ფილოსოფოსები ამბობენ, რომ სიცოცხლე გადაჯაჭვულია სიკვდილთან. სიკვდილი სიცოცხლის შემდეგ კი არ დგება - მას თვით ცხოვრებაში უდევს წილი. ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ყოველდღიური ცხოვრების მკვდარი ნარჩენები ან მათი მკვდარი პროდუქტები. და ხშირად ადამიანი აღმოაჩენს, რომ ეს მკვდარი ნარჩნები ცხოვრების მთელ სივრცეშია განფენილი და ცოცხლაი გრძნობისთვის, ცოცხალი აზრისთვის, ჭეშმარიტი ცხოვრებისთვის ადგილს არ ტოვებს.
(მერაბ მამარდაშვილი, „ცნობიერების ტოპოლოგია“)
იმ ვერტალიოტისა არ იყოს, ღრუბელ-ღრუბელ რომ მიფრინავდა... და, იმ აწ უკვე მოდური გამოთქმისა არ იყოს, მიფრინდა იქ, სადაც მიფრინდა და დაფრინდა იქ, სადაც დაფრინდა. იქ უნდა მიფრენილიყო და იქ უნდა დაფრენილიყო, მარშრუტი მკაცრად იყო განსაზღვრული, ტრაექტორიაც, მომხვდურ-დამხვდურებიცა და მაქებარ-გამხსენებლებიც. მაშინ ეგრე იყო, დრო იყო ეგეთი, ასე იყო საჭირო - სხვანაირად მტერს გულს ვერ გაუხეთქავდი. მტრის გულის ხეთქვა ხომ 21-ე საუკუნის ყველაზე ბასრი იარაღია!
პირველად იყო სიტყვა, მეორედაც სიტყვა იყო, მესამედაც სიტყვა იყო, მეოთხედაც და მეხუთედაც და ეს სიტყვები - „სიტყვები არ მყოფნის“ - იყო სრულიად უადგილო. მხოლოდ სიტყვები იყო, და ძალიან სასაცილოდ სატირალია, როცა მხოლოდ სიტყვებია და ამ დროს კი შენ სიტყვები არ გყოფნის.
ასეთი სასაცილოდ სატირალი იყო მაშინ, როცა მკვირცხლი და უჩინარი ვერტალიოტის ამბავი გვაუწყეს და მარტოხელა მამაცი პოლიციელის ისტორიას მოყვნენ. ხომ გახსოვთ - პრეზიდენტიანი ვერტალიოტი ღრუბელ-ღრუბელ რომ მიფრინავდა, ეული სამართალდამცველი კი მარტოდმარტო რომ აკავებდა მტრის მრავალრიცხოვან ურდოებს.
მაშინ მართლაც არ გვყოფნიდა სიტყვები და ეს - სიტყვათა ძიება - იყო ერთადერთი, რამაც მაშინ ერი გააერთიანა. ვიღაცას სიტყვები არ ყოფნიდა, ვერტალიოტის მამაცი მგზავრი და მისი მიწიერი მცველი რომ შეექო, ვიღაცა კი სლუკუნ-სლუკუნით ცდილობდა მაგარ-მაგარი სიტყვების პოვნას. არავის ყოფნიდა სიტყვები, თუმცა გამწარებულთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა აღფრთოვანებულთა შემჭიდროებულ რიგებს, მაგრამ ტელევიზორში მხოლოდ ეს უკანასკნელები ჩანდნენ.
ეს უკანასკნელები... აი, კვლავ არ მეყო სიტყვები, არადა რამდენი სიტყვა მიტრიალებს თავში და დილემაა: ჩამოვთვალო და, როგორ ჩამოვთვალო? აღზრდა არ მაძლევს უფლებას. არ ჩამოვთვალო და, როგორ არ ჩამოვთვალო? აღზრდა მაიძულებს, რომ გულში არაფერი დავიტოვო, ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად - კორექტულად, მაგრამ ამ კორექტულობაში ვიჭედები ხოლმე. ხოლმე რა... თითქმის ვერასოდეს ვახერხებ. ადრესატი მყავს განსაკუთრებული - აყროლებული თევზი, განსაკუთრებით კი, თევზის თავი. თევზი ხომ თავიდან ყროლდება და თითქოს მისი დანარჩენი ორგანოები თავით აღშფოთებულები უნდა იყვნენ, მაგრამ ორგანოსაც გააჩნია და თუ გინახავთ ან თუ გსმენიათ ისეთი ღორის შესახებ, რომელიც ქუჩაში დაყრილ საჭმლის ნარჩენებს აღეშფოთებინოს, ან, თუნდაც შეეშფოთებინოს? „აფერუმ, შენს დამყრელს“ - ფიქრობენ ისინი და ასევე ფიქრებში დასძენენ: „აფერუმ, შენი დამყრელის გამზრდელს“.
