საქართველოში „ყველა“ უცხოელი ვეღარ შემოვა

საქართველოში „ყველა“ უცხოელი ვეღარ შემოვა

საქართველოში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლასა და ყოფნაზე კონტროლს იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს. ამასთანავე, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მყოფ უცხოელებს, ქვეყანას სწორედ ძალოვანი უწყება დაატოვებინებს.

საიმიგრაციო პროცესების დარეგულირების მიზნით, საგარეო უწყებამ შს სამინისტროსთან ერთად, საკონონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, წინა ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკური ნება - „ყველა შემოუშვას“ გადაიხედება და საქართველოს ვიზის, ბინადრობისა და მოქალაქეობის მისაღებად რეგულაციები განისაზღვრება. ნორმების დარღვევის შემთხვევაში კი, უცხოელების მიმართ ადმინისტრაციული სასჯელები გამოიყენება.

კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებათა პაკეტით, იუსტიციის სამინისტროს უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება ერთმევა, რადგან პროექტის ავტორთა განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ხშირ შემთხვევაში, ფაქტიურად ახალ ვიზას გასცემს, რის გამოც, მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით, სირთულეები წარმოიშვება.

ცვლილებებით, საქართველოს ვიზის გაცემა მოხდება მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მიერ, ასევე სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ვიზებს გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ინიციატივით, ვიზის კატეგორიებს საიმიგრაციო ვიზა დაემატება, ხოლო სამსახურეობრივი ვიზის კატეგორია სპეციალური ვიზის კატეგორიით შეიცვალა. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება ვიზის ორი ტიპი - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

პროექტით, მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. მრავალჯერადი ვიზა გაიცემა იმ უცხოელებზე, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ საქართველოს ერთი ვიზა მაინც, რომელიც გამოიყენეს და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. გრძელვადიანი ვიზა კი, გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.

პაკეტით, ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები სხვა მიზეზებთან ერთად შეიძლება გახდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩება.

მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ყველა სახის ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებელის ოდენობა - 50 დოლარი იქნება. 90 დღემდე და 360 დღემდე, ერთჯერადი, მრავალჯერადი ორდინალური ვიზების ღირებულება - 50 დოლარი იქნება, 5 წლამდე მრავაჯერადი ორდინალური ვიზის - 200 დოლარი, 10 წლამდე მრავალჯერადი ორდინალური ვიზის - 400 დოლარი, 15 წლამდე კი, 600 დოლარი.

კანონპროექტით, ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებიც იცვლება. კერძოდ, გაუქმებულია მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა იმ პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო. ამ საფუძვლით ბინადრობის ნებართვის მიღება ექვს წლამდე მოხდება, თუმცა, შეიზღუდა იმ პირთა წრე, რომელზეც ოჯახის გაერთიანების საფუძვლით გაიცემა ბინადრობის უფლება. კერძოდ, გაუქმებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შვილიშვილზე, და-ძმაზე, ბაბუასა და ბებიაზე.

ცვლილებებით, უცხოელებზე რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა. კერძოდ, მუდმივი ბინადრობის უფლება გაიცემა იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოში იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. თუმცა, ამ ვადაში არ თვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ასევე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას მიიღებს უცხოელი, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია. ამასთან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი.

აღსანიშნავია, რომ კანონიდან ამოღებული იქნა საფუძველი, რომლის დროსაც საქართველოდან უცხოელის გასვლის გადავადება შესაძლებელია თუ გადავადება ემსახურება იმ მიზანს, რომლის განსახორციელებლადაც უცხოელს მიეცა საქართველოს ვიზა, ან ბინადრობის ნებართვა. კანონპროექტი ადგენს გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც შეიძლება მოხდეს საქართველოდან უცხოელის გასვლის ვალდებულების ერთჯერადად სამ თვემდე ვადით გადადება. აქამდე კი, ამ ნორმით უცხოელები განუსაზღვრელი ვადით სარგებლობდნენ.

უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე - უცხოელების საქართველოდან გაძევების დეტალური რეგლამენტაციაა. კერძოდ, კანონპროექტით, გაძევების მიმღებ ორგანოდ განისაზღვრება შსს და უცხოელი საქართველოდან შეიძლება გაძევებული იქნას, რამდენიმე მიზეზით, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში. თუმცა, ქვეყნიდან არ შეიძლება გაძევებული იქნეს უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, უცხოელი 180 ლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში თუ, ის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან სამ თვემდე პერიოდში, ქვეყანას არ დატოვებს. თუ უცხოელი ამ ვადას სამ თვეზე მეტხანს გააგრძელებს, ის 360 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის წესების დარღვევა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, ან ფიზიკური პირები უცხოელების ან მოქალაქეობის არ მქონე პირების მოწვევას, მომსახურებას, საქართველოში ცხოვრებას, მუშაობასა და სწავლას, არსებული წესის დარღვევით უზრუნველყოფენ, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამასთანავე, თუ გადამყვანი კომპანიები კანონით დადგენილ წესებს დაარღვევენ, სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში, მათი დაჯარიმება 300 ლარის ოდენობით მოხდება, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში 1000 ლარით, საჰაერო ტრასპორტის შემთხვევაში კი, 1500 ლარით.

აღნიშნულ პროექტს უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს, უმცირესობა კი, ცვლილებებს ამ დრომდე, არ გაცნობია.

როგორც for.ge-ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გუგა ხელაიამ განუცხადა, მიგრაციის საკითხების დარეგულირება ქართული მხარის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან მიმართებაში აქვს აღებული.

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად კვაჭანტრაძის შეფასებით კი, აუცილებელია რეგულაციები დაწესდეს, რომელიც მიგრაციას პროცესებს ნორმებში მოაქცევს.

„ძალიან ბევრი რამე მოსაწესრიგებელია. აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული“, - განუცხადა for.ge-ს დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი ნორმებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 360 დღის განმავლობაში დარჩენა, მსოფლიოს 117 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, ხოლო მათ ვისაც ვიზა ესაჭიროებათ, ისინი ვიზებს გამარტივებულად, უმეტეს შემთხვევაში საზღვარზე იღებენ. ამასთან, წინა ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა პოლიტიკური ნება - შემოუშვას „ყველა“ გარდა ძებნაში მყოფი კრიმინალებისა და ტერორისტებისა. პროექტის ავტორთა წინა ხელისუფლების ამ პოლიტიკამ ქვეყანაში დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები წარმოშვა.

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2014 წლის მარტში შევა, მაგრამ მანამდე, უწყებას პროექტის დამტკიცება მოუწევს.