რაბათის ციხეზე, შესაძლოა, ოქროსფერი გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რაბათის ციხის რესტავრაციის პროცესში თურქი სპეციალისტები ითხოვდნენ, რომ გუმბათი ოქროსფრად არ შეღებილიყო. თუმცა წინა ხელისუფლების დროს ეს სურვილი არ გაითვალისწინეს. გარდა ამისა, ისტორიული გისოსები მოგვირისტებული, ჩახლართული გისოსებით ჩანაცვლდა, რომელიც ამ არქიტექტურისთვის დამახასიათებელი არაა. უკვე ცნობილია, რომ თურქი ექსპერტები ახალციხეში ჩავლენ და ვითარებას ადგილზევე გაეცნობიან.
მართალია, გურამ ოდიშარიას რაბათის გუმბათთან დაკავშირებით თურქული მხარის შენიშვნები უმტკივნეულოდ მიაჩნია, მაგრამ მის დამყოლ პოზიციას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. საზოგადოების ნაწილი კულტურის მინისტრს პრინციპულობას უწუნებს, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც თურქებმა იშხნის ტაძრის რესტავრაციისას ქართველი სპეციალისტები არ შეუშვეს და რომელიღაც საეჭვო სამშენებლო კომპანიას მიანდეს ტაო-კლარჯეთის ტაძრის ბედი. იქაური მუშები ზედამხედველის გარეშე მუშაობდნენ, თანაც ნიჩბებით და წერაქვებით, ტაძრის ეზოში კი მძიმე ტექნიკა დადიოდა... ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებულ პერსონალს არქიტექტურულ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, რასაც ტაძრის მოჭიქული იატაკის და ფრესკების დაზიანება მოჰყვა. აღარაფერს ვამბობთ სხვა ეკლესიების გაურკვეველ ვითარებაზე.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ახლანდელი მინისტრის - გურამ ოდიშარიას მიერ რაბათის გუმბათის ფერის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება „მეტიჩრობაა“, თუკი თურქეთის მხარე ქართულ მხარეს ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის უფლებას არ მისცემს.
„ცოტა მეტიჩრობად მეჩვენება და ყველაფერი არსებულის ვნებიანად შეცვლის ინფანტილურ ბავშვურ სურვილად. თუ თურქული მხარე ამაში რაიმეს სერიოზულად გვიცვლის, მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი და ფიქრი. ჩემი აზრით, ის, რომ ვიღაცამ ეს ასე მოგვთხოვა, ამის შეცვლა არ იქნება უპრიანი. იმიტომ, რომ თურქეთის მხარეს, ასევე, ჩვენთან დადებული აქვს პირობა, რომ ქართულ მხარეს, რესტავრატორებს მისცემს საშუალებას, აღადგინოს ქართული ისტორიული ძეგლები. ჯერჯერობით ეს დაპირება არ ქცეულა რეალურად“, - აცხადებს ნიკა რურუა, რომლის დროსაც თურქულ მხარესთან დათმობა ჩვეული პროცესი იყო.
საინტერესოა ისიც, რა შეხება აქვთ თურქებს რაბათის ციხესთან?! ეს ციხე-ქალაქი ძველ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიებოდა და ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მას სავარაუდოდ, ძირძველი ქართული სახელი - ლომსია ერქვა. ახალციხის ძველი სახელწოდებაც ლომსიაა. ლეგენდის მიხედვით, აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ციხე-ქალაქი მეცხრე საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია. მოგვიანებით ამ ციხე-სიმაგრეში ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო მოწყობილი. სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა აღადგინეს და განაახლეს ციხე-სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.
