„სახელმწიფო მიდგომა თუ არ შეიცვალა, მომავალ წელს ცენტრალურ ბიუჯეტში მილიარდ ლარზე მეტი იქნება გარღვევა“, - აცხადებს for.ge-სთან ცეზარ ჩოჩელი. ბიზნესმენი საქართველოში ბიზნესის შევიწროებაზე საუბრობს, თუმცა სამეწარმეო საქმიანობას არ წყვეტს და უახლოეს პერიოდში შვიდი ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს.
ცეზარ ჩოჩელთან ინტერვიუ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების პრობლემებზე საუბრით დავიწყეთ.
ცეზარ ჩოჩელი: ბიუჯეტის შეუსრულებლობა და შემოსავლების კლება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ძალიან ცუდია, როცა ყველა არჩევნების წინ ბიზნესი იმის მოლოდინშია, რა იქნება არჩევნების შემდეგ. ეს უკვე ტრადიციად იქცა - 90-იანი წლებიდან მოყოლებული მუდმივად ვართ არჩევნების მოლოდინში. არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ბიზნესი ინერტული ხდება და ეს გრძელდება მომავალ არჩევნებამდე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ ტრადიაცია - არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, ბიზნესი ხელშეუხებელი უნდა იყოს.
ბიუჯეტზე ხელისუფლების დაპირების შეუსრულებლობამაც იმოქმედა - დაპირების მიუხედავად ბიზნესი ხელშეუხებელი არ არის და არც ბიზნესგარემოა გაუმჯობესებული. ამას არ ვამბობ მხოლოდ ჩვენი ბიზნესჯგუფის მაგალითზე, საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ანალოგიური პრობლემა. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ შეხება ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს კი საინვესტიციო გარემოზე ცუდად აისახება.
რომელ კომპანიებს გულისხმობთ?
- ეს ეხება როგორც წვრილ, ისე მსხვილ ბიზნესს. რომელი ერთი ჩამოვთვალო... თუნდაც, ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ღვინის ქარხნები... ამ კომპანიებმა საკუთარ პრობლემებზე, ალბათ, თავად უნდა ისაუბრონ. თუმცა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სჯობს, პრობლემა კულუარულად მოაგვაროს.
თუ ინვესტიციები არ განხორციელდება, მშენებლობები არ დაიწყება, წარმოებები არ განვითარდება, სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ განახორციელებს, შემდგომშიც გვექნება ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები.
სტრატეგიულად უნდა შევხედოთ, რა მიმართულებები გვაქვს ქვეყანაში განსავითარებელი. მაქსიმალურად უნდა კეთილმოვაწყოთ ინფრასტრუქტურა, რომ საინტერესო გავხდეთ ტურისტებისთვის. ნებისმიერი ტურისტი არის საქართველოში დამატებით შემოტანილი კაპიტალი. ქვეყანაში შექმნილი ნებისმიერი პროდუქცია და გაწეული მომსახურება დადებითად აისახება ბიუჯეტზე. ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავებთ, უარეს მდგომარეობამდე მივალთ.
საქართველოში დღეს კომერცია და მომსახურების სფერო უფრო ვითარდება, არადა, ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა წარმოების განვითარება - ადგილობრივი პროდუქციის შექმნა და იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება.
საბიუჯეტო პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სამი მიმართულების - ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება და ადგილობრივი წარმოების საფუძველზე ექსპორტის ზრდა.
დღეს საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა. ჩვენი იდეაა, გავხდეთ ექსპორტიორი -უფრო მეტი პროდუქცია გავიტანოთ გარეთ, ვიდრე შემოვიტანოთ.
როგორ არის შესაძლებელი ამის მიღწევა?
- ძალიან მარტივია, თუ იქნება ხელისუფლების მონდომება. შეიძლება ერთ-ორ თვეში დამუშავდეს შესაბამისი ინფორმაცია. უნდა გაანალიზდეს, რაზეა მოთხოვნა, რომელ იმპორტირებულ საქონელს მოვიხმართ ყველაზე მეტად. ეს საკითხი სახელმწიფო რანგში უნდა იყოს აყვანილი და ხელშეწყობა უნდა მოხდეს იმ დარგების, რისი ექსპორტიც ყველაზე მეტად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.
სამ მთავარ მიმართულებაში სოფლის მეურნეობის განვითარება ახსენეთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახლახან შექმნა კოოპერატივების სააგენტო, რომელიც სოფლად მცხოვრებ გლეხებს კოოპერატივების შექმნაში დაეხმარება. რას იტყოდით ამ პროექტზე, იმუშავებს საქართველოში?