„შეიძლება ვინმემ ამ სიტყვებისთვის გამკიცხოს, თუმცა, ისევე როგორც მთლიანად ამ წერილისთვის, მაგრამ მაინც ხმამაღლა ვიტყვი, რომ თქვენ მე კიდევ უფრო გააზრებულ პატრიოტად მაქციეთ მე და ჩემთან ერთად ათასობით ამ ქვეყნის მოქალაქემ, დღეს ზუსტად ვიცით, რას გულისხმობს სიტყვა პატრიოტიზმი, რა გვიყვარს, რა გვინდა, საით მივდივართ და რა გვეამაყება... და ამისთვის გულწრფელ მადლობას გიხდით...“ - ეს სიტყვები არ გამოქვეყნებულა არც „პრავდაში“, არც „ტრუდში“ არც „კომუნისტში“ და არც „ახალგაზრდა კომუნისტში“. ამ სიტყვების ავტორი არც მოწინავე ზეინკალია და არც გმირი მეჩაიე, არც ცხვირმოუხოცავი ბავშვია და არც მარაზმში მყოფი ბებერი. მისი ვინაობა სულაც არ არის საინტერესო, მისი სახელი არაფერს გვეტყვის... ჰა - გაგიგიათ ვინმეს ქეთუსია იგნატოვა?
გეტყვით - ის არის მუდმივი ავტორი ერთი პრივილეგირებული გაზეთის რუბრიკისა, სახელწოდებით „გულახდილად“. გულახდილობის ბოლო ფეიერვერკი კი ასე იწყება: „დღეს მე არც ობიექტური მინდა ვიყო, არც არაფრის გაანალიზება-შეფასებას, ნეგატიურზე საუბარს არ ვაპირებ. არ მინდა!“
არ უნდა!!! მაგრამ, რატომ არ უნდა? და, საერთოდ, რა უნდა? რა უნდა უნდოდეს საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ-დაბერებულ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ბოლო ათ წელიწადში ჩაწვდა სიტყვა „პატრიოტიზმის“ არსს და როგორც მისივე სიტყვებიდან ირკვევა, იგი ვერ აღზარდეს ვერც მშობლებმა, ვერც მასწავლებლებმა, ლექტორებმა, წიგნებმა, ფილმებმა და პატრიოტიზმის მაგალითებმა, რომელიც მრავლად მოგვეპოვება ისტორიაში და ისტორიაც რომ არა, ჩვენს თვალწინ მომხდარა უამრავი რამ და დღესაც ხდება
„სახელმწიფოებრივი აზროვნება თქვენ განავითარეთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად თქვენ აღგვზარდეთ... თქვენ მე კიდევ უფრო გააზრებულ პატრიოტად მაქციეთ. მე და ჩემთან ერთად, ათასობით ამ ქვეყნის მოქალაქემ ზუსტად ვიცით, რას გულისხმობს სიტყვა - პატრიოტიზმი“ – ამ სიტყვებს თითქოს 75-80 წლით უკან გადავყავართ, მათი ავტორი კი, გეგონება, უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელია, მომავალი მოწინავე მწველავი, რომელიც, თუ პარტია უბრძანებს, თვითონაც მოიწველება
„მადლობა სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის“ - ეს ადრე იყო, „ჩემი შვილები მიშას თაობას წარმოადგენენ, ამ ტერმინის საუკეთესო მნიშვნელობით, და მე ამით ამაყი ვარ“ - ეს იყო ერთი კვირის წინ და მისი ავტორი, ისევ და ისევ, მოწინავე მწველავია. ეგ არის, რომ ამ სიტყვებმა - „მოწველა“, „მწველავი“ - დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვა შეიძინა.
ისინი სახელმწიფოს წველიდნენ და ღირსების ორდენებით ჯილდოვდებოდნენ, ჯილდოვდებოდნენ ბიზნეს-წილებით, მიწის ნაკვეთებით, ბინებით, მანქანებით, ფულადი პრემიებით და, რაც მთავარია, დაუსჯელობით. „ტელევიზ 2“-ში მხოლოდ ისინი ჩანდნენ იმათი გულის გასახეთქად, ვინც დედის რძესთან ერთად შეისისხლხორცა სამშობლოს სიყვარული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა. „ჩვენ დავბრუნდებით“ - არწმუნებენ დღეს ერთმანეთს, მაგრამ თვითონვე არ ჯერათ არც ერთმანეთის, არც ნაგვის დამყრელის და არც ნაგვის დამყრელის აღმზრდელის. ის ხომ დღეს იმ ნაგავს ყრის, რომელსაც ღორიც კი არ შეჭამს.
იმ ვერტალიოტისა არ იყოს, რომელიც არ მიფრინავდა... იმ პოლიციელისა არ იყოს, რომელიც არ იცავდა და იმ მტრისა არ იყოს, რომელსაც მეგობრულად გაუღეს კარი.