რაც შეეხება მეჩეთს, ის 1752 წელს ახმედ ჯაყელმა, მუსლიმანმა ქართველმა ქართველებისთვის ააშენა და იგი ქართული კულტურის ძეგლია. გადმოცემით, ამ ადგილზე იყო ქრისტიანული სამლოცველო, რომელიც დაშალეს და შემდეგ აშენდა მეჩეთი. ასე რომ, ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში ერთმანეთის გვერდით დგას წმ. მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა და სომხური სამოციქულო ეკლესია. ახალციხის რაბათში მესხური დარბაზების საუკეთესო ნიმუშებიც არსებობდა, რომლისგანაც დარჩენილია აბანო და რამდენიმე შენობის ნანგრევი.
მართალია, ამ ორიოდე თვის წინ მიხეილ სააკაშვილი გვარწმუნებდა, თითქოს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ რაბათის გუმბათი ოქროსფრად დარჩებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გუმბათის ფერის ტყვიისფრით შეცვლა ისევ დღის წესრიგშია.
რაბათთან დაკავშირებით უნდა დაეთმო თუ არა ქართულ მხარეს თურქების წინაშე?! ამის შესახებ სპეციალისტების აზრით დავინტერესდით.
მხატვარი გია ბუღაძე ჩვენს შეკითხვას კონტრშეკითხვით პასუხობს - „განა მარტო კულტურის სფეროში გვიწევს დათმობა? რომელი მიმართულებით არ ვთმობთ? ეტყობა, ძალიან კეთილშობილი ხალხი ვართ. ეტყობა, ძალა აღმართს ხნავს და გვინდა, ყველას „ვასიამოვნოთ“. შეიძლება, ბევრი რამ მეც არ მომწონდეს რაბათში, შეიძლება, ძალიან თამამად არის გაკეთებული, მაგრამ იგი უკვე რესტავრირებულ იქნა და ეს ქართული ძეგლია“.
მხატვრის განმარტებით, რაბათი არის ქართული მუსლიმანური კულტურის ძეგლი, რომელზეც პასუხისმგებელი ისევ ქართველები და საქართველო უნდა იყოს. ეს არ არის თურქული კულტურის ძეგლი და თურქებს ამხელა მონაწილეობის უფლება არც უნდა ჰქონდეთ. რაც შეხება ოშკს, ხახულს და თურქეთის დღევანდელ ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლებს, გია ბუღაძის თქმით, ისინი ქართული კულტურის ძეგლებია და მათ შექმნაში არანაირი მონაწილეობა თურქულ კულტურას ან თურქულ ისტორიას არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით თურქების მიერ მოგვიანებით ჩადგმულ ან მიშენებულ სამლოცველოებს იშხანში და სხვა... ასე რომ, პარალელის გავლება რაბათის ციხესა და ტაო-კლარჯეთის ჩვენს ძეგლებს შორის, არ შეიძლება.
მისი აზრით, მაამებლური პოლიტიკა კარგს არაფერს მოგვიტანს. მით უფრო, რომ, თურქები, ფაქტობრივად, ჩვენს ძეგლებს არც აკარებენ მართლაც მაღალი დონის ქართველ სპეციალისტებს. ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ, რეალურად, ძალაც უნდა გქვონდეს, რომ დავუპირისპირდეთ ასეთ უმოტივაციო წინააღმდეგობას.