- პროექტს არ გავცნობივარ, მაგრამ ერთი ვიცი, თუ სტრატეგიულად არ შევიმუშავეთ და მეცნიერულ დონეზე არ დავდეთ დასკვნა, თუ რა მიმართულებები უნდა განვავითაროთ, შეიძლება, ფული დაიხარჯოს და ამონაგები იყოს ბევრად ნაკლები.
ნიადაგი უნდა შევისწავლოთ - სადღაც უმჯობესი იქნება ხახვის მოყვანა, სადღაც კიტრის და პომიდორის, ან ყვავილოვანი კომბოსტოსი. უნდა მოვიყვანოთ პროდუქტი, რომელზეც ბაზარზეა მოთხოვნა და ჩვენს შემოსავალს გაზრდის. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, გლეხს გაცილებით მეტი შემოსავალი გაუჩნდება.
სოფლის მეურნეობაში - მესაქონლეობასა და მეღორეობაში გამოსაცვლელია ჯიშები. დღეს, ფაქტობრივად, ჩვენი ძროხა იმდენს იწველის, რამდენსაც თხა განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნებში.
ინგლისური, ავსტრიული და ურუგვაული ჯიშები, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე, წელიწადსა და სამ თვეში აღწევენ ხორცად, და არა ცოცხალ წონად, დაახლოებით 500-600 კილოგრამს. ხოლო ჩვენთან 3-4 წლის საქონელი ხორცად აღწევს დაახლოებით 100-130 კილოგრამს, მაშინ როცა კვება და შრომა ერთნაირი სჭირდებათ.
ბიუჯეტის საკითხს დავუბრუნდეთ - 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემა შემოსავლების ნაწილში შეექმნა. თქვენი კომპანიების მაგალითზე რომ გვითხრათ, რამდენი გადაიხადეთ წინა წლებში ბიუჯეტის სასარგებლოდ და წელს თუ შემცირდა ეს თანხა?
- ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების მაგალითზე ანალიზის გაკეთება რთულია, მაგრამ ძალიან ბევრ კომპანიას აქვს კლება შარშანდელთან შედარებით. ჩვენ კომპანია „ზედაზენში“ სასწაული მოვახდინეთ, იმის მიუხედავად, რომ ერთი წელია თითქმის ძალიან ცუდ პირობებში ვიმყოფებით, დაბლოკილი გვაქვს საფინანსო რესურსები, შეჩერებული გვაქვს ბანკებთან ურთიერთობა, დაყადაღებული გვაქვს ყველაფერი, მოვახერხეთ და წელს გვაქვს 40%-ანი ზრდა. ასეთი კომპანიები საქართველოში შეიძლება, თითზე ჩამოსათვლელი იყოს.
ჩვენმა კომპანიებმა წარმატება ძლიერი ორგანიზაციის და დიდი შრომის საფუძველზე შეინარჩუნეს. ნოემბერ-დეკემბერში განვახორციელეთ 5,5 მილიონის, თებერვალში - 1,5 მილიონის, ივლის-აგვისტოში - 3,5 მილიონი ევროს ინვესტიცია. ეს ყველაფერი არის მოზიდული უცხოური კაპიტალი. რადგან ადგილზე გვქონდა პრობლემები, გერმანული კომპანიები ჩვენთან დათმობაზე წამოვიდნენ და საბანკო გარანტიის გარეშე მოგვცეს 10 მილიონი ევროს კრედიტები - პირადი თავდებობით.
ბევრ კომპანიას გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა. ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე თბილისში დაახლოებით 300 წვრილი მაღაზია დაიხურება. აღარ აქვთ ბრუნვა, რომ თავი შეინახონ. ჩვენ ეს ინფორმაცია თანამშრომლებისგან გვაქვს, ქსელში 1000-მდე ადამიანი გვყავს, რომელთანაც ზოგი დისტრიბუციას ახორციელებს, ზოგი - სუპერვაიზერია.
სექტემბრის ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თქვენი 5 კომპანია დააყადაღა. მას შემდეგ თუ შეექმნა პრობლემა ამ კომპანიებს, წარმოების პროცესი შეფერხდა თუ არა ამ დაყადაღებით?
