ფიროსმანის შედევრი, რომელზეც აქამდე არაფერი გვსმენია

ფიროსმანის შედევრი, რომელზეც აქამდე არაფერი გვსმენია

გუშინ, მხატვრობის მოყვარულთათვის მეტად მნიშვნელოვან დღე იყო. საქართველოს ეროვნულ საგანძურს ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ახალი ტილო – “მამალი, კრუხი და წიწილები“ შეემატა.

საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ტილო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის დამნაშავეთა ჯგუფს საზღვარგარეთ გაჰქონდა. მსგავსი შემთხვევები საქართველოში სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა და აღრიცხულიც კი არ არის, ბოლო წლების მანძილზე, ცნობილი ქართველი მხატვრების რამდენი ნახატი გავიდა ქვეყნიდან და გაიყიდა შავ ბაზარზე. 

როგორც გაირკვა, ფიროსმანის აქამდე უცნობი ტილო დამნაშავეთა ჯგუფმა კერძო კოლექციონერისგან შეიძინა. მისი საწყისი ფასი ნახევარი მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ მისი შესყიდვა 50 ათას დოლარად მოხდა. დამნაშავეთა ჯგუფის წევრები ამჟამად დაკავებულნი არიან.

რაც შეეხება საკუთრივ ტილოს: “მამალი, კრუხი და წიწილები“, ნახატის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ქართულ მუზეუმებში ეს ტილო მნიშვნელოვან ადგილს აუცილებლად დაიკავებს. სხვათა შორის, ხელოვნებათმცოდნეებს სულაც არ დაჭირვებიათ დიდი განსჯა, ნახატის იდენტობის დასადგენად. ძალზედ ადვილად გამოირკვა, რომ ტილო ფიროსმანის მიერ იყო შექმნილი და ნიკალას განუმეორებელი სტილი, ახლადაღმოჩენილ ნახატზე, თვალსაჩინო გახლდათ.