არჩევნების შედეგები რადიკალურად განსხვავდებოდა პრესის პროპაგანდული აზროვნებისგან

არჩევნების შედეგები რადიკალურად განსხვავდებოდა პრესის პროპაგანდული აზროვნებისგან

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ ასრულებს მედია–კვლევას, რომლის მიზანიც იყო არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განესაზღვრა, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შეემუშავებინა დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შექმნილიყო ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობდა ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.

პროექტში დაკავებული ექსპერტები ამ საკითხებზე საკუთარ დასკვნებს აქვეყნებდნენ. ყოველი კვირის დასასრულს აანალიზებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფდნენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს გასაშუქებლად.

გასაანალიზებლად შერჩეული იყო ის პუბლიკაციები, რომლებსაც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალები აქვეყნებდნენ: „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“

პრესა იოლად წამოეგო საარჩევნო სუბიექტთა პროვოკაციებზე

თამარ მჭედლიშვილი

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც უცნაური მოვლენა აღმოჩნდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის - მთლიანად, პოლიტიკურ სივრცეში შექმნილი ვითარებას, კანდიდატთა სიუხვეს, ე.წ. კოაბიტაციის დასასრულის ანონსს, ამომრჩეველის მუდმივ დამშვიდებასა და ნათელი მომავლის დაპირებას, და რაც მთავარია, მოქმედი პრეზიდენტის არჩევნების გზით შეცვლის უპრეცედენტო ფაქტს ამომრჩეველი, ერთი შეხედვით, გულგრილი არ უნდა დაეტოვებინა. მაგრამ არჩევნებისთვის სამზადისმა და თავად კენჭისყრის დღემ იმდენად „მოწყენილად“ ჩაიარა, რომ ლოგიკურად გაჩნდა კითხვა - რატომ არ მიიღო მონაწილეობა რიგითმა ამომრჩეველმა საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში. ამომრჩეველთა 54-მა პროცენტმა, ფაქტობრივად, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. და, ეს ფაქტი არც პოლიტიკურ ძალებს, არც ექსპერტებს და არც მედია საშუალებებს არ გაუნალიზებიათ.

საერთოდ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მედია და მით უფრო გაზეთები თუ ინტერნეტგამოცემები, სრულად და სავსებით ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და მაქსიმალურად ბევრი და ობიექტური ინფორმაცია მიაქვთ ამომრჩევლამდე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობა, ვინც პრესის ერთგული დარჩა, აქტიურად ადევნებდა თვალს, თუ რა და როგორი „ტონალობის“ პუბლიკაციები იბეჭდებოდა გაზეთებსა თუ ინტერნეტგამოცემებში. აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მედიამ აშკარად ვერ გაართვა თავი ამოცანას და საარჩევნო პროცესი, მეტწილად, სუბიექტურად გააშუქა.

გავმეორდები და ვიტყვი, რომ არჩევნების მიმდინარეობისას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მედიამ სწორედ რიგითი ამომრჩევლის წინაშე უნდა იგრძნოს. სწორედ მას უნდა მოუყვეს გაზეთის ფურცლებიდან, რა ხდება არჩევნების წინ პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაეხმაროს კანდიდატებს ამომრჩველთან კომუნიკაციის დამყარებასა და მასთან საკუთარი გზავნილების მიტანაში. მეორე მხრივ კი, მიაწოდოს ფაქტებით გამაგრებული, გამოძიებული და რეალური ინფორმაცია იმ ნაკლებადცნობილ კანდიდატებზე, რომლებიც სულ ახლახანს გამოამჟღავნეს საპრეზიდენტო ამბიციები და, პიარ-ტექნოლოგების მიერ კარგად „დავარცხნილ-შეფუთულები“ წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, მათი პოლიტიკური წარსულისთვის თვალის გადავლება. ვინ იცის, ამომრჩევლისთვის რამდენ საინტერესო დეტალი გახდებოდა ცნობილი...

საერთოდ, არჩევნებში მონაწილეობა ადამიანის უფლებაა და არა მოვალეობა. როდესაც საკუთარ უფლებაზე ამდენი ამომრჩეველი შეგნებულად ამბობს უარს, ეს საკმაოდ შემაშფოთებელია, რადგან ისინი ამით პროტესტს უცხადებენ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და და თავს არიდებენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცებში მონაწილეობას. ამაში კი მედიამაც თავისი „წვლილი“ შეიტანა.

