოსაზრება არ არის და ეს მოსაზრება იმ გუნდს ეკუთვნის, რომელსაც მარგველაშვილი წარმოადგენს.
მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზიდენციების ალტერნატიული ფუნქციები ახალი ხელისუფლების გადასაწყვეტია, მაინც უპრიანი იქნებოდა, ამ თემის ირგვლივ საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით დაწყებულიყო გარკვეული დისკუსია. ამით კი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულობა გამოირიცხებოდა.
„არ შეიძლება, ყველა ნაგებობას და რეზიდენციას ერთი და იმავე საზომით მივუდგეთ. ამ შენობებს გარკვეული ღირებულება გააჩნია. რა თქმა უნდა, აქ მათი ფულადი ღირებულება არ იგულისხმება. ამიტომ, მათი გაყიდვა და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანებისთვის თანხის მიცემა არ მიმაჩნია რეალურად. ამისთვის არსებობს პროკურატურა, სასამართლო და ასეთი ქმედებები მხოლოდ მათი გააქტიურების შემდეგ მოხდება, ხოლო მათი პასიურობის მიზეზი ცალკე განხილვის თემაა,“-აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ პაატა შეშელიძისთვის გაურკვეველია, რეგიონებში მდებარე რომელ საპრეზიდენტო შენობებზეა საუბარი. თუმცა იგი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, მოხდეს ამ შენობების იმ დანიშნულებით გამოყენება, რისთვისაც ისინი აშენდნენ. ამასთან, სასურველია ოპტიმიზაცია, რათა გაბნეული სამინისტროები და ცალკეული უწყებები მაქსიმალურად ერთ ან ორ შენობაში რაციონალურად განთავსდეს.
„არ ღირს ასეთი ესკალაცია და საქმის გართულება. ფეშენებლური, ნორმალური შენობები შეიძლება კარგად გამოვიყენოთ. ამ შენობებში უნივერსიტეტების გახსნა ძალიან ხელოვნური იქნება. რაც შეეხება ქონებაჩამორთმეული ადამიანების პრეტენზიებს, ეს პრეტენზიები ჯერ უნდა დასაბუთდეს და მერე გამოჩნდება, საიდან მოვძებნოთ რესურსები მათ დასაკმაყოფილებლად. არა მგონია, ქონებაჩამორთმეული ადამიანების დასაკმაყოფილებლად მაინცდამაინც რეზიდენციებზე გადავიტანოთ აქცენტი, რადგან სულ რაღაც ორი თუ სამი საპრეზიდენტო რეზიდენცია გვაქვს“,-აღნიშნა პაატა შეშელიძემ.