ცნობილ ქართველ მსახიობ მამუკა კიკალეიშვილს ერთი სახალისო ისტორია უკავშირდება. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრი საგასტროლოდ კახეთში იმყოფებოდა. ამ „შემთხვევას“ ბატონი გოგი ოსეფაშვილი გაიხსენებს.
„მარჯანიშვილელებს ერთი კარგი მსახიობი ჰყავდათ, ვაჟა ფირცხალაიშვილი, რომელსაც ფოკუსები ჰქონდა პროგრამაში. ერთ-ერთი ფოკუსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბამბა უნდა ეჭამა და შემდეგ პირიდან ბოლი გამოეშვა და ცეცხლი ეფრქვია. მამუკა კიკალეიშვილს ბამბის ის ნაჭერი უნდა შეეტანა მისთვის სცენაზე, რომელშიც მუგუზალი იდო - სიგარეტის ანთებული თავი. ის ბამბაში ღვივდებოდა და მოდიოდა და მოდიოდა ბოლი.
კახეთში გვაქვს გამოსვლა. დაიწყო ფირცხალაიშვილმა ფოკუსი, უცებ მამუკა სიცილით მეუბნება:
- გოგი, ნახე ამას რა გავუკეთო.
კითხვაც ვეღარ მოვასწარი, რას აპირებდა. გავარდა სცენაზე და მარტო ბამბა არ მიაწოდა?! ამან არ იცის. ჩაიტენა ბამბა, ჰაერი ჩაისუნთქვა.
- ფუუ!
არაფერი ხდება! გადაირია კაცი, უფრო ღრმად ჩაისუნთქა.
- ფუუ!
არაფერი... კახელები გასუსულები მისჩერებიან. ფირცხალაიშვილმა იფიქრა, ეტყობა, მუგუზალი მიქრებაო და მიაყარა - ფუუ, ფუუ, ფუუ!
ერთმა კახელმა მის ტანჯვას ვეღარ გაუძლო და შესძახა:
- რას აკეთებ, ჯოუ, გასკდები.
მერე სხვა მაყურებელიც აჰყვა - ცოტა ნელა, რამე მარცხი არ მოგივიდეს!
მამუკა კიკალეიშვილი იცინის, ვეღარ ვაჩერებთ! სტვენით გამოაცილეს ვაჟა ფირცხალაიშვილი სცენიდან. ადამიანი ისეთ დღეშია, დანა პირს არ უხსნის.
- ეგ როგორ დაგემართა, კაცო, - პირველმა მამუკამ მიუსამძიმრა.
- ეტყობა, ნესტიანი ბამბა იყო, - ამოიოხრა.
- არადა, რამხელა მუგუზალი ჩავდე...
ფოკუსნიკი წამით ჩაფიქრდა და ბამბას ეცა შესამოწმებლად... მამუკამ, იმხელა წონის კაცმა, როგორ და სად მოახერხა ასე კარგად დამალვა, დღემდე არ ვიცი...“