მედიამ არათანაბარ პირობებში ჩააყენა კანდიდატები, როცა თავად გამოკვეთა, რომელი კანდიდატი იქნებოდა უფრო საინტერესო, ან - პირიქით, უინტერესო ამომრჩევლისათვის, მისთვის „შერჩეული“ კანდიდატების წინასაარჩევნო ქმედებებიც არა მიუკერძოებლად, არამედ რედაქციისათვის მისაღებ „ტონალობაში“ გააშუქა. საბოლოოდ კი, ქართული ბეჭდური მედია და ინტერნეტგამოცემები, საზოგადოებაში არსებული განწყობების ნაცვლად, პოლიტიკურ სპექტრში არსებული განწყობების ლაკმუსად მოგვევლინა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში გაზეთებისა და ინტერნეტგამოცემების აქტივობების ზოგად სურათს:

წინასაარჩევნო პერიოდში პრესა ყურადღებას ძირითადად საარჩევნო სუბიექტების ურთიერთბრალდებებს უთმობდა. მწირი იყო კონკრეტიკა და იგი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ახალი ამბების გადაბეჭდვით შემოიფარგლებოდა. თავად გამოცემები, საკუთარი პუბლიკაციების მომზადებისას, კანდიდატთა ან მათ მხარდამჭერთა მიერ კონკურენტების შესახებ მიწოდებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ეყრდნობოდნენ, რის გამოც დაბალი იყო სანდოობის დონე.

ამ ვითარებაში, გამოცემის სანდოობის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, ჟურნალისტები უპირატესად ინტერვიუს ჟანრს მიმართავდნენ, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახებოდა ინფორმაციულობის ხარისხზე - ვერ ხერხდებოდა განსახილველი საკითხის ირგვლივ ყოველმხრივ დაბალანსებული სურათის შექმნა. საარჩევნო თემატიკისადმი მიძღვნილი ის მცირერიცხოვანი სტატიებიც კი, სადაც ანალიზის მცდელობა შეინიშნებოდა, ინფორმატორთა წრის მიზანმიმართული შერჩევის შედეგად, დაუბალანსებელი და ტენდენციური გამოდიოდა.

პრესა იოლად „ეგებოდა“ საარჩევნო სუბიექტთა პროვოკაციებზე: ჭარბობდა ურთიერთბრალდებები და მასალების უმეტესობა სარკაზმითა და ცინიზმით იყო გაჟღენთილი. პრესის ყურადღების ცენტრში პირველ პოზიციაზე კულუარული ინფორმაცია და ოპონენტთა მიერ კონკურენტების შესახებ გავრცელებული ჭორები იდგა. ყველაზე დიდ ნაკლად კი მედიას საარჩევნო სუბიექტთა პლატფორმებისამი სრულ უყურადღებობა შეიძლება ჩავუთვალოთ.

მეორე ნაკლი, რაც აშკარად თვალშისაცემი იყო: ნაკლები ყურადღება ეთმობოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, მასში არსებულ ხარვეზებს და იშვიათი იყო ამ ხარვეზების დასაბუთებულად გაანალიზების მცდელობა. თითქმის იგნორირებული იყო რეგიონებში არსებული ვითარება და, მით უმეტეს, ამ ვითარების ანალიზი.

და კიდევ, ერთი გარემოება, რომელიც შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს: მასალათა საინფორმაციო საბაბი, უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოსაზრებები იყო და არა კონკრეტული საქმე. გაზეთების უმეტესობა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონკურენტები ერთმანეთს საქმის კეთებაში კი არა, საუბარში ეპაექრებოდნენ. არადა უდაო ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკოსების საქმიანი აქტიურობისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. მედიის მხრიდან პოლიტიკოსთა მიერ ნაკეთები საქმისადმი მეტ ყურადღებას კი ამ საქმიანობის სტიმულირება არცთუ ურიგოდ შეუძლია ხოლმე.

საბოლოოდ კი შემდეგი სურათი მივიღეთ: ქართული მედია არ მოერიდა პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ემოციური დასკვნებით სახიფათო თამაშს. ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივით, მედიაში აქტიურად დამკვიდრდა სიძულვილის ენა. გაზეთები არ მოერიდნენ კვლავ და გვთავაზობდნენ მომავლის მოდელირებულ სცენარებს. ყველა სცენარი ფატალური იყო და იგი, უმთავრესად, სისხლისღვრას ან საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულს უკავშირდება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეთი პათოსი ნამვილად არ შეუწყობდა ხელს მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და, შესაბამისად, მათი აქტივობის ზრდას. ამან უფრო მეტად გაზარდა აპათია ამომრჩეველში და საერთო სურათიც ამის დასტურია - 27 ოქტომბერს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს საარჩევნო ყუთებთან მისვლის სურვილი არ გასჩენია.

