დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჯეიმს აპატურაი მიიღო. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრების მიზნით იმყოფება.
შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ აპატურაის, რომ ჩამოვიდა ჩვენს ინაუგურაციაზე. ეს არის გამოხატულება იმ დიდი პატივისცემისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ახალი არჩეული პრეზიდენტის მიმართ აქვთ და კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ჩვენი და ნატოს ურთიერთობა არის შეუქცევადი და ჩვენ მომავალში გავხდებით ნატო-ს წევრები“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ჩატარებული თავისუფალი და დემოკრატიული პრეზიდენტის არჩევნებზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს არჩევნები დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი იყო. ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარება ჯეიმს აპატურაიმაც მიულოცა: „მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს ეს შედეგი. ეს არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ნატო-ს წევრი ქვეყნები სწორედ ამას ელოდნენ საქართველოსგან და მინდა მათი სახელით მივულოცო საქართველოს ეს შედეგი“.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები მომავალში და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციას ISAF-ის მისიაში. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველო მზადაა 2014 წლის შემდეგ, ავღანეთში მხარდამჭერ მისიაში ჩაერთოს და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდეს.
ნატოს მხარემ საქართველოს მიერ ალიანსთან აღებული ვალდებულებების შესრულება დადებითად შეაფასა. „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასება. მინდა გითხრათ, რომ ყველა რეფორმამ, რომელიც თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გატარდა ამ სფეროში, დადებითი შეფასება დაიმსახურა. ჩვენი საუბრის თემა იქნება ასევე ავღანეთში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ვემზადებით მხარდამჭერი მისიისათვის და როგორც ვიცი, საქართველოც იქნება ჩართული ამ მისიაში. საქართველო ასევე აპირებს შეუერთდეს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს. საქართველოსთან თანამშრომლობის ბევრი საკითხი სწორედ ამ უწყების მიერ, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით წარმატებით ხორციელდება“ - აღნიშნა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა.