დავით სერგეენკო: „ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა მოქმედი ვულკანის კრატერის პირას სიარულია“

დავით სერგეენკო: „ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა მოქმედი ვულკანის კრატერის პირას სიარულია“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ცალკეული მედიკამენტების  რეცეპტით გაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. საუბარია ანტიბიოტიკებზე, წნევის მარეგულირებელ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის საჭირო, ჰორმონულ, ონკოლოგიურ და სხვა პრეპარატებზე, რომლებიც ორ თვეში ექიმის რეცეპტის გარეშე ვეღარ გაიყიდება. ამდენად, აღნიშნული მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის აფთიაქებს დააჯარიმებენ.

მინისტრის თქმით, ეს თემა დროულად არის ინიცირებული, რადგან მასზე ადამიანების ჯანმრთელობაა დამოკიდებული. კერძოდ, ნებისმიერი წამალი ნებისმიერ ქვეყანაში ორ ჯგუფად იყოფა-ერთი, რომელიც ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტით იყიდება და მეორე, რომელიც თავისუფალ გაყიდვაშია.

ზოგიერთ ქვეყანაში კი, ორის ნაცვლად, სამი ჯგუფი არსებობს, მათ შორის, _აშშ-შიც. საქართველოშიც ანალოგიური პრინციპი მოქმედებს. უფრო კონკრეტულად, ამ სამი ჯგუფიდან პირველს განეკუთვნება ის წამლები, რომლებიც რეცეპტის გარეშე არ უნდა გაიცეს, ანუ საუბარია ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებზე. მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მართალია, ამ ჯგუფში შემავალი წამლები ნარკოტიკები არ არის, მაგრამ ამ მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მიღებამ შეიძლება, იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე და გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ამ ეტაპზე მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა კანონმდებლობით იკრძალება, მაგრამ, თუ მყიდველს რეცეპტი არ აქვს, ფარმაცევტს უფლება არ აქვს, მას არ მისცეს მედიკამენტი, რითაც კარგად სარგებლობენ ნარკოტიკული თრობის შემცველი მედიკამენტების მოყვარული ადამიანები და ამ მხრივ  ნარკომანებში უკვე მთელი კასტაც არის ჩამოყალიბებული. ამდენად, მედიკამენტების მეორე ჯგუფის პრობლემატიკა უკვე აბსურდამდე დავიდა და, ნებისმიერ შემთხვევაში, რეცეპტის გარეშე მისი ყიდვა შესაძლებელია. კერძოდ, ნარკოტიკული თრობისთვის ზოგიერთ მეორე ჯგუფის მედიკამენტს იყენებენ.

ეს კი, დავით სერგეენკოს თქმით, რისკების შემცველია და შესაძლოა, გავრცელდეს სააფთიაქო ნარკომანია; ასევე, შეიძლება, ამ ყველაფერმა ხარისხის კონტროლი შეუძლებელი გახადოს.

უფრო მეტიც, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირობითად თუ მივიჩნევთ, რომ საქართველოში მომოქცევაშია 5 ათასი წამალი, მაშინ მეტად უცნაურია, რომ ამ კოლოსალური რიცხვიდან მხოლოდ ათი წამლის მიღება რეგულირდება რეცეპტით, დანარჩენების შეძენა კი რეცეპტის გარეშე თავისუფლად შეიძლება.

„მართალია, მედიკამენტების რეცეპტით გაცემის საკითხი ყველა ქვეყნაში თავისებურად რეგულირდება, მაგრამ ევროკავშირის კონვენციის თანახმად, მინიმალური ზღვარია დაწესებული, რომლის ქვემოთაც არ უნდა ჩამოვიდეს ესა თუ ის ქვეყანა. ამ დროს საქართველო ძალზე დაბალ ზღვარზეა ჩამოსული. თუმცა ჩვენთვის მთავარია არა ამ ზღვარის მექანიკური აწევა, არამედ ადამიანის ჯანმრთელობა. სამწუხაროა, რომ ექიმის რჩევამ ჩვენს მოსახლეობაში დევალვაცია განიცადა. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ექიმის დანიშნულებისამებრ წამლების დანიშვნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ფიქრობენ, მეც შემიძლია ჩემს თავს დავუნიშნო წამალი, რაც არათუ ცეცხლთან თამაში, არამედ ვულკანის მოქმედი კრატერის პირას სიარულია,“