„ალბათ, ჩვენ იმდენად სუსტები და ღარიბები ვართ, რომ ჩვენსავე პოზიციების განსამტკიცებლად ვერაფრით ვუპირისპირდებით ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიცაა ჩრდილოეთით - რუსეთი და სამხრეთით - თურქეთი. მაგრამ პროტესტი რომ გამოვხატოთ და წინააღმდეგობა გავიწიოთ, მე მგონი, აუცილებელია. პოზიციები უნდა დავიცვათ იმავე ბერთუბნის ან დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდა ქართული კულტურის ეს უდიდესი შედევრები და ამ ძეგლებზე მათ აქვთ პრეტენზია, თურმე ისინი ალბანური კულტურის ძეგლები ყოფილა. ეს ძალიან შორს მიმავალი პოლიტიკური თამაშია, რომელიც გვაკარგინებს ძვირფასს და მნიშვნელოვანს - ჩვენს მრავალფეროვნებას და კულტურულ ყოვლისმომცველობას კავკასიაში, რაც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და დღეს, მგონი, ამას ვკარგავთ. ეს, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის პრობლემაა და მინისტრის ბრალი არ არის. ცოტა მეტი პრინციპულობაა საჭირო. თუმცა ისიც მესმის, რომ ღარიბი ქვეყნის მხრიდან ეს რთულია“, - აღნიშნა გია ბუღაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ ოქროსფერი გუმბათი ჩვენს სამების ტაძარსაც დაადგეს, რაც, საეკლესიო ტრადიციიდან გამომდინარე, არ არის სუფთა ქართული მოვლენა. ეს რუსული გავლენის შედეგია. ასევე, არ არის მუსლიმანური სამყაროს გამოძახილი რაბათის ოქროსფერი გუმბათიც და ესეც თანამედროვე თავხედური ჩარევაა ისტორიულ მეხსიერებაში. თუმცა, მხატვარი ამ ძეგლთან თურქების შემხებლობას კატეგორიულად გამორიცხავს.
არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს დაგვიანებულად ეჩვენება რაბათის გუმბათის ფერის შეცვლა. მისი აზრით, ვიდრე რაბათის კომპლექსი გაკეთდებოდა, მაშინ იყო საჭირო მსჯელობა და რეკომენდაციების შემუშავება, ახლა კი ყველაფერი საკმაოდ კარგად არის გაკეთებული და დასამახსოვრებელია.
„რაბათის ოქროსფერი გუმბათის შეცვლა კი არ ღირს, არამედ ბაგრატის ტაძარზე მწვანე ფერის შეცვლაა საჭირო. რაბათი მუსლიმანობამიღებული ჯაყელების გაკეთებულია და ეს მათი რეზიდენცია იყო. დაიარონ მთელი მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო და ნახონ, როგორ კეთდება გუმბათები, დაწყებული სამარყანდიდან, დამთავრებული იერუსალიმით. იერუსალიმის უმთავრესი აქცენტი არის ოქროს გუმბათი და ამაში არავითარი პრობლემა არაა. ამიტომ თავს ნუ იტკიებენ, სხვა პრობლემებიც არსებობს. რას გვაძლევს რაბათის გუმბათის ცვლილება? - არაფერს“, - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.
ახალციხის ყოფილი მაჟორიტარის, ისტორიკოს გურამ კუტალაძის აზრით, თუ ჩავთვლით, რომ რაბათში მდებარე მეჩეთი თურქული კულტურის ძეგლიცაა, მაშინ უნდა გავითვალიწინოთ თურქების გარკვეული ტრადიციები და მათი მოთხოვნები. მით უფრო, რომ, ტრადიციულად, გუმბათის ოქროთი მოვარაყება არ ხდებოდა და ქართულ სინამდვილეში ქრისტიანული კულტურის ძეგლებიც არ არის ოქროსვარაყოვანი.
„ამის გამოსწორება სავსებით მისაღებია და ეს არ არის მხოლოდ გურამ ოდიშარიას ახირება, რადგან ჩვენი კულტურული ინტერესები ოშკსა და იშხანში დასაცველია. ნებისმიერი ხელშეკრულება ჩვენთვის მომგებიანი სახით უნდა გაფორმდეს. თუ ჩვენი თავი არ დავიცავით, ნებისმიერ ხელშეკრულებას (კულტურის სფერო შეეხება ეს თუ პოლიტიკის სფეროს), თავზე დაგვახევენ. ეს ახირება სწორედ წინა ხელისუფლებას სჩვეოდა, როცა თვითნებური ახირებით აკეთებდნენ ძეგლებს. თორემ, ჩვენ შეგვიძლია, არ მივიღოთ თურქების პირობა რაბათთან დაკავშირებით და მაშინ არც ისინი მიიღებენ ჩვენს პირობას“, -აღნიშნა გურამ კუტალაძემ.