„ბარამბოსა“ და „ზედაზენის“ მიმართ განხორციელებული ქმედებები შერჩევითი სამართლის ხასიათს ატარებს“

„ბარამბოსა“ და „ზედაზენის“ მიმართ განხორციელებული ქმედებები შერჩევითი სამართლის ხასიათს ატარებს“

ცეზარ ჩოჩელის ბიზნესის შევიწროებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია დაინტერესდა. „აფბამ“ ბიზნეს-გარემოს მონიტორინგის შუალედური შეგები გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ შეისწავლა „რკინა-ბეტონის შპალების ქარხანასთან“ დაკავშირებული დავის საკითხი და კომპანიების „ბარამბოს“ და „ზედაზენის“ ქონების ყადაღით შეზღუდვის ფაქტები.  როგორც for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკომფერენციაზე „აფბას“ წევრებმა აღნიშნეს, მათ მიერ გამოვლენილია მთელი რიგი  შეუსაბამობები, რომლებიც საერთო ჯამში, კონკრეტულად და პირდაპირ ხელს უშლის ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამ ბიზნესებთან მიმართებაში ტოვებს შერჩევითი სამართლის განხორციელების შთაბეჭდილებას.

კერძოდ, როგორც „აფბა“ - ს ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს,  „რკინა-ბეტონის შპალების ქარხანასთან“ დაკავშირებით იკვეთება, რომ საქმე გვაქვს პრივატიზაციის შედეგების გადახედვის პრეცედენტებთან. მისივე თქმით, მოპოვებული ვიდეო და სხვა სახის მასალების საფუძველზე ნათლად იკვეთება, რომ სახელმწიფოს მიერ ფართოდ რეკლამირდებოდა  „რკინა-ბეტონის შპალების ქარხნის“ საპრივატიზაციო საწარმოთა ნუსხაში შეტანისა და მისი ინვესტორებისთვის შეთავაზების საკითხი, რაც, მისი თქმით, ფარული გარიგების შესაძლებლობის ფაქტს პრაქტიკულად გამორიცხავს.

„კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ამ საწარმოს პრივატიზებისას სახელმწიფომ, კერძოდ, „საწარმოთა მართვის სააგენტომ“ 2010 წლის 26 ივლისს ქარხნის კაპიტალიდან ამოიღო 3, 5 მლნ ლარის უძრავი ქონება, ხოლო ერთ კვირაში, 2010 წლის 3 აგვისტოს ამავე ქარხნის კაპიტალში შეიტანა 8 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. შედეგად, საპრივატიზაციოდ გამოტანილი საწარმოს კაპიტალი ამ მანიპულაციით გაიზარდა 3 მლნ ლარზე მეტით და საბოლოოდ სწორედ ამ გაზრდილი ფასის გადახდის შემდეგ გადაეცა ახალ მესაკუთრეს, კერძოდ, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს-ჯგუფს, რომელთანაც ამ ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს მხრიდან წარმოებს დავა სახელმწიფო ქონების იაფად შეძენის და ფულის გათეთრების ბრალდებით“, - ამბობს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, სრულიად გაუგებარია, სახელმწიფო უწყებები სად ხედავდნენ გარიგების ფაქტს და, მით უმეტეს, ფულის გათეთრების შესაძლებლობას მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად, ღიად, საჯაროდ, ფართოდ რეკლამირების ფონზე საპრივატიზაციოდ გამოტანილ საწარმოს ყიდულობს ესა თუ ის ბიზნეს-ჯგუფი და შემდგომ მასში, გადაიარაღების მიზნით, ახორციელებს დამტებით მასშტაბურ ინვესტიციას და უზრუნველყოფს საქმიანობის დაწყებას, მათ შორის, სახელმწიფო კონტრაქტის შესრულებას.