თუ რატომ არ დაწესდა დღემდე მედიკამენტების მეორე ჯგუფზე მკაცრი კონტროლი, ამის შესახებ დავით სერგეენკოს განმარტება ასეთია, რომ ბიუროკრატიული ბარიერები არ უნდა შექმნილიყო. კერძოდ,  მაღალი წნევის დროს მედიკამენტის შეძენისას მოქალაქეს ყოველ ჯერზე რეცეპტის გამოსაწერად ექიმთან მისვლა არ უნდა დასჭირებოდა, რაც დროისა და თანხების ზედმეტი ხარჯვა იქნებოდა. თუმცა დღესდღეობით, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა მოხსნილია და მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის შემდეგ ოჯახის ექიმთან მისვლა ყველასთვის მიღწევადი გახდა.

ამასთან, პრობლემებისგან დაზღვევის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მეორე ჯგუფის მედიკამენტების მომხმარებლებს ხანგრძლივვადიანი, ანუ ერთწლიანი მრავალჯერადი რეცეპტის გამოწერას სთავაზობს.

რატომ უნდა გამოიწეროს მედიკამენტების მეორე ჯგუფის რეცეპტი ერთი წლით და არა -მთელი ცხოვრებით?! ფაქტი ისაა, რომ ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებულს ერთი წლის განმავლობაში ექიმთან მისვლა ისედაც სჭირდება.

 „რეალურად, მედიკამენტების მეორე ჯგუფი არც არსებობს. სინამდვილეში, გვაქვს მხოლოდ პირველი და მესამე ჯგუფები. ჩვენი თვითმიზანი არაა, მეორე ჯგუფს დავადოთ რეცეპტი, მაგრამ ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ნარკოტიკული თრობის და უკონტროლო სისტემის ფაქტების შემცირებაა“.

აქვე დავით სერგეენკო სხვა საკითხებსაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზი საკვების დამზადებისას დაშვებული შეცდომა იყო, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა კვების ბლოკის კონკრეტულ თანამშრომელს. თუმცა, მისი თქმით, ზოგადად საკვებით მოწამვლა არ არის მხოლოდ პროდუქტის ხარისხის გამო, ეს არის მთელი მწკრივი და აუცილებელია, ჰიგიენის პირობა, ანუ ხელის დაბანა იყოს დაცული თავად მომხმარებლის მხრიდან.

გარდა ამისა, დავით სერგეენკო "იდენტობის" ინიციატივასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ორ საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება. კერძოდ, ბავშვებზე ზრუნვა შედგება ორი მთავარი ფუნქციისგან, ეს არის ინფრასტრუქტურული და აღზრდის მეთოდები. ორივე დაფუძნებულია UNISEF-ის გამოცდილებაზე და საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობასთან მოდის რეგულაციაში. ამდენად, თუ თავშესაფარი ოჯახურ დასახლებას გულისხმობს, იგი პრობლემას ვერ ხედავს.

„მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ ბავშვების დახმარებისკენ არის მიმართული, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს მოქცეული საერთაშორისო კანონმდებლობისა და გამოცდილების ჩარჩოებში. მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის, თუ ეს არ იქნება მექანიკურად, რომ სახლებს ავაშენებთ და შევუშვებთ იქ ბავშვებს. ეს ეწინააღმდეგება ორ საერთაშორისო კონვენციას - დეინსტიტუციონალიზაციას და აღზრდის მეთოდებს. "იდენტობა" გვთავაზობს, რომ გააკეთოს ეს იზოლირებულად, რომ სახლს ააშენებენ და შეუშვებენ. ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად და აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს აღზრდის ის მეთოდი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითა და დეკლარაციებით რეგულირდება,“-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.