რაც შეეხება კონკრეტულ გამოცემებს: როგორც წესი, ამომრჩევლამდე ინფორმაციის მიტანის თვალსაზრისით, ყოველდღიური გამოცემები აშკარად ჯაბნიდნენ ყოველკვირეულებს, თუმცა ობიექტურობის და სანდოობის ხარისხი ყველა გამოცემაში აშკარად არადამაკმაყოფილებელი იყო. სამწუხაროდ, ასეთი სურათი ნებისმიერი არჩევენებისთვის არის დამახასიათებელი.

სამწუხაროდ, პრესამ ვერ მოახერხა არჩევნების პროცესში თავის უშუალო და პირდაპირი მოვალეობის შესრულება - ვერ მოგვევლინა ამომრჩევლისა და საარჩევნო სუბიექტების დამაკავშირებელ რგოლად, ვერ დაუსაბუთა თითოეულ ჩვენგანს, თუ რატომ უნდა წავსულიყავით არჩევნებზე და ხმა მიგვეცა ამა თუ იმ კანდიდატისათვის. ანუ, მოსახლეობა, სამწუხაროდ, ლამის ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში ჩააყენა.

გაზაფხულზე კვლავ არჩევნებია. ამჯერად - ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მომავალი წლის მაისის თვე (სავარაუდოდ, სწორედ მაისში გაიმართება ადგილობრივი არჩევნები) საკმაოდ დაძაბული იქნება, რადგან პოლიტიკური „ომი“ ყველაზე მეტად, რეგიონებს მოედება. ამასთან ერთად, გაცხოველებული ბრძოლა გაიმართება თბილისისა და სხვა მსხვილი ქალაქებისათვის. სამწუხაროა, რომ დღემდე ბევრ რეგიონში ნაკლებად იციან, რა ფუნქციის მატარებელია ადგილობრივი ხელისუფლება, რისი უფლება აქვს მას და რისი - არა. ამით კი, სავარაუდოდ, გვარიანად ისარგებლებენ პოლიტიკური სუბიექტები და კვლავ შეეცდებიან, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ფუჭი დაპირებებით და მომავლის არასახარბიელო სურათის დახატვით. თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკურ ძალებს ამომრჩევლის ასეთი „შეშინება“ მხოლოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად დასჭირდებათ - „ოცნებას“ – ნაციონალების ადგილებზე გასანეიტრალებლად, „ნაციონალურ მოძრაობას“ - რეგიონებში გავლენის შესანარჩუნებლად, სხვა პარტიებს - საარჩევნო ბარიერის დასაძლევად და საპარლამენტო არჩევნებისთვის „კვალიფიციური სუბიექტის“ სახელის დასარქმევად.

ამიტომ ნამდვილად მნიშვნელოვნად და სასურველად მიმაჩნია, ბეჭდურმა მედიამ და ინტერნეტგამოცემებმა უკვე აქედანვე იზრუნონ მოქალაქეთა ინფორმირებულობაზე. თუკი მედია აქედანვე დაიწყებს მოსახლეობის ინფორმირებულობას, პოლიტიკოსთა მთელი ჯარიც კი ვერ შეძლებს, კვლავ შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და ვერც ერთი პოლიტილური ძალა ვერ მოგვევლინება „საქართველოსთვის გადამწყვეტ ომში“ „მებაირაღედ“.

არჩევნების შედეგები რადიკალურად განსხვავდებოდა პრესის პროპაგანდული აზროვნებისგან

როზი ჯღამაია

წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის ჯგუფმა ქართული პრესის რამდენიმე გამოცემა (გაზეთები: ახალი თაობა, რეზონანსი, ვერსია, ქრონიკა, პრაიმ ტაიმი, კვირის პალიტრა, ასავალ დასავალი) გაანალიზა. პროექტის მიზანი იყო დაკვირვება ეწარმოებინა რამდენად ადეკვატური იყო ქართული პრესა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პასუხობდა თუ არა იგი საზოგადოებრივ დაკვეთას. პირველ შემთხვევაში პრესა სრულიად ადეკვატური იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონისა, ვინაიდან საპრეზიდენტო კანდიდატები პოზიტიური საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად, კონკურენტების „ბინძურ საცვლებში“ იქექებოდნენ. ამდენად პრესამაც მთელი ყურადღება ამ მიმართულებით გადაიტანა. პრაქტიკულად, არცერთი სტატია თუ ნიუსი არ ეძღვნებოდა საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო  პროგრამებს და თითქმის, ყველა სტატია თუ ინტერვიუ კულუარულ ინფორმაციებსა და ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებზე იყო აგებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პრესა არ პასუხობდა საზოგადოებრივ დაკვეთას, შესაბამისად, ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, თუნდაც, ზოგადად შექმნოდა წარმოდგენა თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმებზე.

