მაგომედ მაგომედოვის აღიარება

მაგომედ მაგომედოვის აღიარება

რა მოხდა 2011 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურში? ამ საქმეზე გამოძიებას შსს-ს კონტრდაზვერვის სამმართველო აწარმოებს, თუმცა, ამ დრომდე გამოძიების დეტალები არ ხმაურდება, მეტიც ამ საქმეზე, ჯერჯერობით, არც-ერთ თანამდებობის პირს ბრალი წარდგენილი არ აქვს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია, შესაძლოა, დაგეგმა ვანო მერაბიშვილმა, მაგრამ ის განახორციელა ბაჩო ახალიამ. არეშიძის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხის შესწავლას სამართლებრივი ბერკეტების მქონე სტრუქტურები ამ დრომდე ვერ ახერხებენ და სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი კომისია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების სივრცეს შექმნის.

სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილმა კომისიამ თუ გაარკვია, რატომ ჩამოჰყავდათ მარტის თვიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ქისტი და ჩეჩენი ახალგაზრდები?

მამუკა არეშიძე: ცნობილი ფაქტია, რომ ქისტი და ჩეჩენი ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. მათი მომზადება ხდებოდა თუ იდეოლოგიურად დამუშავება, ამაზე ვერ გეტყვით, ეს ბოლომდე დადგენილი არაა. თუმცა, ზოგიერთი მათი განსახლების ადგილი ცნობილია უკვე და გარკვეული დავალებებიც, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ. საბოლოო ჯამში, ამ ხალხის გარკვეული ნაწილი უკან გაბრუნდა ისე, რომ აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დაახლოებით რა რაოდენობის ახალგაზრდები ყავდათ ჩამოყვანილი?

- როტაცია იყო ძალიან დიდი და საბოლოო ჯამში, ზოგიერთმა ისეთმა მიიღო ამ 28 აგვისტოს სპეცოპერაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 24 აგვისტოს, 4 დღით ადრე. მე ვსვავ სამ კითხვას, რომელზეც პასუხს ჯერჯერობით ვერავინ ვერ მაძლევს - რა დაიგეგმა მარტის თვეში, როტამ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა და რა მოხდა 28 აგვისტოს დილით? ისეთი შთბაეჭდილება მრჩება, რომ ნაციონალების პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირების გამო მოხდა ის, რაც მოხდა.

დაპირისპირება ახალაიასა და ადეიშვილს შორის?

- დიახ, მტერი ვერ გაუკეთებდა კაცს იმას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს გაუკეთა არჩევნების წინა პერიოდში. მაგომედ მაგომედოვმა, ამ ოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „კრასნაია ზვეზდას“. მოგეხენებათ, რომ ეს რუსეთის თავდაცვის ორგანოა, სადაც ისაუბრა როგორ ხდებოდა ამ ჯგუფის მომზადება.

მან ამ ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკელები გვამზადებდნენო. რამდენად სარწმუნოა მისი ეს განცხადება?

- ეს, ალბათ, უფრო პროპაგანდისტული ნაწილია. მთავარი ისაა, რომ მან ძალიან საინტერესო დეტალი აღნიშნა. ის ამბობს, რომ თავისი ბიძის მეშვეობით, რუსულ მხარეს ატყობინებდა ამ ჯგუფის მოძრაობის თაობაზე. ანუ, როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, თვითონ ჯგუფში ყოფილა აგენტი. როგორც ახლა ირკვევა, მისი ბიძა მუშაობდა რუსულ სპეცსამსახურებში.

გამოდის, რომ მთელი ეს ოპერაცია თავიდანვე იყო გაშიფრული?

- რუსებისთვის ყველაფერი ცნობილი იყო და მე ამას ადრეც ვამბობდი და ეს დადასტურდა ამ ინფორმაციით. რა მართალია და რა ტყუილი, ეს კიდევ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ზოგადად ასეთი სურათი იქნება საბოლოო ჯამში.

