ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს 10 თანამშრომელს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს 10 თანამშრომელს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს 10 თანამშრომელს და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული თანამშრომლის ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

დღესვე მინისტრმა 477 თანამშრომელი დააჯილდოვა. შსს-ს სტრუქტურაში 20 და მეტი წლის ნამსახურეობის მქონე თანამშრომლებიდან 171-ი უმწიკვლო სამსახურისთვის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვდა, ხოლო 306 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა.

მინისტრის ინიციატივით, ახალი ბინები მიღეს შსს-ს იმ თანმშრომლებმა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას წარჩინებით ასრულებდნენ და სოციალური მდგომარეობის გამო საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდათ. ბინები ასევე გადაეცათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების პირობებით სამინისტროში მუშაობის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ბინის მიღება ჰქონდათ გათვალისწინებული.

საცხოვრებელი ბინები თბილისსა და გორში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შვიდ თანამშრომელს: შმაგი ედიშერაშვილს, იური ვასილიევს, იური აბაშიძეს, ჯონი ადუაშვილს, კახა ხარაზიშვილს, როინ ჯაყელს და ანზორ ბეკურაშვილს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელ ნუგზარ ბუსკაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელ ზვიად კაპანაძეს გადაეცათ.

ახალი ბინა გადაეცა აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მამუკა კომახიძეს, რომელსაც 21 სექტემბერს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. პოლიციელმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მხოლოდ ტაბელური იარაღისა და შსს-ს თანამშრომლის მოწმობის გამოტანა შეძლო. პოლიციის თანამშრომელმა ბინა ბათუმში სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო.

მინისტრმა საცხოვრებელი ბინა ასევე 12 ოქტომბერს სამეგრელოში, სოფელ ხორგაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დავით დემურიას ოჯახს - მეუღლეს ირმა ჯაიანს და შვილს - ნიკოლოზ დემურიას გადასცა.