მონიტორინგის პირველივე კვირას, უკვე, აშკარა იყო, რომ არჩევნების დასარულებამდე ქართული პრესა ტრადიციას გააგრძელებდა და საინტერესოს არაფერს შესთავაზებდა საკუთარ მკითხველს. ანუ, მონიტორინგის მომდევნო კვირაში ქართული პრესა იყო ტრადიციული და ნეგატიური.

მართალია, პოლიტიკაში ახალი მიმართულება - რეიტინგების თემა გააქტიურდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ პრესას არჩეული გზა გაეგრძელებინა.

NDI-ის სოციოლოგიურმა კვლევებმა, პრაქტიკულად, სრულად დაიპყრო ქართული მედია. მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას, თითქოს, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოებაც შეგუებული იყო, მაგრამ საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, დავით ბაქრაძის 18%. იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნებზე ძირითადი აქცენტი მეორე ადგილზე უფრო კეთდებოდა, ვიდრე გამარჯვებულ კანდიდატზე, ბუნებრივიც იყო, რომ მეორე ადგილის პრეტენდენტების, ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძის ფონზე, გიორგი მარგველაშვილი პრესამ, ლამის, დაივიწყა.

თითქმის ყველა ქართულ გამოცემაში ვრცელდებოდა ნინო ბურჯანაძის და მისი მომხრეების კომენტარები აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით, სადაც ეს უკანასკნელნი ირწმუნებოდნენ: „ეს არის სამარცხვინო კვლევა, „ენდიაის“ გამიზნული პოლიტიკა, რათა საზოგადოება წინასწარ შეაგუოს არჩევნების გაყალბებას... ტოტალურად უნდა გაყალბდეს არჩევნები, რომ მარგველაშვილი პირველ ადგილზე გავიდეს, ხოლო ბაქრაძე მეორეზე. ტოტალურ გაყალბებას კი საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს“.

ბურჯანაძის, როგორც ერთ-ერთი კანდიდატის განცხადებები, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, ბუნებრივი იყო, მაგრამ პრესას არც კი უცდია მიმდინარე მოვლენების ანალიზი გაეკეთებინა და რეალური სურათი შეეთავაზებინა ამომრჩევლებისთვის. არჩევნების შედეგებმა კი, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად შორს იდგა ქართული პრესის ნაწილი პროფესიონალიზმის, ხოლო, რიგ შემთხვევებში - ობიექტურობისგან.

იყო კიდევ ერთი ტენდენცია - პრესაში, თითქმის, ვერსად წაიკითხვადით ინფორმაციას იმ პრეზიდენტობის კანდიდატებზე, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ერთი შეხედვით, არჩევნებისთვის ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა ქართული პრესა ზუსტად ასახავდა ქართულ პოლიტიკურ რეალობას - უცნობი კანდიდატები საზოგადეობის დიდი ნაწილს არც აინტერესებდა.

შესაბამისად, ქართულ პრესაში წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია ორ ნაწილად იყოფოდა - მარგველაშვილი და მისი მოწინააღმდეგეები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, ნეგატიურ ინფორმაციაზე იყო აგებული. მართალია, პრესა ზუსტად ასახავდა ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებას, თუმცა თავადაც არ ცდილობდა პოლიტიკაში პოზიტიური როლი ეთამაშა. ამიტომაც, მონიტორინგის დროს აღვნიშნეთ, რომ ქართული პრესაც სანახაობით ტკბებოდა.

და მაინც, ოქტომბრის შუაგულს, ქართული პრესის მონიტორინგი მცირეოდენი პოზიტიური ნიუანსით გამოირჩეოდა, რასაც ქართული პრესის დამსახურებად ვერ მივიჩნევდით. პრესაში ყურადღება მიიქცია ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამამ. ვინაიდან, ბურჯანაძემ საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, ბუნებრივია, ამას გვერდს ვერც პრესა აუვლიდა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, პრესა მშრალ ინფორმაციას გადასცემდა (ძირითადად, სააგენტოებზე დაყრდნობით), და არსად გვხვდებოდა თავად პროგრამის შინაარსობრივი განხილვა.

