ხსოვნის დღე

ხსოვნის დღე

დიდი ბრიტანეთი და თანამეგობრობის ქვეყნები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე საერთაშორისო მისიებში გარდაცვლილი და დაჭრილი მებრძოლები, დღეს თბილისში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს საელჩოში გაიხსენეს.

ხსოვნის დღეზე ISAF-ის მისიასა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან მიხეილ დარჩიაშვილთან და ზაზა ბროლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი გმირების, ასევე მსოფლიო ომებსა და საერთაშორისო მისიებში ყველა ქვეყნის დაღუპული სამხედროების ხსოვნას, დიპლომატებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ საქართველო-ბრიტანეთის დროშებთან მიაგო პატივი. ღონისძიებაზე ქართველმა სამხედრომ რიგითმა თემურ დადიანმა დაღუპული სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, “კოჰიმა ეპიტაფიადან“ ამონარიდი წაიკითხა.

ხსოვნის დღე დიდ ბრიტანეთში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აღინიშნება, რომლის სიმბოლოც წითელი ყაყაჩოა. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით ყაყაჩოები იყიდება და ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა ვეტერან საზოგადოებას, ექიმებს, თანამეგობრობის ჯარისკაცებს, გარდაცვლილთა და დაჭრილთა ოჯახებს ხმარდება.