- „ბარამბო“ თებერვალში დააყადაღეს. მაშინ ჩვენ უკვე გამზადებული გვქონდა საინვესტიციო პროგრამა და ვიწყებდით „ჩიფსების“ წარმოებას, რაც მოიცავდა კარტოფილის გადამუშავებას. დღემდე საქართველოში კარტოფილის ჩიფსი უკრაინიდან, თურქეთიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან შემოდის. „ბარამბო“ რომ არ დაეყადაღებინათ, დღეს ეს პროცესი დასრულებული იქნებოდა. პრობლემა იმან გამოიწვია, რომ დაყადაღდა მიწა, რომელზეც უნდა აშენებულიყო ქარხანა. რა თქმა უნდა, ხელი გვეშლება, ეს პრობლემები რომ არ გვქონდეს, პროექტები, რომლებზეც ვსაუბრობთ, უკვე დაწყებული გვექნებოდა და სახელმწიფო თუნდაც კომპანიების შენობის მშენებლობიდან მიიღებდა შემოსავალს, მშენებლობის პროცესშივე დასაქმდებოდა მინიმუმ ათას კაცამდე. ფაქტობრივად, ჩვენმა კომპანიებმა დაკარგეს ერთი წელი. ერთი წელი დაიკარგა ბრძოლაში - ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი. ეს წელი დაკარგა ქვეყნის ეკონომიკამაც.
თქვენს შემთხვევაში მტყუან-მართლის გასარჩევად ბრძოლა სასამართლოში გრძელდება. ქვეყანას მალე ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება. ოთარ ფარცხალაძე წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და მისი ხელმძღვანელობის დროს დაყადაღდა თქვენი კომპანიები. რას ელით ახალი პროკურორისგან?
- ვერ გეტყვით, რომ საქმე უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ შეიცვლება. შეუძლიათ, რეალურად მიუდგნენ საკითხს და ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, ან პოზიცია, რომელიც დღემდე გააჩნდათ, ბოლომდე დაიცვან და უარესი შედეგი მივიღოთ. გაუთვლელი სიტუაციაა. არ შემიძლია, დღეს გავთვალო, როგორ მოიქცევიან. აქ გუნდური თამაში მიდის და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება გენერალური პროკურორი და ვინ -ფინანსური უწყების უფროსი.
ერთი ვიცი, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არსეობს, ხელოვნურად არის შექმნილი. მაგალითად, დავობენ შპალების ქარხნის შესყიდვას გარიგების საფუძველზე, მაშინ როცა, არსებობს სატელევიზიო ჩანაწერები, რომ ეკონომიკის მინისტრი ღიად საუბრობდა ქარხნის და მისი ფასის შესახებ. ასეთ პირობებში ფარულად როგორ უნდა მეწარმოებინა მინისტრის მოადგილესთან გარიგება?!
როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ სარგებელი მოუტანე ქვეყანას და ცილს გწამებენ რომ აზარალე, ეს სამარცხვინოა.
ხელისუფლებისგან განაწყენების მიუხედავად ბიზნესპროექტებს კვლავ გეგმავთ. კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ, და რა ეტაპზეა ეს პროცესი?
- ყველა პროექტი თითქმის უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც უცხოელ, ისე ქართველ ინვესტორებთან. ვვარაუდობ, რომ ორი პროექტი თებერვლიდან, მინიმუმ გაზაფხულზე დაიწყება, მალევე დაიწყება კიდევ ორი პროექტი - ესენია ყავის, ჩიფსების და სამშენებლო მასალების წარმოება, სულ ოთხი ქარხნის აშენებას ვაპირებთ. ამის გარდა, კიდევ ვმუშაობთ სამი ახალი ქარხნის დაპროექტებაზე.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან უთანხმოებას, ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვაქვს ეს პრობლემა და... მაშინ არაფერი უნდა ვაკეთოთ და არჩევნებს ველოდოთ. ყოველი წუთი არის ძვირფასი. თუ ჩვენ დრო არ გამოვიყენეთ და იმაზე ვიფიქრეთ, როდის მოუბრუნდება ხელისუფლებას გული და სიმართლეში გაერკვევა, არაფერი გამოვა.
თქვით, რომ ახალი ქარხნების დაპროექტებაზეც მუშაობთ, რომელი პროდუქციის საწარმოებლად აშენდება სამი ახალი ქარხანა?
- ამას მოგვიანებით გეტყვით. ჯერ ვმუშაობთ. საუბარია გადამამაუშავებელი საწარმოების მშენებლობაზე, რომელსაც ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. ამ სამიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო წარმოებაა.