უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ალექსეი დანილოვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა. დანილოვის ნაცვლად, თანამდებობაზე ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა, რომელიც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად მუშაობდა.
რითი იყო ცნობილი დანილოვი?
ალექსეი დანილოვი ვლადიმირ ზელენსკის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი 2019 წლის ოქტომბერში დაიკავა. მანამდე დანილოვს ძირითადად ლუგანსკის ოლქში იცნობდნენ, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუგანსკის მერისა და რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებდა. 2006-2007 წლებში დანილოვი იყო უზენაესი რადას დეპუტატი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან.
როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა, ასევე მან აღნიშნული ორგანო პრეზიდენტის გეგმების განსახორციელებელ ინსტიტუტად აქცია. კერძოდ, სწორედ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დახმარებით, 2021 წელს ათასობით სანქცია დაწესდა კრიმინალური ავტორიტეტების, კონტრაბანდისტების, პრორუსი პოლიტიკოსებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ.
ომის დაწყების შემდეგ მან BBC-ის უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ ხელისუფლება რეალურად ემზადებოდა ომისთვის. „ჩვენ ვიცოდით, რა მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. თავდასხმას არა 24 თებერვალს, არამედ 22 თებერვალს ველოდებოდით“, - აღნიშნა NSDC-ის მდივანმა.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დანილოვმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლიერება გამოხატა თავისი გუნდისა და პრეზიდენტის მიმართ. „მადლობას ვუხდი ბედს, რომ მომცა საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მშვიდობისა და ომის დროს!“
რა არის ცნობილი ალექსანდრე ლიტვინენკოს შესახებ
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ახალ მდივნად დანიშნულ ალექსანდრ ლიტვინენკოს უფრო ნაკლები საჯარო ბიოგრაფია აქვს, ვიდრე მის წინამორბედ დანილოვს. ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. კარიერა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო, 1998–2007 წლებში კი სტრატეგიული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობდა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს ის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო როდესაც ვლადიმერ ზელენსკი ხელისუფლებაში მოვიდა, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში დაბრუნდა, როგორც დირექტორი.
ლიტვინენკო საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი 2021 წლის ივლისში გახდა. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ინტრვიუებს იშვიათად იძლეოდა, უფრო ანალიტიკური სტატიების გამოქვენებით იყო დაკავებული. მაგალითად, 2023 წლის თებერვალში, სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინის“ სტატიაში, ლიტვინენკო გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოლოს.
„ომი გადავიდა გამანადგურებელ ეტაპზე. სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ კრემლი მზად არის ომი აწარმოოს მანამ, სანამ ამას დრო მოითხოვს“, - აღნიშნა მან. ამავე დროს, ის აღნიშნავდა, რომ „რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გასაღები უკრაინაში შიდა დესტაბილიზაციაა“.
მნიშვნელოვანია, რომ ლიტვინენკომ რეალურად იწინასწარმეტყველა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ჯერ კიდევ 2009 წელს.