ამათ რა იციან კვირის ამბები? ამათ არ იციან ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში და, მართალი გითხრათ, მეც მხოლოდ რამდენიმე ვიცი, ერთი კი, განსაკუთრებულად - დიდი ნაგავი მოვიშორეთ, ხოლო ეს კარგია, მაგრამ ისიც ხომ არის, რომ ნაგავი მიაქვთ, სუნი კი რჩება, რჩება რაღაც დროის განმავლობაში და თუ ამ სუნის მოშორება გვინდა, არ უნდა დავიზაროთ, ცოცხს და წყლის ჭავლს თავდაპირველი დანიშნულება უნდა დავუბრუნოთ.
ის წავიდა. ვიღაცამ - წაშავდაო, ვიღაცამ - წაეთრაო. რაც არის და როგორც არის. აღარ არის, მაგრამ ხანდახან ტელევიზორში რომ გაიელვებს ხოლმე, ეგეც და მაგის წუკლარებიც, სულ ისეთი განცდა მაქვს, საცობში რომ მიჩანჩალებ და წინ ნაგვის მანქანა რომ მიგიძღვება, თავისი ნაგვით, ჭუჭყით და სუნით, თუმცა, სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე მენაგვეებისადმი პატივისცემით ვიმსჭვალები. ვიღაც ხომ უნდა იყოს მენაგვე და, რატომ არ უნდა ვიყოთ ყველანი მენაგვეები დღეს, როცა საქართველოში ამდენი ნაგავია? სხვათა შორის - ჩვენს მიერვე დაყრილი.
ახალი დასრულებულია ინაუგურაცია და ცოტა არ იყოს, გახარებული ვარ. 1 ოქტომბერი იყო, 27 ოქტომბერი იყო, მაგრამ ეს იყო „თითქმის“, ახლა კი, არის „ცოტაცა... ცოტაცა და...“
წავიდა, მაგრამ უნდა დავაბრუნოთ. სხვანაირადაც შეიძლება თქმა - წაეთრა, მაგრამ უნდა ჩამოვათრიოთ. მინდოდა დამეყოლებინა - კი გაქუსლა, მაგრამ უნდა ჩავჩექმოთ-მეთქი, მაგრამ ვიცი ლიბერალების სენსიტიური დამოკიდებულება პოლიტკორექტულობისადმი და გავჩუმდი. რავი... დუმილი ოქროაო და ვინც ამდენ ხანს დუმდა, ყველანი მილიონერები გამოდიან, ოქროს მარაგით პირველები ვართ. ეკონომიკაში სუსტი ვარ, ფინანსებშიც, და ჩემი მოკლე ჭკუით ეგრე მგონია, რომ ხანდახან ბევრი ოქრო 30 ვერცხლს უდრის. ეს - მათზე, ვინც ბევრს დუმდა და მათზეც, ვინც ბევრს ლაპარაკობდა და იდორბლებოდა. განსაკუთრებით კი მათზე, ვინც დუმილით იშოვა და ახლა ლაპარაკით შოულობს.
გუშინ დიდი დღე იყო და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მგონია, რომ გაკვეთილი ვისწავლეთ, მგონია, რომ გამოცდა ჩავაბარეთ, მგონია, რომ სიმწიფის ატესტატსაც ავიღებთ. მგონია, ანუ იმედი მაქვს, თუმცა... ვნახოთ, ვნახოთ.
ნაცები ამბობენ, დავბრუნდებითო. მტერს - მაგათი დაბრუნება. მტერს - ისეთი დაბრუნება, როგორიც მაგათთვის გვემეტება. ზუსტადაც, რომ მტრები არიან და სუნიც მტრული ასდით.
გასაწმენდია, მოსარეცხია სრულად და მთლიანად ისე, რომ ჩიორას სკინტლიც კი არ დარჩეს.
აი, ნიჭიერი რომ არის, გადაცემა... ნაცებზე ნიჭიერი ჯერ არავინ მინახავს. ბარონი მიუნჰაუზენი იტყუებოდა, როცა ამბობდა, თმებში ვიტაცე ხელი და საკუთარი თავი ჭაობიდან ამოვათრიეო. ხოლო ამათ, ნაცებმა, ჩვენს თვალწინ ამოყვეს თავი და ჩვენს თვალწინვე ამოწიეს ის რაღაც, რის ამოწევასაც წყლის თქრიალი მოსდევს ხოლმე.
ჩაირეცხნენ.
ა.ნ. (ანუ ნაცებს) ირგვლივ მიმოიხედეთ და დაინახავთ საზოგადოებას, მდგომარეობას - მე ვიტყოდი... ასაკგადაცილებულ დებილებს, რომლებიც ბავშვობის ასაკში ჩარჩნენ და მთელ გარემომცველ სამყაროს ისე აღიქვამენ, თითქოს მასში რაღაც მათთან მიმართებოთ ხდება და არა - თავისთავად.
(მერაბ მამარდაშვილი, „ცნობიერების ტოპოლოგია“)