მარტიდან დაიწყო ამ ხალხის ჩამოყვანა. ფაქტია, რომ არსებობდა რაღაცა გეგმა, როგორ ფიქრობთ კონკრეტულად რა გეგმა არსებობდა?

- მარტიდან მოყოლებული ივლისის ჩათვლით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რაოდენობით ჩამოჰყავდათ ეს ხალხი და რა გეგემები იყო, ამაზე ვითხოვ ზუსტად პასუხს. არ ვიცი, რატომ ჩამოჰყავდათ, რა უნოდოდათ და კონკრეტულად, რა გეგმა იყო და რატომ ჩამოიყვანეს რაღაცა ნაწილი, ამაზე, ჯერჯერობით, პასუხი არ მაქვს. ფაქტია, რომ ესენი ჩამოიყვანა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა. მე ვიცი, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობდა ლორთქიფანიძე, ამირიძე და სხვები, მაგრამ ბრძანებას ხომ ესენი არ იძლეოდნენ?! ბრძანებას იძლეოდა მაშინდელი ხელმძღვანელობა, მათ შორის - ვანო მერაბიშვილი, ვიდრე ის იყო შს მინისტრი. მერე, ეს საქმე, როგორც ჩანს, ბაჩო ახალაიამ გადაიბარა, როგორც შს მინისტრმა, მაგრამ რეალურად რა მოხდა,  ჯერჯერობით, არ ვიცი.

ამ საქმეზე ბრალი უნდა წაუყენონ თუ არა ახალაიას და მერაბიშვილს?

- მე, მაგალითად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მათი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ ის მძიმე სურათი, რომელიც მივიღეთ 28 აგვისტოს. რეალურად რა მოხდა, რატომ მოხდა ეს დაპირისპირება, ესაა მთავარი. ჩანაფიქრი იყო მერაბიშვილის და განახორციელა ახალაიამ, მაგრამ რატომ ასეთი ფორმით, ეს არ ვიცი.

ამ საქმეზე მიმდინარებს გამოძიება, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ არსებობს. რა ხდება?

- იცით, რომ სახალხო დამცველთან შექმნილია სპეციალური ჯგუფი, იქნებადა გამოძიების პარალელურად ჩვენ რაღაცა ნაწილს მოვფინოთ ნათელი. გამოძიების ფუნქციებს ჩვენ, ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ, მაგრამ ის, რომ მოკვლევა არის ჩვენს შესაძლებლობებში, ეს ფაქტია. შეგვიძლია მოვიკვლიოთ ეს მასალები. ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტი ვისაც აქვს, იმისი ნამუშევარი, ჯერჯერობით, არ ჩანს და ზუსტად ეს არის, რომ აშფოთებს და აღიზიანებს საზოგადოებას. ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, დაინტერესებულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სივრცის შექმნა. ჩვენ გვაქვს იმის ბერკეტები და საშუალება, რომ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას მოითხოვენ.

როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში ვანო მერაბიშვილი არ ჩანს როგორც მთავარი გამხორციელებელი?

- არა და ამიტომაც საინტერესოა ვინ განახორციელა ეს ასე, რომ მთავარი დარტყმა მოსულიყო ბაჩო ახალაიაზე. ეს არის კითხვები რომელზეც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს. დღეს ყველა ის საქმე, რომელსაც გახმაურებული საქმე ჰქვია, გამოსაძიებელია. საზოგადოებაში კი არის მოლოდინი, რომ მიიღებს ეფექტს. მანევრების დეფიციტმა აიძულა კბილაშვილი წასულიყო თანამდებობიდან. მე ვთვლი, რომ დღეს მოდის შემსრულებელი რომელიც მზად არის შეასრულოს ის დავალებები, რომელიც საზოგადოებას აქვს. დღეს მთავარ პროკურორად დაინიშნა ადამიანი, რომელიც კლასიკური შემსრულებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეების გამოძიებისთვის იქნება და უნდა იყოს პოლიტიკური ნება. ამ შემთხვევაში კი, შესაძლებელია მათ ბრალი დაუმძიმდეთ.