საქართველოში ფეხბურთი და კალათბურთი სპორტის პოპულარულ სახეობებს მიეკუთვნება. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ადამიანი, რომელიც მათ მიმართ გულგრილი იქნება. დღევანდელ წერილში ტრადიციას არ დავარღვევ, რამდენიმე ათეული წლით უკან დავბრუნები და ქართული საფეხბურთო-საკალათბურთო ოჯახის წევრების თავს გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებ. რაც შეეხება ამ „თავგადასავლების“ საერთო თემას.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ქართველებსა და ღვინოს ერთმანეთში დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი არაერთხელ გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.
ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს, საქართველოში ღვინის სმის კულტი ხომ ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ამ დარგის „მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს კალათბურთეებსა და ფეხბურთელებსაც თავიანთი „მოკრძალებული წვლილი“ შეაქვთ.
დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ახლო წარსულში ცნობილი კალათბურთელი პაატა გურასპაული იქნება, რომელიც „ბახუსთან მეგობრობის“ ერთ სახალისო შემთხვევას მოგვიყვება.
„საქართველოში რომ არეულობა იყო ის პერიოდია.სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდი ჩამაბარეს (რომელიც მაშინ სადღაც „ჭ" ჯგუფში იყო), ამოსწიე და უმაღლეს ლიგაში გაიყვანეო. მოთამაშე მწვრთნელი გახლდით.
როგორი საქმეა? გუნდი ძლივს იბერავს სულს. არავითარი შანსი არაა. არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ მაგრად მოვინდომე, რაა მერე? მოინდომე და იყავი. მარტო ენთუზიაზმი გიშველის? მაგრამ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. ნელ-ნელა მონდომებით და თავდადებით გუნდი „ამოიქაჩა".
ერთი გადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩია დაგეგმილი სოხუმის უძლიერეს სუბტროპიკული ინსტიტუტის გუნდთან.
მიკიბვ-მოკიბვის კაცი არ ვარ, შევედი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მაშინდელ რექტორთან, რომელიც სპორტის ამ სახეობის თავგადამკვდარი ქომაგი იყო და ვეუბნები:
- ბატონო ოთარ - ამ გაჭირვებულ პერიოდში, ზედმეტი ფული რატომ უნდა დახარჯოთ, მაინც წავაგებთ სოხუმში და მოდი, ნუ წავალთ. ზედმეტი ხარჯია-მეთქი.
- რას ამბობ! - წახვალთ (ოპტიმისტია რექტორი), წახვალთ და მოიგებთ კიდევაც. უფროსთან კამათი წყლის ნაყვაა და წავედით მატარებლით.
ახლა რა დასამალია და ხელჩაქნეულმა იმ ღამეს (ნაცნობებს გადავეყარე) კაი მაგრად შევუბერე არაყ-კონიაკი კუპეში.
დილით სოხუმში ვართ. მატჩი საღამოს 8 საათზეა წესით. პახმელიაზე იქაური მეგობრის ოჯახშიც დავამატე იმ აზრით, რომ 8 საათამდე იქვე გამოვიძინებდი. ეძინა ეშმაკს? არა! დამირეკეს, რომ მატჩი რვის მაგივრად 2 საათზე გადმოიტანესო.
სხვა რა გზა იყო და გავედით სათამაშოდ. არ ვიცი რა ძალა მომეცა, ან რა ბედი მმართავდა. ერთი კი ვიცი, რომ ზებუნებრივი ძალა მეხმარებოდა თამაშის დროს. ის გაბრუებული კაცი საკმაოდ კონცენტრირებულად ვთამაშობდი. მოკლედ, რომელ პოზიციაშიც მივიღებდი ბურთს - დაუყოვნებლივ ვგზავნიდი კალათში, თან ზუსტად... ჩემს გაოცებას საზღარი არ ჰქონდა. მგონი 65 ქულა მივითვალე და ახდა რექტორის სიტყვა.. მოვიგეთ!