„აქ საგულისხმოა, რომ მიმდინარე დავის გამო, დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია „რკინა-ბეტონის შპალების ქარხნის“ მუშაობა. გარდა ამისა, რამდენადაც „რკინა-ბეტონის შპალების ქარხნა“ არის კომპანიების „ზედაზენისა“ და „ბარამბოს“ დამფუძნებელი, აღნიშნული დავიდან  გამომდინარე, ყადაღა დაედო ამ კომპანიების მთლიან ქონებასაც. ერთის მხრივ, ქონების დაყადაღება არ უშლის ხელს საწარმოების ოპერატიულ ფუნქციონირებას, მაგრამ მეორეს მხრივ, ბიზნესის ბუნების ოდნავ მცოდნესთვისაც კი ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, მით უფრო, ქონების დაყადაღება, პირდაპირ აფერხებს ბიზნესის განვიტარებას, რამდენადაც ასეთ დროს ბიზნესს ექმნება სერიოზული ხელისშემშლელი ბარიერები კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, საბანკო სექტორთან თუ ინვესტორებთან მიმართებაში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ დღეს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის შემცირების და უმუშევრობის ზრდის ტენდენციის პარალელურად, „ზედაზენი“ და „ბარამბო“ ის ადგილობრივი საწარმოებია, რომლებიც დღემდე ახერხებენ ზრდის ტემპის შენარჩუნებას და საწარმოებში დასაქმებული 4 000 მდე ადამიანის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.

„აფბა“ - ს გამგეობის წევრის მერაბ ჯანიაშვილის განმარტებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკითხთან დაკავშირებული მიმდინარე დავები და სასამართლო პროცესები პროცესუალურად მაქსიმალურად იწელება დროში, რაც თავის მხრივ, პროპორციულად ზრდის ბიზნესის შეფერხების და, საბოლოო ჯამში, მისი გაჩერების რისკს. მისი თქმით, ამის დასტურია ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, როცა „რკინა-ბეტონის შპალების ქარხანასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვა გადაიდო და მიზეზად დასახელდა ქარხანაში საგადასახადო შემოწმების აუცილებლობა.

„გაუგებარია, თუკი აქამდე აღნიშნული შემოწმება არ განხორციელებულა, მაშინ, საერთოდ, რის საფუძველზეა წარდგენილი ბრალდებები?! ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოეპყროს საკითხებს, რომლებმაც შესაძლოა მოქმედი ბიზნესმენების ინტერესების შელახვა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევები არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს და შერჩევითი სამართლის განცდას.

სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ გახდა „რკინა-ბეტონის შპალების ქარხანასთან“ დაკავშირებით მიმდინარე დავის ფაქტი პრაქტიკულად ერთადერთი პრეცენდენტი, როცა ახალი ხელისუფლების პირობებში პრივატიზაციის შედეგების გადახედვა ხდება. თუ პროვატიზაციის შედეგების გადახედვა სახელმწიფო პოლიტიკაა, მაშინ ის უნდა გაცხადდეს და უნდა შეეხოს პრივატიზაციის უკლებლივ ყველა ფაქტს. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული ტენდენცია იქნება სამართლიანობას მოკლებული და დატოვებს საკითხისადმი სუბიექტურად მიდგომის შთაბეჭდილებას“, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

„აფბა“ აგრძელებს ბიზნესების და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტების მონიტორინგს. როგორც „აფბას“ გამგეობის წევრი მერაბ ჯანაშვილმა აღნიშნა, მათი თვალთახედვის არეალშია ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან დაკავშირებული დავა, სადაც „რკინა-ბეტონის შპალების ქარხნის“ პრეცედენტის მსგავსი პროცესი იკვეთება.

„საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევაში, თემები უკავშირება სახელმწიფო საწარმოს_ „საქართველოს რკინიგზას“, რომელიც სარგებლობდა და მომავალშიც უნდა ისარგებლოს „რკინა-ბეტონის შპალების ქარხნის“ და ვაგონშემკეთებელი ქარხნის პროდუქციითა და მომსახურებით“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.