კოოპერატივში გაერთიანებული გლეხები შეღავათებს და ევროკავშირის გრანტებს მიიღებენ

კოოპერატივში გაერთიანებული გლეხები შეღავათებს და ევროკავშირის გრანტებს მიიღებენ

დამატებითი სამუშაო ადგილები სოფლად; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; მიწების კონსოლიდაცია; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა - საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით კოოპერატივები იქმნება.

კოოპერატივები საქართველოში დღემდე საბჭოთა კოლმეურნეობის ასოციაციას იწვევს, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენელებს ერთგვარი თავის მართლება უწევთ. ეკონომიკური გუნდის მინისტრები აცხადებენ კიდეც, რომ ახლადშექმნილ კოოპერატივებში გლეხები საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობისგან განსხვავებით, ნებაყოფლობით შევლენ, მისი მართვა კი ევროპული და დემოკრატიული პრინციპებით განხორციელდება.

საქართველოში ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარებას მხარს ევროკავშირიც უჭერს. ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში საქართველო 2013-2016 წლებში 40 მილიონ ევროს მიიღებს. ევროკავშირის გრანტების მიღება კოოპერატივში გაერთიანებულ გლეხებს შეეძლებათ.

საქართველოს რაიონებსა და სოფლებში კოოპერატივების შექმნამდე მიმდინარე წლის ივლისში პარლამენტმა „კოოპერატივების შესახებ“ კანონი მიიღო, კანონის საფუძველზე კი უკვე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

 „კოოპერატივი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე შეიქმნება, შემდეგ კი მისი წარმომადგენლები სააგენტოში სტატუსის მოსაპოვებლად მოვლენ. სტატუსის მიღება მათთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭებას გულისხმობს. რთული რელიეფის მქონე მიწებზე შექმნილ კოოპერატივებს კი სახელმწიფო „მოტობლოკებითა და ხელის სათესით უზრუნველყოფის“ პროექტითაც დაეხმარება და მათ ტექნიკას შეღავათიანი პირობებით ან ლიზინგით გადასცემს,“- განმარტავს სააგენტოს ხელმღვანელი გიორგი მიშელაძე.

კოოპერატივების შექმნისთვის გლეხები დარგების მიხედვით უნდა გაერთიანდნენ. კოოპერატივში 5 წევრი მაინც უნდა იყოს. გამონაკლისი მაღალმთიანი რეგიონია, იქ კოოპერატივის შექმნა 3 წევრსაც შეეძლება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია და იმედოვნებენ, რომ კოოპერაციების პროექტი მცირე მეწარმეთა ხელწემწყობი, შეღავათიანი აგროკრედიტის და სხვა პროექტების მსგავსად წარმატებული იქნება.

„სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიზანი ქვეყანაში კოოპერატივების შექმნაა. სახელმწიფო ამ კოოპერატივებს ხელს შეუწყობს და დაეხმარება. რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ეფექტიანად, ხარისხიანად და კონსოლიდირებულად წარმოებას შეუწყობს ხელს“, - განმარტავს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია.

კოოპერატივების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც. მისი თქმით, გლეხების დახმარება ძლიერ სოფელს ნიშნავს, ძლიერი სოფელი - ძლიერ რაიონსა და ქალაქს, ძლიერი ქალაქები კი ძლიერ ქვეყანას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეც დაესწრო. ხუან ეჩანოვე მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველო მართებულ ნაბიჯებს დგამს.

„დღეს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ქვეყანას განსაკუთრებული დღე დაუდგა. სტიმულით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სექტორში ქვეყანა დებს, საქართველო ევროპის მიღწევებს უახლოვდება. ევროპის სოფლებში გლეხები კოოპერატივების წევრები არიან. თანამედროვე სამყაროში მოდერნიზაციაზე საუბარი კოოპერატივების გარეშე შეუძლებელია. ევროპაში კოოპერატივები ფუნქციონირებს როგორც ბიზნესი. თანამედროვე გაგებით, კოოპერატივი ბიზნესგაერთიანებაა“, - განაცხადა ხუან ეჩანოვემ.

მისივე თქმით, კოოპერაცია, ეს არის არა მიწის ნაკვეთების, არამედ ძალისხმევის ნებაყოფლობითი გაერთიანება და ეს პროექტი საქართველოში წარმატებული იქნება, რადგან მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობს.

კოოპერატივების შექმნის პროცესში ხარვეზების წარმოქმნას ვარაუდობს ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. For.ge-სთან საუბრისას ჯგერენაია აცხადებს, რომ პროცესი შესაძლოა მენტალურმა პრობლემამ შეაფერხოს.

„კოოპერატივი საბჭოთა კავშირის გადმონაშთი გვგონია, მასში საერთო ქონებას ვხედავთ და არა საერთო ძალისხმევას. არადა, კოოპერატივის მფლობელები საერთო ქონების წევრები და კოლმეურნეები კი არა კომპანიონები არიან. ძალიან დიდი განსხვავებაა ამ კოოპერატივსა და საბჭოურ კოოპერატივს შორის. კოოპერატივის უპირატესობა არის კომპანიონობა, ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, დაზღვევაზე, ლიზინგზე, რეკლამაზე, საერთაშორისო ბაზარზე და გამოფენაზე. თუ გრანტის ელემენტი კარგად იქნება გამოყენებული საქართველოში ნელ-ნელა განვითარდება კოოპერატივები,“-აცხადებს ჯგერენაია.

მისივე თქმით, აგრარული სექტორის კომერციულ რელსებზე დაყენება რთულია და ამის მაგალითია დღევანდელი სიტუაცია, როცა აღმოჩნდა, რომ არის ფული, მაგრამ გლეხებს არ შეუძლიათ მისი აღება, მზად არ არიან ამისთვის.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე კი სოფლებში კოოპერატივების შექმნის პროცესში აქცენტს ე.წ. ყოჩის ანუ ლიდერის ინსტიტუტზე აკეთებს. მისი თქმით, თუ ლიდერი გადაწყვეტს კოოპერატივის ჩამოყალიბებას, თანამოაზრეების პოვნაც არ გაუჭირდება.

„კოოპერატივებს ექნება წესდება, ხელშეკრულებები. აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი იქნება და წევრებს ეცოდინებათ, რას აკეთებს მათი ლიდერი. მნიშვნელოვანია, რომ ის ლიდერიც მათი არჩეული იქნება. თუ გლეხს შრომა უნდა, საქმის დასაწყებად მოტივაცია ნამდვილად უჩნდება,“- აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ნინო ზამბახიძე.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთში და ქვეყნის სხვა რეგიონებში დღესაც არსებობს კოოპერატივის მსგავსი გაერთიანებები, მაგრამ მათ საინიციატივო ჯგუფები ჰქვია, ახლა უკვე არსებობს შესაბამისი იურიდიული ფორმა და კოოპერატივებად დარეგისტრირდებიან.

კოოპერატივების განვითარების სააგენტო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რეგიონებში გასვლით შეხვედრებს გეგმავს. სააგენტოს წარმომადგენლები აპირებენ, გლეხებს პირადად აუხსნან, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მათთვის კოოპერატივის შექმნას.