თბილისში დაბრუნების შემდეგ გახარებულმა დამიბარა კაბინეტში. მგონია რომ ახლა შემაქებს, შემამკობს...
- დღეიდან! - მეუბნება მკაცრად (არადა იმ წელს მის ინსტიტუტს ვამთავრებდი) შენ უფლება გაქვს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში შემოხვიდე ჩემს კაბინეტში. მთხოვო რაც გინდა, ოღონდ ორი წელი დიპლომს ვერ მიიღებ. გუნდს ვერ მოცილდებიო.
ასე „დავჯარიმდი" კეთილი საქმისთვის! ზუსტად ორ წელიწადში მომცა დიპლომი.
კალათბურთელების შემდეგ სიტყვას ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს გადავცემ. ბატონი კახი კაჭარავა თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე მოწყობილი ერთი „ქეიფის“ პერიპეტიებს გაიხსენებს.
„ერთი მზიანი დღეა. იუბილეს ვზეიმობთ ბიჭები - „დინამოს" იუბილეს. გვარიანი სუფრა გამოგვივიდა. ვართ ასე 30-40 კაცი ძველიან-ახლიანად. დაგვაფასა და გვეწვია ერთი (არ მინდა ახლა ვინაობა დავაფიქსირო) ძალიან ღვაწლმოსილი ვეტერანი ფეხბურთელიც. თავისი მოკრძალებული „ჟიგულით" მობრძანდა (მაშინ სხვა მანქანა სად იყო!).
აქეთური-იქითური, სიყვარული, გაგება და ა.შ. მოკლედ ხელჩართული სმაა და ეს საპატიო ვეტერანი მაგრად დაითრო. მადლიერმა შეგირდებმა სკამიდან ხელით წამოვაყენეთ ქეიფის ბოლოს. მანქანის საჭესთან ეს რას დაჯდება. ცოდო არ მინდა, თვითონვე თქვა: „ჩემს მანქანას აქ დავტოვებ, ტაქსით წავალო".
ჩვენთან მანქანა კი არა ხუთთეთრიანი არ დაიკარგება, მაგრამ მაინც კაცო, გადავწყვიტეთ გაგვეცილებინა თავისივე მანქანით, არადა გაჭინჭყლდა „ტაქსით წავალ, ტაქსით!" - არ გვაწუხებს თავის ჭკუით და მორიდებით.
- კარგი, ბატონო... დავამშვიდეთ და ფხიზლად გადარჩენილი თითო თვალი ჩავუკარით ბიჭებმა ერთმანეთს. ჩანაფიქრი მარტივი იყო. ამ ჩვენს ვეტერანს ვითომ ტაქსით გავაცილებდით. სინამდვილეში მე - პირადად გამოვაცილე (გამოვიყვანე სპეციალურად არ ვამბობ, თუმცა მაინც წამომცდა) და ვითომ ტაქსს ველოდებით ქუჩაში. ამ დროს ამ ვეტერანის „ჟიგული" (ჩვენ რომ გვიტოვებდა, თქვენ მომიყვანეთ ხვალო) დაგვიმუხრუჭდა ფეხებთან.
- აი ტაქსიც მოვიდააა.... ჩავსვით და მივიყვანეთ სახლში. კაცმა ვერაფერი გაიგო. ჯიბიდან 10-იანი ამოიღო, „მძღოლს" მისცა და ჩემზე ეუბნება - „ეს კაცი მიიყვანე სადაც გეტყვის, ფული არ გამოართვაო". მეტი ვეღარ მოვითმინეთ მე და „მძღოლმა".
- ბატონო „იმანო" - ეს თქვენი მანქანაა... თქვენი!
- რატომ? - რატომღაც სრულიად მოულოდნელი და მდგომარეობისთვის შეუთავსებელი კითხვა დასვა ვეტერანმა.
- თქვენია ეს მანქანა, თქვენი ბატონო ბ-იონ...