მონიტორინგის მეექვსე კვირას, უკვე შეიძლებოდა თამამად გვეთქვა, რომ ყოველი ახალი კვირა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა გასულ კვირეებს. სამწუხაროდ, კარსმომდგარი არჩევნების მიუხედავად, საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთთან კინკლაობას მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე საკუთარ პროგრამებს და ქართულ პრესასაც პოლიტიკოსთა კინკლაობა გადაჰქონდა გაზეთის ფურცლებზე. პრესის მნიშვნელოვანი ნაწილი კი საკუთარ „ანალიზს“ ხან „ლოგიკურად“ ასაბუთებდა და ხან, სასურველ ფაქტებს რეალობად წარმოაჩენდა. პრესაში, იმის ნაცვლად, მკითხველს წარმოდგენა შექმნოდა, თუ რატომ უნდა დაეჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატისთვის, აღვირახსნილი აგიტაცია იგრძნობა - ამომრჩეველს რატომ არ უნდა დაეჭირა მხარი კონკრეტულ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.

პრესა მეტ ყურადღებას იმ საპრეზიდენტო კანდიდატს უთმობდა, რომელიც ყველაზე აგრესიულ კამპანიას აწარმოებდა და ეს ბურჯანაძე იყო. თუმცა, აქაც პრესა სამ ნაწილად იყო გაყოფილი: აგრესიულები, ზომიერები და მომხრეები. ძირითადად კი, პრესის მთელი აქცენტი არჩევნების მეორე ტურზე იყო გადატანილი, ვინაიდან ეს თემაც ბურჯანაძესგან მოდიოდა. ამ შემთხვევაშიც კი, თავად პრესა ცდილობდა ამომრჩეველის განწყობა საკუთარი შეხედულებით შეექმნა და ეს ქმნიდა განწყობას გვეფიქრა, რომ პრესა თავად ცდილობდა საზოგადოებაში, პოზიტივის ნაცვლად, დაპირისპირება შეეტანა.

სწორედ ამ განწყობით მივედით არჩევნებამდე და არჩევნების დასასრულს აშკარად გამოიკვეთა ქართული პრესის როლი და „გავლენა“ საზოგადოებაზე. არჩევნების შედეგები რადიკალურად განსხვავდებოდა წინასაარჩევნო პრესის პროპაგანდული აზროვნებისგან.    

არჩევნები ჩატარდა მშვიდად, მცირეოდენი ხარვეზებით და მეორე ადგილი წილად ხვდა დავით ბაქრაძეს და არა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც პრესის მეშვეობით ირწმუნებოდა, რომ ის პირველივე ტურში თუ ვერა, მეორეში აუცილებლად პრეზიდენტი გახდებოდა. ამის საწინააღმდეგოდ, ბურჯანაძეს საზოგადოებამ მხოლოდ მესამე ადგილი მიაკუთვნა. პრესას ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ იგი ბურჯანაძის განცხადებების ტირაჟირებას ეწეოდა, მაგრამ გამოიკვცეთა ტენდენცია -  ქართული პრესა შორს არის პროფესიონალიზმისგან და მოკლებულია ანალიზის უნარს. უფრო მეტიც - საგაზეთო ინტერვიუებიც კი უშინაარსო და ზოგად კითხვებზე იყო აგებული და ანალიტიკოსებიც კი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, საკუთარი ანალიზი პრესის დახმარებით მიეწოდებინათ ამომრჩევლისთვის. 

არასკანდალურმა არჩევნებმა კი პრესა საერთოდაც გულგრილი დატოვა - არჩევნები იყო იმდენად მშვიდი და თავისუფალი, რომ სკანდალების მოყვარულმა პრესამ ამ არჩევნების მიმართ ინტერესი დაკარგა. თუმცა, აქა-იქ მაინც შეხვდებოდით დამარცხებული კანდიდატების მუქარებს, მაგრამ ეს ჩხუბის შემდეგ მუშტების მოქნევას გავდა - მუქარებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, პრესაში ხელოვნურად შექმნილი მღელვარების იმიტაციაც მალევე მინავლდა.

არჩევნები დასრულდა და პრესაში ეს თემატიკაც ამოიწურა. ახლა პრესა ახალი პრემიერით, ახალი შს მინისტრით და ახალი პროკურორით არის დაინტერესებული. ისევე როგორც წინასაარჩევნოდ, კეთდება პროგნოზები და ზედაპირული დასკვნები, მაგრამ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ პრესის ამჟამინდელი მდგომარეობა არაფრით განსხვავდება წინასაარჩევნო მდგომარეობისგან და მკითხველი მისგან სერიოზულ ანალიზს არც ამჯერად უნდა ელოდოს.