თურქეთის მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP), რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობს, კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა. მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ (RPP) ქვეყნის მასშტაბით ხმების 37,8% მიიღო, ხოლო AKP-მ 35,5%, იტყობინება Anadolu Agency. „ერდოღანის ყველაზე დიდი მარცხი ისტორიაში“ - ასე აფასებს ექსპერტთა უმრავლესობა ამ არჩევნებს.
ეკონომიკური პრობლემები: ჰიპერინფლაცია და მოსახლეობის უკმაყოფილება
მმართველი პარტიის დამარცხებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებული ღრმა ეკონომიკური კრიზისმა. თურქეთში ეკონომიკური კრიზისი 2018 წლიდან გრძელდება. ქვეყანაში ინფლაცია 65%-ს აჭარბებს, ხოლო ეროვნულმა ვალუტამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ღირებულების 80% დაკარგა.
„ხელისუფლებამ დააგვიანა ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგების აღიარება“, - განუცხადა BBC-ს ანკარის ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბაჰადირ თურქმა. მისივე თქმით, 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერდოღანი და მისი პარტია ზედმეტად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდოდა. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ერდოღანმა და AKP-მ დაუშვეს“, - ამბობს პროფესორი.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიცია, ეკონომიკურ კრიზისზე ბევრს საუბრობდა. სტამბოლის პოპულარული მერი, ეკრემ იმამოღლუ, რომელიც არჩევნებში AKP-ის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოდა, აქტიურად იყენებდა ლოზუნგს „ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს სიღარიბეს“ შედეგად, მან დიდი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ხუთი წლით აირჩიეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს არა პირადად ქვეყნის პრეზიდენტის, არამედ მთლიანად მმართველი პარტიის მიმართ.
„ამომრჩეველისთვის ადვილი არ არის ლიდერებისადმი ემოციური მიჯაჭვულობის გაწყვეტა. მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე მათ ხმა უნდა მიეცათ არა ლიდერისთვის, არამედ პარტიისთვის. ამ არჩევნებში მათ სურდათ გამოეხატათ უკმაყოფილება მმართველი პარტიის AKP-ის მიმართ“, - განუცხადა BBC-ს სტამბოლის ოზეგინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ევრენ ბალტამ.
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, RPP, შეინარჩუნა ძალაუფლება თურქეთის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის სტამბულში, ანკარასა და იზმირში და მოიპოვა ძალაუფლება რამდენიმე სხვა ცენტრალურ ქალაქებში, მათ შორის ბურსაში, ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქში. სტამბულში იმამოღლუს გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ქურთული თემის მხარდაჭერა იყო.
ნიშნავს თუ არა ეს პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის გარდაუვალ დასასრულს?
მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის პარტიამ სერიოზული მარცხი განიცადა, ექსპერტები ამბობენ, რომ მისი პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ერდოღანს საპრეზიდენტო ვადა 2028 წელს ეწურება.
„მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა აღიარა ოპოზიციის გამარჯვება, ის რჩება მთავარ ძალად თურქეთის პოლიტიკაში და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა“, - ამბობს პროფესორი თურქი და დასძენს: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ის კვლავ ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ფიგურაა“.
ახლად არჩეული სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ ახლა პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჯერ არ გამოუცხადებია. პროფესორ ბალტას თქმით, მერის თანამდებობის შენარჩუნებით იმამოღლუ აძლიერებს თავის შესაძლებლობებს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის.