პირველი საარტილერიო ბრიგადის იუბილე (ვიდეო)

პირველი საარტილერიო ბრიგადის იუბილე (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი დღეს, ვაზიანში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

არტილერისტებს საიუბილეო თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებების უსურვა. თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. ბრიგადის მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მიიღო.

“საქართველოში არტილერისტების განსაკუთრებული ტრადიციაა. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყოველთვის ძლიერი საარტილერიო ქვედანაყოფი ჰყავდა. მინდა, I საარტილერიო ბრიგადის ყველა წევრს დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის სამსახურისთვის და დავპირდე, რომ მათთვის ყველა პირობა შეიქმნება, მათ შორის, ტექნიკური საშუალებებიც, რათა ეფექტურად გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის საზღვრების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა” - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ I საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი თავდგირიძეს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის გადასცა. პოლკოვნიკმა ძნელაძემ ბრიგადის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე - მაიორი თემურ ძიძარია და კაპიტანი გიორგი კელაპტრიშვილი უწყებრივი მედლებით „სამშობლოსათვის თავდადებულით“ დააჯილდოვა.

დღესვე, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ღია კარის დღე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, დაბა ვაზიანის I საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის ბრიგადაში გამოფენილი სხვადასხვა სახის საარტილერიო ტექნიკა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. არტილერისტებს დაბადების დღე ანსამბლმა „თსუ გორდელა“-მ კონცერტით მიულოცა.