- აუუუუჰ! - ბოლო ენერგია მოიკრიფა კაცმა - მადლობა ძვირფასებო, მადლობა! ვიცოდი მეეე... ვიცოდი.
მეორე დღეს ამ ვეტერანის ცოლი რეკავს ჩვენთან.
- გისმენთ, ქალბატონ ლ-ლა, - ვიცანით ხმაზე.
- რა აჩუქეთ ჩემს ქმარს, რა, რომ გადარიეთ ამ სიბერეში?
სახტად დავრჩით.
თურმე ვეტერანს ცოლისთვის უთქვამს: „ბიჭებმა, საიუბილეოდ მანქანა მაჩუქეს - შენია შენიო!!!!"
შეგრცხვა და... - კი ეკუთვნოდა წესიერ ქვეყანაში.
ნება მომეცით კიდევ ერთი საფეხბურთო-სალაღობო ისტორია შემოგთავაზოთ. 1965 წლის დეკემბერში ბატონმა ჯემალ ზეინკლიშვილმა თანაგუნდელები მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი საქეიფოდ მშობლიურ ბორჯომში დაპატიჟა. ეს „მოგზაურობა“ მესხი-მეტრეველის დუეტისთვის სავალალო შედეგით დასრულდა. ამ ისტორიას ჯემალ ზეინკლიშვილი შემდეგნაირად იხსენებდა:
„1964 წლის ნოემბერში სსრკ-ის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ყველა დინამოელს ყველასათვის საოცნებო, მაშინ პოპულარული მანქანები - გაზ-21 გვაჩუქეს. მომდევნო წლის გაზაფხულზე მესხს და მეტრეველს მოველაპარაკე, წავიდეთ ბორჯომში და ერთი კაცურად ვიქეიფოთ-მეთქი!
კაჩალინს ვთხოვე, მამაჩემს დავხედავ, ავად არის და ბიჭებსაც წავიყვან-მეთქი. გაგვიშვა სამი დღით სამივე, თუმცა, რასაკვირველია, არ იცოდა, რომ საქეიფოდ მივდიოდით.
მივდივართ ღიღინ-ღიღინით, ძალიან ცხელა, გზაში ნელ-ნელა ვიხდით ტანსაცმელს და ბოლოს ტრუსებისამარა დავრჩით. ხაშურთან ერთი სასაცილო აზრი მომივიდა და ჩავაქრე მანქანა! მიშას და სლავას ვუთხარი - ბიჭებო, მოაწექით და დაიქოქება-მეთქი. ყლაპეს და მართლა ჩავიდნენ მანქანიდან მოსაწოლად. მეც ეს მინდოდა, მყის დავქოქე, დავადე გაზს ფეხი და ბორჯომამდე არ გამიჩერებია!
დარჩნენ მესხი და მეტრეველი ტრუსებისამარა შუა გზაში!!! შევარდნილან ბუჩქებში, ერიდებათ, ამხელა ფეხბურთელები ვინმემ რომ არ დაინახოს შიშვლები!
მათ ბედად, მილიციის ინსპექტორს სამთვლიანი მოტოციკლით გამოუვლია და ბიჭებმა ბუჩქებიდან იმას დაუძახეს. გადარეულა ის ინსპექტორი, წარმოგიდგენიათ, რას გაიფიქრებდა!!! თბილისში ვეღარ დაბრუნდნენ ტრუსიკიანები, მყისვე გავარდებოდა ხმა ქალაქში და კაჩალინს ვერ გადაურჩებოდნენ, სთხოვეს და ინსპექტორმა ისევ ბორჯომში ჩამოიყვანა.
ისე იყვნენ გაბრაზებულები, ჩემსკენ არ მოუხედავთ! მიშასთვის და სლავასთვის პურმარილს ვინ დაიშურებდა? ორი დღე იქეიფეს უჩემოდ, მესამე დღეს კი ვეღარ გაძლეს და ისევ ერთად ვიყავით!!!
მას მერე, მესხი და მეტრეველი კარგა ხანს აღარაფერს მიჯერებდნენ“.